სამართალი
თბილისი, 12 დეკემბერი, საქინფორმი. სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების წარმოების ხელშეწყობის მიზნით, სოფლის მეურნეობის სამინისტრო 30-ლარიანი ვაუჩერების გაცემას იწყებს. ამის შესახებ სოფლის მეურნეობის მინისტრმა ზაზა გოროზიამ განაცხადა.
მისი თქმით, ქვეყნის მასშტაბით 3 400 სოფელში 800 000-მდე ვაუჩერი გაიცემა, რომლის მოქმედების ვადა 2011 წლის 20 დეკემბრიდან 2012 წლის 31 იანვრამდე იქნება.ვაუჩერის გამოყენება შესაძლებელია მიწის სასოფლო-სამეურნეო სამუშაოებისათვის (მოხვნა ან სხვა სასოფლო-სამეურნეო სამუშაოებისთვის) ან სასუქის შესაძენად (სასუქის ვაუჩერით შეძენა შესაძლებელი იქნება სავაჭრო ობიექტებში, რომლებიც პროგრამისთვის დარეგისტრირებულია სოფლის მეურნეობის სამინისტროში).
ვაუჩერის გამოუყენებლობის შემთხვევაში, 2012 წლის 1 ივნისიდან 31 დეკემბრის ჩათვლით, ვაუჩერის განაღდება „ლიბერთი ბანკის“ ფილიალებში იქნება შესაძლებელი.
მექანიზატორებს და სასუქით მოვაჭრეებს ვაუჩერის განაღდება მიღებისთანავე შეეძლებათ.