რელიგია
კათოლიკოს–პატრიარქის ახალი ინიციატივა

iniciativaaaთბილისი, 12 დეკემბერი, საქინფორმი. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, უწმიდესი და უნეტარესი ილია მეორე სოფლებში მცირე საწარმოების შექმნისა და სოფლის მოსახლეობის დასაქმების ინიციატივით გამოვიდა. საკვირაო ქადაგებისას უწმიდესმა ბრძანა, რომ სოფელი თანდათან იცლება, რადგან იქ მიწისა და საქონლის გარდა არაფერია“. „ძალიან სამარცხვინო მოვლენაა, რომ უცხოეთში დადიან ქალბატონები და იქ უვლიან ბავშვებს, ალაგებენ, იატაკებს წმენდენ და ეს არის დამამცირებელი. წინათ მამაკაცს შეჰქონდა პური სახლში, ახლა პირიქით, ის ზის სახლში და ქალი როგორ არის, სად არის, ვისთან არის, ღმერთმა იცის. ვფიქრობ, ეს არ არის სწორი“, – ბრძანა პატრიარქმა.

მისი თქმით, სახელმწიფომ უნდა იფიქროს სოფელზე, რადგან ახალგაზრდობა მიდის სოფლიდან, სოფელი რჩება უკაცრიელი და ხშირ შემთხვევაში მათ უცხო ტომის ხალხი იკავებს. „წინათ არსებობდა ადამიანების ჩაწერის სისტემა და ეს იყო ერთ-ერთი მიზეზი, რომ სოფლებში ხალხი სტაბილურად ცხოვრობდა, თუმცა ჩაწერის სისტემის არარსებობის შემდეგ ხალხი, ძირითადად, ქალაქში და უცხოეთში გავიდა. თუმცა მხოლოდ ჩაწერის სისტემით ვერ დავაკავებთ ხალხს სოფელში. აუცილებელია, იყოს საქმე, საქმე უნდა გავაჩინოთ სოფელში, სოფლელ ხალხს უნდა შევუქმნათ პირობები“, – ბრძანა ილია მეორემ.

ამასთან, უწმიდესი გამოვიდა ინიციატივით, რომ სახელმწიფომ ან რომელიმე ჯგუფმა გამოყოს კრედიტი და სოფლებში აშენდეს მცირე საწარმოები, სადაც დასაქმდება ადგილობრივი მოსახლეობა. „დავუშვათ, 100-კომლიან ოჯახში თითო ოჯახს რომ გამოუყოთ 10 ათასი ლარი, 100 ოჯახზე გამოვა მილიონი, მაგრამ ეს ფული არ უნდა მივცეთ, რადგან გაჭირვებულია და უცბად დაეხარჯება. ამ ფულით ისევ სახელმწიფომ ან ვიღაც ჯგუფმა უნდა ააშენოს ისეთი წარმოება, სადაც დასაქმდება მთელი სოფელი. მაგალითად, ჩვენს სოფელში, ყაზბეგის რაიონის სოფელ სნოში შესანიშნავი წამოწყებაა მეთევზეობა. რამდენიმე წლის წინ ჰოლანდიაში ვიმყოფებოდი მაისის თვეში და მოვითხოვე ტიტების პლანტაციების ნახვა. მიდიოდა მანქანა, ჭრიდა ტიტებს და მე ვუთხარი, რომ ხომ არ შეიძლება სადმე უცხოეთში გაეყიდათ ტიტები, თუმცა, როგორც მათ მითხრეს, ვიდრე ჩვენ ამ ტიტებს საზღვარგარეთ გავიტანთ, მანამდე დაჭკნებაო. მიწაში რაც არის ბოლქვი, ის არის ძვირფასიო. მათ მითხრეს, რომ საქართველოდან იქ მრავალი მინისტრი ჩასულა და თქვენ პირველმა მოითხოვეთ პლანტაციების მონახულება, მათ არ აინტერესებთ პლანტაციებიო. ამას არც კოსმიური თანხა სჭირდება, ის არ იციან, პირველი ნაბიჯი როგორ უნდა გადადგან, რა უნდა გააკეთონ. მათ მითხრეს, რომ ჰოლანდია გამდიდრდა ყვავილებით. მეყვავილეობას მიხედეთო, თქვენ მეზობელი გყავთ დიდი (რუსეთს გულისხმობდა) და იქ ბაზარი გექნებათო“, – ბრძანა პატრიარქმა.