პოლიტიკა
საქართველოს მოთხოვნები ჟენევაში

v-jeneveთბილისი, 13 დეკემბერი, საქინფორმი. ჟენევის მოლაპარაკებების მე-18 რაუნდზე ქართული მხარე რუსეთის მხრიდან ძალის გამოუყენებლობის შესახებ ვალდებულების აღების საკითხს დააყენებს. ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო კალანდაძემ განაცხადა.

„ჟენევის მოლაპარაკებების მე-18 რაუნდი დაიწყება 14 დეკემბერს. ქართული დელეგაცია საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის ხელმძღვანელობით უკვე გაემგზავრა ჟენევაში. ამჯერად დაგეგმილი არის 2 სამუშაო ჯგუფის შეხვედრა პარალელურ რეჟიმში. პირველი სამუშაო ჯგუფის ფარგლებში ქართული მხარის მიერ დაყენებული იქნება რუსეთის მხრიდან ძალის გამოუყენებლობის შესახებ ვალდებულების აღების საკითხი და ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შემუშავების საკითხი. პარალელურ რეჟიმში გაიმართება მეორე სამუშაო ჯგუფის შეხვედრა, რომლის ფარგლებშიც განხილული იქნება ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების დარღვევის საკითხი, ასევე, მათი უსაფრთხო გადაადგილების საკითხი, გატაცებულ და უკანონოდ დაკავებულ პირთა საკითხი და დევნილების უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნების საკითხი“, – აღნიშნა კალანდაძემ.

მისი თქმით, ეს საკითხები შემუშავებულ იქნა მაშინ, როდესაც ჟენევის მოლაპარაკების თანათავმჯდომარეები საქართველოს ეწვივნენ და დღის წესრიგი შეჯერდა.