აქტუალური
„Reuters“ „ქართული ოცნების“ პრეზენტაციას სტატიას უძღვნის

reuters3თბილისი, 12 დეკემბერი, საქინფორმი. სააგენტო „Reuters“ ვრცელ სტატიას უძღვნის გუშინ, 2011 წლის 11 დეკემბერს, ფილარმონიაში გამართულ „ქართული ოცნების“ პრეზენტაციას.  „ქართველი ბიზნესმაგნატი ოპოზიციურ მოძრაობას ქმნის“, – ასე ჰქვია სტატიას, რომლის ავტორიც წერს, რომ მილიარდერისა და ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ბიძინა ივანიშვილის, პირველ საჯარო შეკრებაზე დასასწრებად რამდენიმე ათასი ადამიანი შეიკრიბა.

„ივანიშვილმა, რომლის ქონებაც ჟურნალ „Forbes“-ის მიერ 5,5 მილიარდ დოლარად არის შეფასებული, თავისი პოლიტიკური ამბიციების შესახებ ოქტომბერში განაცხადა და 2003 წლის საქართველოს „ვარდების რევოლუციის“ პროდასავლელ ლიდერ, პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს გადადგომისკენ მოუწოდა“, – წერს „Reuters“.

სტატიის ავტორი ყურადღებას ივანიშვილის გამოსვლაზე ამახვილებს და მისი რამდენიმე გამონათქვამის ციტირება მოჰყავს.

„55 წლის ივანიშვილის თქმით, ქვეყნის ხელმძღვანელობამ თავი მთლიანად ამოწურა და საზოგადოებისა და სახელმწიფოს განვითარების მთავარ დაბრკოლებად იქცა. ამასთან, მან აღნიშნა, რომ „დროა, ყველამ გავიღვიძოთ და ქართული ოცნება ავიხდინოთ“, – ნათქვამია სტატიაში.

ამასთან, „Forbes“-ის შეფასებით, 43 წლის სააკაშვილი, რომელიც ხელისუფლებაში 2003 წლის ქუჩის დემონსტრაციების შედეგად მოვიდა, მისი მმართველობის წინააღმდეგ გამართულ სახალხო გამოსვლებს პრეზიდენტობის პირველი წლიდან უმკლავდება.

„ოპონენტები მას ამ კავკასიურ სახელმწიფოში (რომელიც კასპიის ზღვისა და დასავლეთის ნავთობკავშირების გზაჯვარედინზეა) თავისუფლებების შეზღუდვაში ადანაშაულებენ“, – წერს „Reuters“.

სტატიის ავტორს ანალიტიკოსთა მოსაზრებებიც მოჰყავს, რომლებიც ფიქრობენ, რომ ივანიშვილი მთავრობისთვის რეალურ საფრთხეს წარმოადგენს როგორც თავისი უზარმაზარი ფინანსური რესურსის, ისე იმის გამოც, რომ მისი რეპუტაცია წარსულის პოლიტიკური მაქინაციებისგან სუფთაა.