საზოგადოება
თბილისი, 12 დეკემბერი, საქინფორმი. როგორც ბიძინა ივანიშვილის პრესსამდივნო საქინფორმს აცნობებს, სასიქადულო მწერალი ჭაბუა ამირეჯიბი „ქართული ოცნების“ პრეზენტაციას წერილით გამოეხმაურა, რომლის ტექსტსაც აქვე გთავაზობთ:
„ქალბატონებო და ბატონებო!
დღეს ყოველი თქვენგანი მონაწილეა ქართველი ერის მომავალი გამარჯვებებისა. ჩვენი ერის იღბალმა ინება საქართველოში ბრწყინვალე მოღვაწის, ბატონ ბიძინა ივანიშვილის მოვლინება. ჩემი ღრმა რწმენით, სახელდობრ მისი წინამძღოლობით მოხდება საქართველოს ხსნა უბირი თანამედროვეობისაგან და იმ ვითარების ჩამოყალიბება, როგორიც ღმერთსა და ადამიანურ გონიერებას განუზრახავს.პატიებას გთხოვთ, რომ ოთხმოცდაათი წლის ავადმყოფი მოხუცი ვარ და ვერ ვინაწილებ ჩვენი ერის სიხარულს ჩვენი პირველი ოფიციალური თავყრილობის გამო.
დარწმუნებული ვარ, ჩვენი ერის ეს მოძრაობა გაიმარჯვებს და მსოფლიო დაინახავს, რისი შემძლეა ქართველი ერი ბატონ ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით.
ქართველებო, ხელიდან არ გაუშვათ ღმრთივ ბოძებული შესაძლებლობა, ნაოცნებარი მომავლისათვის ბრძოლაში ისტორიული ახალი გამარჯვებისა!
ჩვენთან არს ღმერთი!
ჭაბუა ამირეჯიბი – ბერი დავითი
თბილისი,
11.12.2011“