თბილისი, 12 დეკემბერი, საქინფორმი. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა საატესტატო, ერთიანი ეროვნული და მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდების პროგრამის დამტკიცების შესახებ სპეციალურ ბრძანებას მოაწერა ხელი. საგამოცდო პროგრამები წელს პირველად ერთიან ეროვნულ სასწავლო გეგმასთან სრულ შესაბამისობაშია მოყვანილი. მასწავლებელთა სასერტიფიკატიო გამოცდებზე საგამოცდო დრო გაიზრდება.
მთავარი პრიორიტეტი და სიახლე ახლად დამტკიცებულ საგამოცდო პროგრამაში ისაა, რომ დეტალიზებულია და ჩაშლილია საგამოცდო საკითხთა ჩამონათვალი, მითითებულია ამ საკითხთა ინდექსები და კავშირები ერთიან ეროვნულ სასწავლო გეგმასთან, ასევე, მოცემულია ის საგნობრივი უნარ-ჩვევები, რაც მოსწავლეს კონკრეტული საგნის სწავლების დროს მოეთხოვება.საგამოცდო პროგრამაში თითოეული საგნის მიხედვით წარმოდგენილია სამი გრაფა. პირველ გრაფაში ჩამოთვლილია საკითხები, მეორე გრაფაში დაზუსტებულია აღნიშნული საკითხები, ხოლო მესამე გრაფაში მოცემულია ინდექსები, რომელთა მიხედვითაც დაინტერესებულ პირს შეეძლება აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საჭირო ინფორმაციის მოძიება.
საგამოცდო პროგრამებზე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმების, მასწალებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ექსპერტები რამდენიმე თვის განმავლობაში მუშაობდნენ. მათ კომისიის მუშაობის პროცესში წელს პირველად შეაჯერეს პოზიციები და საგამოცდო პროგრამა ერთიან ეროვნულ სასწავლო გეგმაზე დაყრდნობით ერთობლივად შეიმუშვეს.
გამოცდების ეროვნული პროგრამა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ვებგვერდზე განთავსდება და მისი ნახვა ყველა დაინტერესებულ პირს შეეძლება.