პოლიტიკა
ბიძინა ივანიშვილის „ქართული ოცნების“ პრეზენტაცია

ocneba11თბილისი,12 დეკემბერი, საქინფორმი. ბიზნესმენმა და პოლიტიკოსმა ბიძინა ივანიშვილმა გუშინ, 2011 წლის 11 დეკემბერს, ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში საზოგადოებრივი მოძრაობა „ქართული ოცნების“ პრეზენტაცია გამართა. ჯერ კიდევ 14:00 საათზე ფილარმონიის წინ უამრავმა ადამიანმა მოიყარა თავი. პრეზენტაციაზე დასწრების მსურველთა რიცხვი იმდენად დიდი იყო, რომ შენობაში შესვლა გაჭირდა, თუმცა 15:00 საათისთვის მიწვეული სტუმრები და მედიის წარმომადგენლები უკვე შინით ვიყავით. დარბაზში ხალხის ტევა არ იყო, რადგან ორგანიზატორებმა გადაწყვიტეს, სტუმრების გარდა შეეშვათ იმდენი მსურველი, რამდენსაც დარბაზი დაიტევდა. მათთვის კი, ვინ დარბაზში შესვლა ვერ შეძლო, ფილარმონიის ჰოლში სპეციალური მონიტორები დამონტაჟდა, მიმდებარე ტერიტორიაზე კი – სპეციალური მოსასმენი აპარატურა, რომელთა მეშვეობითაც მსურველებს ღონისძიებისთვის თვალყურის დევნება შეეძლოთ.

„ქართული ოცნების“ პრეზენტაციას არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები, ხელისუფლების ყოფილი მაღალჩინოსნები, საზოგადოებისთვის ცნობილი სხვა სახეები – მწერლები, პოეტები, მსახიობები და კულტურის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

მოძრაობის პრეზენტაცია ბიზნესმენის ვაჟის – ბერა ივანიშვილის, სიმღერით ოცნება ქართული დაიწყო. სცენაზე ბერა ივანიშვილი მოცეკვავეთა ჯგუფთან ერთად ავიდა, რომელთაც „ქართული ოცნების“ მაისურები ეცვათ.

ბერას სიმღერისა და წამყვანის გამოსვლის შემდეგ საზოგადოებას პოეტმა რატი ამაღლობელმა მიმართა, რომელმაც ადამიანზე, როგორც საზოგადოების მთავარ ღირებულებაზე, ისაუბრა და აღნიშნა, რომ „ეს ღირებულება საქართველოში უნდა დაბრუნდეს!“

„საქართველოში ყველაზე დიდი ძალა იყო და იქნება საზოგადოება და საზოგადოების გარშემო ტრიალებს ყველაფერი მნიშვნელოვანი ევროპულ სახელმწიფოებში... აქ ყოფნის მიზეზი ყველას დამოუკიდებელი და განსხვავებული აქვს, მაგრამ არის მთავარი, რაშიც ჩვენ შევთანხმდებით, რაზეც უნდა შეთანხმდეს ქართველი საზოგადოება. მე გეტყვით ჩემს პირად განცდას და ამგვარი განცდა ასახა შექსპირმა „ჰამლეტში“. სამშობლოში დაბრუნებული ჰამლეტი გრძნობს რაღაც ცუდს, არაჯანსაღს და არამართებულს. აქ შმორის სუნი იგრძნობა, ეს არის ყველაზე მძიმე და ამ რეალობას უნდა გავუსწოროთ თვალი. მთავარი ამოცანა არის საზოგადოებრივი აზრის კონსოლიდაცია. ჩემი ოცნებაა, განსხვავებულთა ერთობა დავინახო საქართველოში“, – განაცხადა ამაღლობელმა და დასძინა, რომ „დღეს ქართული ოცნების ახდენის იმედი გაჩნდა“.

ამაღლობელს მწერალი ნაირა გელაშვილი მოჰყვა, რომელმაც განაცხადა, რომ „საქართველოს ისტორიას, განსაკუთრებით, მის ბოლო მონაკვეთს ლაბირინთში ვქმნით და სინათლეში ვერ გაგვიღწევია, რის განცდაც ქართველი საზოგადოების უდიდეს ნაწილს აწუხებს“.

„მე ამ სცენაზე 20 წლის წინაც ვიდექი და ასევე ვლაპარაკობდი ქვეყნის გადარჩენაზე, გვინდოდა, შეგვექმნა და შევქმენით კიდეც დიდი სახალხო გაერთიანება. თითქოს მაშინ ქვეყნის გადარჩენის გულწრფელი სურვილი ყველას ამოძრავებდა, მაგრამ ფაქტია, რომ ვერანაირმა ასეთმა მოძრაობამ, რომელიც ადამიანური ენერგიისა და ენთუზიაზმის უზარმაზარ რესურსებს ხარჯავდა, ვერ შეძლო ისეთი არსებითი ზეგავლენის მოხდენა სინამდვილეზე, რომ საქართველოს თავზე უბედურებათა 20-წლიანი ჯაჭვი არ გაბმულიყო; ვერ შეძლო, რომ ჩვენ არ მოვსულიყავით იმ ადგილზე, სადაც ბავშვთა სიკვდილიანობით ერთ-ერთ პირველ ადგილზე ვდგავართ და მოზარდთა განათლების დონით – ერთ-ერთ უკანასკნელზე“, – განაცხადა გელაშვილმა, რომელიც მიიჩნევს, რომ „ამ ვითარების მიზეზების გაანალიზების გარეშე ყოველ ახალ მოძრაობას გამარჯვების ნაკლები საწინდარი ექნება“.

გელაშვილის შემდეგ შეკრებილ საზოგადოებას უფლებადამცველმა მანანა კობახიძემიმართა და აღნიშნა, რომ „ქვეყანაში არსებული უსამართლობიდან გამოსვლის იმედი აქვს და დარწმუნებულია, „ქართული ოცნების“ ასრულებაში საკუთარი წვლილის შეტანას შეძლებს“.

„არაფერია იმაზე საშინელება, როდესაც ადამიანი შედის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, ხვდება პატიმრის აცრემლებულ თვალებს, რადგან ვერც მას და ვერც მის ადვოკატს ვერ გაურკვევია, რატომ იხდის სასჯელს ჩაუდენელი დანაშაულისთვის. ქვეყანაში ადამიანის უფლებების დაცვის მხრივ არსებული ვითარება საგანგაშოა. არასრული მონაცემებით, საქართველოში 87 პოლიტპატიმარია, 117 ადამიანია გარდაცვლილი სასჯელაღსრულების სისტემაში. სახალხო დამცველის ანგარიშში გაჩნდა ტერმინი „სიკვდილის ექსპორტი“. სასამართლოს განჩინებებში გამამართლებელი მხოლოდ 3,7%-ია, ოფიციალური მონაცემებით, 25 ათასია პატიმართა რაოდენობა, თუმცა რეალურად უფრო მეტია. საგანგაშოდ იზრდება პრობაციონერთა რიცხვი. რა გვჭირს ამისთანა, რატომ ვიქეცით კრიმინალებად 2003 წლის მერე? ამ რეალობიდან გამოსვლა შეგვიძლია ერთად. დღეს აქ მოვედი, რადგან ვიცი, რომ სამოქალაქო საზოგადოებას უფრო მეტი შეუძლია, ვიდრე პოლიტიკოსს და მსურს, „ქართული ოცნება“ მალე რეალობად ვიხილო“, – განაცხადა კობახიძემ.

„საქართველოში ახალი ერას დაწყებაზე“ ისაუბრა ფეხბურთელმა კახი კალაძემ და მას ქართული ოცნების ახდენის ერა უწოდა.

„ქვეყანა მხოლოდ პოლიტიკოსებს არ ეკუთვნის, ის ეკუთვნის ყველას და ყველას სატკივარია. ხელისუფლებას ჰგონია, რომ ამ ქვეყნის მოქალაქეებს მხოლოდ მოვალეობა გვაქვს იმისა, რომ ვიხადოთ ჯარიმები და გადასახადები. სინამდვილეში კი მოვალეობების გარდა უფლებებიც გაგვაჩნია. გვაქვს უფლება მუშაობის, ცოდნის მიღების, გვაქვს უფლება, გვჯეროდეს დამოუკიდებელი სასამართლოს უზენაესობისა. ამ დროს კი ქვეყანაში შექმნილია მძიმე სოციალური ფონი, დაკარგულია ტერიტორიები, მილიონობით ჩვენი თანამემამულე უცხო ქვეყანაშია გადახვეწილი, ხოლო აქ დარჩენილებს უმუშევრობა ემუქრებათ. ქვეყანაში ჩამოყალიბებულია ადამიანთა გარკვეული კასტა, რომლებიც დაუსჯელობის სინდრომის გამო ხელშეუხებლობით სარგებლობენ... სულ რაღაც ერთ წელიწადში ჩვენი ქვეყანა კიდევ ერთი არჩევანის წინაშე დადგება. არჩევანი მწირია – ან ქვეყანა გააგრძელებს რეგრესს, ან მოსახლეობა აიხდენს ქართულ ოცნებას. მივესალმები „ქართულ ოცნებას“, მხარს ვუჭერ და გვერდით ვუდგავარ მის ლიდერ ბიძინა ივანიშვილს, ჭეშმარიტ ერისკაცს, რომელმაც სიტყვა საქმედ აქცია. ის პოლიტიკაში შემოვიდა სამშობლოს სიყვარულით. თავისი განვლილი ცხოვრებით ახალგაზრდებს გვიჩვენა გზა, როგორი უნდა იყოს პატრიოტი და ქვეყანაზე შეყვარებული ადამიანი. ადამიანს შეიძლება უკანონოდ ჩამოართვა ქართული პასპორტი, მაგრამ ხალხისა და სამშობლოს სიყვარულს ვერ ჩამოართმევ“, – განაცხადა კახი კალაძემ, რის შემდეგაც ყველასთვის მოულოდნელად საქართველოს ეროვნული ნაკრების დატოვების გადაწყვეტილება გაახმიანა.

ფეხბურთელის გამოსვლას დარბაზში ოვაციები მოჰყვა. შემდეგ წამყვანმა სიტყვა მწერალ გურამ ოდიშარიას დაუთმო. „ვერ დავიბრუნებთ ტერიტორიებს, თუ იქ მცხოვრებ ადამიანებს არ დავიბრუნებთ. რაც არ უნდა კარგი კონცეფციები დაიწეროს და კარგი დოკუმენტები იქნეს ხელმოწერილი, არც ერთი არ იმუშავებს, თუ ჩვენ შორის ურთიერთობის ნორმა ისევ სიძულვილი იქნება... ფეხბედნიერი ყოფილიყოს დღევანდელი დღე როგორც ერთმანეთის მეგობრებად გარდაქმნის დასაწყისი, როგორც ეროვნული ენერგიის დაქსაქსვის დასრულების დასაწყისი“, – განაცხადა ოდიშარიამ.

მწერლის შემდეგ საზოგადოებას თავად ბიძინა ივანიშვილმა მიმართა, რომლის გამოსვლის ტექსტსაც უცვლელად გთავაზობთ:

„პირველ რიგში, მინდა, მოგესალმოთ ყველას, ვინც მოახერხეთ და დღეს ჩვენთან ერთად ხართ ამ დარბაზში ან დარბაზის გარეთ შეიკრიბეთ. თქვენთან ერთად მივესალმები მათ, ვინც ტელეეკრანებთან და რადიომიმღებებთან ადევნებს თვალყურს ჩვენს შეკრებას.

მივესალმები მათ, ვინც ვერ გვიყურებს და ვერ გვისმენს, მაგრამ ჩვენსავით ფიქრობს. მივესალმები მათაც, ვინც ჩვენსავით არ ფიქრობს, მაგრამ ასევე უყვარს საქართველო და ოცნებობს მის საუკეთესო მომავალზე.

ჩვენგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო, ვერ მოხერხდა უფრო ფართო შეკრების მოწყობა, თუმცა წინ კიდევ ბევრი დიდი თუ პატარა შეკრება გველის და საბოლოოდ მთელ ქვეყანას ერთ მუშტად შევკრავთ თავისუფალი არჩევნების მოსაპოვებლად.

საზოგადოებრივი მოძრაობა „ქართული ოცნება“ იქმნება როგორც საზოგადოების გამაერთიანებელი ძალა, რათა განხორციელდეს საზოგადოების კონტროლი და გავლენა სახელმწიფოს პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური განვითარების  პროცესებზე.

ძლიერმა მაღალი პასუხისმგებლობის მქონე საზოგადოებამ უნდა განსაზღვროს ქვეყნის ბედი და მომავალი. ხალხი უნდა მონაწილეობდეს ქვეყნის მართვაში და აკონტროლებდეს არჩეულ ხელისუფლებას.

მოძრაობა შექმნის რეგიონულ სტრუქტურებს, რომელთა მთავარი ამოცანა იქნება სამართლიანი საარჩევნო გარემოს დამკვიდრებისათვის საზოგადოებისა და პოლიტიკური ძალების კონსოლიდაცია, რათა დემოკრატიული არჩევნების გზით ქვეყნის სათავეში მოვიდნენ ის პოლიტიკური ძალები, რომლებსაც ხალხი დაუჭერს მხარს.

საზოგადოებრივი მოძრაობა მოიზიდავს გამოცდილ პროფესიონალებს ისეთ საკითხებზე სამსჯელოდ, როგორიცაა: მართლმსაჯულება და ადამიანის უფლებები, ეკონომიკური პოლიტიკა, სოფლის მეურნეობა, ეკოლოგია, ჯანდაცვა, სოციალური უზრუნველყოფა, განათლება, მეცნიერება, კულტურა, საგარეო პოლიტიკა, კონფლიქტების მოგვარება, რეგიონული პოლიტიკა, ადგილობრივი თვითმმართველობა, ეროვნული უმცირესობები, უსაფრთხოება, ახალგაზრდობა და სპორტი.

შესაბამისი თემატური ჯგუფები შეისწავლიან ცალკეულ დარგებში არსებულ ვითარებას და შეიმუშავებენ განვითარების ეფექტიან მოდელებს. ჯგუფებში გაიმართება კონსულტაციები კონკრეტული სფეროების ექსპერტებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და დიპლომატიური მისიების წარმომადგენლებთან.

ჩვენი მიზანია სახელმწიფოს აღმშენებლობა იმ დემოკრატიულ სტანდარტებსა და პრინციპებზე დაყრდნობით, რომელსაც ვერ უზრუნველყოფს არსებული ხელისუფლება.

2003 წლის „ვარდების რევოლუციამ“, მიუხედავად თავდაპირველი წარმატებებისა, ვერ გაამართლა საზოგადოების უდიდესი ნაწილის მოლოდინი.

სამოქალაქო საზოგადოება უხეშადაა ჩამოშორებული სახელმწიფოს მართვას. მოშლილია ადგილობრივი თვითმმართველობა. არჩევითი ორგანოები მმართველ ელიტას ემსახურებიან.

აბუჩადაა აგდებული ქვეყნის კონსტიტუცია. მისი გადაკეთებისა და ერთ ადამიანზე მორგების დამკვიდრებული პრაქტიკა ყოველგვარ სამართლებრივ და მორალურ ნორმებს სცილდება.

ნორმად იქცა საბიუჯეტო სახსრების ხარჯვის გაუმჭვირვალობა და არამიზნობრივი გამოყენება. გამეფებულია ელიტარული კორუფცია.

ადამიანის უფლებები პრაქტიკულად ყველა სფეროში ირღვევა. ციხეებში პოლიტიკური, უკანონო თუ მცირე დანაშაულის მქონე ათასობით პატიმარია გამომწყვდეული დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის პირობებში. ზეწოლა ხორციელდება მათ ოჯახებზე, განსაკუთრებით, მაშინ, როდესაც ხელისუფლება არჩევნებისათვის ემზადება ან შექმნილი ვითარებით უფლებადამცველები ინტერესდებიან.

მასმედიის დიდი ნაწილი ხელისუფლების მორჩილებასა და საზოგადოების დეზინფორმაციაზეა ორიენტირებული. სამოქალაქო საზოგადოებას უკიდურესად შეზღუდული აქვს შესაძლებლობა, მიიღოს ობიექტური ინფორმაცია.

ქვეყანაში დამკვიდრდა ე.წ. ნომენკლატურული კაპიტალიზმი, რაც გულისხმობს ბიზნესის ლოიალობას და, ხშირ შემთხვევაში, სრულ ინტეგრაციას ხელისუფლებასთან. ეს გარემოება თავისთავად გამორიცხავს თავისუფალი კონკურენტული ბაზრის ჩამოყალიბებას და, შესაბამისად, სწრაფ ეკონომიკურ განვითარებას.

შედეგად მივიღეთ მონოპოლიებითა და კარტელური შეთანხმებებით მართული ეკონომიკა. ქვეყანაში არ არსებობს საშუალო ფენის, როგორც მდგარდი ეკონომიკური და პოლიტიკური სისტემის მთავარი გარანტის, ჩამოყალიბების წინაპირობა.

შორს ვარ იმ აზრისაგან, რომ არსებული ვითარება მოსწონთ იმ ბიზნესმენებს ან ჟურნალისტებს, რომლებიც ამ მანკიერი თამაშის წესებს ემორჩილებიან. დარწმუნებული ვარ, რომ სულ მალე ისინიც ჩვენ გვერდით იქნებიან საქართველოს უკეთესი მომავლის მშენებლობაში.

უმუშევრობა ინტენსიურად მატულობს. დამახინჯებული ოფიციალური მონაცემების მიხედვითაც კი, ტენდენცია მკვეთრად უარყოფითია. უკიდურესად დამძიმდა ვითარება სოფლად. სოფელი ღატაკდება და იცლება.

დემოგრაფიული მაჩვენებლების ვარდნა ჩვენი შვილების თაობას ნაციონალურ კატასტროფას უქადის. ასობით ათასი ჩვენი მოქალაქე, ქართველი თუ არაქართველი, გადახვეწილია ქვეყნიდან და, ხშირ შემთხვევაში, მონური შრომით ახერხებს ფიზიკურ გადარჩენას.

ცალკეული სოციალური პროგრამების მიუხედავად, არცერთი წარმატებული რეფორმა არ განხორციელებულა ჯანდაცვის სფეროში.

მოშლილია განათლების სფერო, ხოლო მეტ-ნაკლებად წარმატებულ სასწავლებლებში დაწესებული გადასახადები მრავალი ოჯახისათვის ხელმიუწვდომელია. უყურადღებოდაა მიტოვებული ქართული კულტურა, ანუ ის, რითაც ჩვენ ყოველთვის ვამაყობდით.

საქართველოს უმძიმესი დარტყმა მიაყენა 2008 წლის აგვისტოს ომმა. უბედურება ეწვია მრავალ ქართულ, აფხაზურ და ოსურ ოჯახს, კონფლიქტებით გავლებული საზღვრების სხვადასხვა მხარეს დარჩნენ ოჯახის წევრები და ახლობლები. საქართველოს ტერიტორიების დიდი ნაწილი ოკუპირებულია. სავალალო პირობებში ცხოვრობს ათასობით დევნილი.

საერთაშორისო ორგანიზაციების მასალების ანალიზი მოწმობს, რომ შესაძლებელი იყო კონფლიქტის ესკალაციის არიდება. უფრო მეტიც, შესაძლებელი იყო სამშვიდობო პროცესების წარმატებით განვითარება, რომ არა ხელისუფლების მიერ დაშვებული მძიმე შეცდომები.

ხელისუფლებას არ გააჩნია კონფლიქტების მოგვარების პოლიტიკური რესურსები. არ არსებობს არც გეგმაზომიერი სტრატეგია, ხედვა მაინც, რომლის განვითარების ხელშესაწყობად მზად იქნებოდა საერთაშორისო თანამეგობრობა.

ხელისუფლების „სტრატეგიის“ ერთადერთ მიმართულებად რჩება აპრობირებული „რუსული საფრთხის პრევენციის“ პრინციპი. ხელისუფლება ამ მოტივით ამართლებს სხვადასხვა ბრალდებით პოლიტიკურად აქტიური პირების დაჭერას, შპიონაჟის და ტერორიზმის ისტერიას, მოქალაქეთა უფლებების შეზღუდვებს.

რუსეთის აგრესიასთან „პერმანენტული ბრძოლის“  მიზეზითვე ამართლებენ  2011 წლის 26 მაისს საპროტესტო აქციის განსაკუთრებული სისასტიკით დარბევას.

სახელისუფლებო პოლიტიკის ერთ-ერთ მთავარ შემადგენელ ნაწილად იქცა მართლმადიდებელი ეკლესიის დისკრედიტაციის და შიდა დაპირისპირების გაღვივების მცდელობა. რომ არა პატრიარქის სიბრძნე, გარდაუვალი იქნებოდა კონფრონტაცია კონფესიებსა და ეროვნებებს შორის, რომელთა მშვიდობიანი თანაცხოვრებით ამაყობს ჩვენი ქვეყანა.

როგორც წესი, ხელისუფლებას მხოლოდ წინასაარჩევნო კამპანიის დროს ახსენდება ჩვენი თანამემამულე ეთნიკური უმცირესობები. თვალშისაცემია საზოგადოებაში მათი ინტეგრაციის მინიმალური ხარისხი. უკიდურესად დაბალია მმართველ რგოლებში მათი წარმომადგენლობის დონე.

თვითნებურად ყალიბდება საარჩევნო კანონმდებლობა. საგანგებო სახელისუფლებო ჯგუფი მუშაობს გაყალბების უკვე გამოყენებული პრაქტიკისა და მეთოდების დასახვეწად.

ძალაუფლების შენარჩუნებისათვის ხელისუფლებამ მიზნად დაისახა ჩვენი სრული გაუცხოება სამშობლოსაგან. მისი იდეოლოგია არის აპათია, მისი გეგმაა – გათიშე და იბატონე, მისი ლოზუნგია – ვინც ჩემთან არაა, ჩემი მტერია.

განსაკუთრებით მინდა, შევეხო ახალგაზრდა სახელმწიფოსათვის აუცილებელი რეფორმებისა და, ზოგადად, ცვლილებების თავსებადობას  საზოგადოების მოთხოვნებთან. ჩემი ღრმა რწმენით, არაადეკვატური მართვის სტრატეგიის გამო, დღეს რეფორმის ცნება აშკარად დამახინჯებულია.

რეფორმებად წოდებულმა გაუაზრებელმა მოქმედებებმა საზოგადოებრივი ცხოვრებიდან გარიყა ინტელექტუალური და შრომითი რესურსების დიდი ნაწილი.

რეფორმებმა, რომლებზეც ხელისუფლება გამუდმებით საუბრობს, დიდი ხანია, ხალხზე ჩატარებული ცინიკური ექსპერიმენტის ხასიათი მიიღო. რეფორმებით მართლდება უმუშევრობა, სოციალური სიდუხჭირე, ჩამორჩენა განათლებისა და ჯანდაცვის სფეროებში, ეკონომიკასა და სოფლის მეურნეობაში, სავალალო მდგომარეობა სასამართლო ხელისუფლების სისტემაში.

ხელისუფლების წარმომადგენლები თვლიან, რომ მათი ფსევდორეფორმებით აღშფოთების მიზეზი ქართველი საზოგადოების მენტალიტეტია, თითქოს ქართული კულტურა ძნელად თავსებადია ლიბერალური დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის პრინციპებთან. მათ მიაჩნიათ, რომ საზოგადოება ბნელია და ეწინააღმდეგება მისთვისვე სასიკეთო ცვლილებებს.

სინამდვილეში საქმე სწორედ რომ პირიქით არის. მრავალსაუკუნოვანი ქართული კულტურის უნიკალობა იმითაც გამოიხატება, რომ ქართველი ხალხი შეუცდომლად გრძნობს და მხარს უჭერს ხოლმე ისეთ ნოვაციასა და ცვლილებებს, რაც ქვეყნისა და საზოგადოების ინტერესებშია.

ჩვენს საზოგადოებაში ყოველთვის არსებობდა და დღესაც არსებობს წესრიგის, კანონიერების, სამართლიანობის მოთხოვნა. ვიმეორებ, ხალხი მზადაა, მიიღოს და მხარი დაუჭიროს ისეთ რეფორმებს, რომლებიც რეალურად პასუხობს მათ ინტერესებს.

ამის ნათელი ნიმუშია ის ორი პრეცედენტი, რომლებიც ამ გაუზრებელი, არსებითად თვითმიზნური რეფორმების პროცესში გამოვლინდა. ერთიანი ეროვნული გამოცდების შემოღებამ კორუფციის სამარცხვინო ლაქა ჩამორეცხა საქართველოს განათლების სისტემას. საზოგადოება ერთსულოვანი მოწონებით შეხვდა ხელისუფლების ამ ნოვაციას, მაგრამ ამ კონკრეტული რეფორმის იქით განათლების სისტემაში უმძიმესი შეცდომებია დაშვებული.

წარმატებული იყო სამართალდამცავი სისტემის რეფორმაც, რომლის შედეგად მივიღეთ არაკორუმპირებული, კრიმინალთან ეფექტიანად მებრძოლი პოლიცია. ამ რეფორმას საქართველოში არ მოჰყოლია რაიმე რყევა, იგი მიმდინარეობდა სწორედ რომ ქართველი საზოგადოების გამოკვეთილი მხარდაჭერის ფონზე.

დღეს საქართველოს პოლიციაში ათობით ათასი ჩვენი თანამემამულე მუშაობს პროფესიული ღირსების შეგნებით. მით უფრო სამწუხაროა, რომ ასეთ თვალსაჩინო წარმატებას თან მოჰყვა განუკითხავი სადამსჯელო ოპერაციები, გაუმართლებელი ადამიანური მსხვერპლი და, რაც მთავარია, სამართალდაცვის სტრუქტურების დაუფარავი პოლიტიზაცია, როდესაც მათ ხელისუფლება საზოგადოების დათრგუნვისა და დაშინების იარაღად იყენებს. ეს ანგრევს მიღწეულ წარმატებას.

ჩვენ ისეთი სახელმწიფო გვჭირდება, სადაც სახელმწიფო ბიუროკრატია ემსახურება ხალხს და არა მმართველ პოლიტიკურ ელიტას.

საზოგადოების მოთხოვნაა სამართლიანობა და არა რეპრესია, რასაც ყოველ ნაბიჯზე ვხვდებით, დაწყებული საშუალო სკოლებიდან, დამთავრებული სასამართლო ხელისუფლებით.

ხელისუფლებისათვის ჩვენ ყველა – სხვაგვარად მოაზროვნეები, ქვეყნის მტრები და მოღალატეები ვხდებით მაშინაც კი, როდესაც უშუალოდ ნაციონალურ მოძრაობას ან მის ლიდერს კი არ ვუპირისპირდებით, არამედ ვითხოვთ სამართლიან სასამართლოს, გამჭვირვალე საარჩევნო სიებს, თავისუფალ მედიას, ანუ უბრალოდ ვიცავთ ჩვენს კონსტიტუციურ უფლებებს. უფლებებს, რომლებმაც ჩვენ და ჩვენი სამშობლო ცივილიზებული სამყაროს ნაწილად უნდა აქციოს.

დღეს ჩვენ ისეთი სახელმწიფოს მოქალაქეები ვართ, რომლის მმართველიც, მის მიერ ჩადენილ შეცდომათა გამო, მიუღებელია საერთაშორისო და საშინაო ასპარეზზე. ხელისუფლებამ სრულად ამოწურა ყველა საშინაო და საგარეო კაპიტალი და იქცა მთავარ ხელშემშლელ ძალად ჩვენი საზოგადოებისა და სახელმწიფოს განვითარების გზაზე.

დადგა დრო, თვალი გავუსწოროთ სიმართლეს და ჩვენს თავს დავუსვათ შეკითხვა: ხომ არ შეეგუა საქართველოს საზოგადოება არსებულ რეალობას – იმას, რომ გვისმენენ და გვითვალთვალებენ, უტიფრად გვატყუებენ, ღირსებას გვილახავენ; ხომ არ შევეგუეთ იმას, რომ „უპურო სანახაობის“ ქვეყანაში ვცხოვრობთ.

დადგა დრო, დავუბრუნოთ საქართველოს წარსული და ავაშენოთ ღირსეული მომავალი, ვიყოთ პირნათელი წინაპრებისა და მომავალი თაობის წინაშე.

მიგვაჩნია, რომ:

სახელმწიფოს მართვის სისტემა უნდა დავაფუძნოთ ადამიანის საყოველთაოდ აღიარებული უფლებების განუხრელ დაცვაზე;

უნდა აღვადგინოთ ბალანსი აღმასრულებელ, საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლებას შორის, რაც გამორიცხავს ძალაუფლების თავმოყრას ერთი პოლიტიკური ძალის ხელში და ავტორიტარულ მმართველობას;

ნებისმიერი საკონსტიტუციო ცვლილება ან განსაკუთრებული სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის კანონი უნდა მივიღოთ მხოლოდ საზოგადოებასთან კონსულტაციების საფუძველზე;

მთავრობის საქმიანობა უნდა იყოს მაქსიმალურად გამჭვირვალე და მისი დამქირავებლის – საქართველოს ხალხის ინტერესების გამომხატველი როგორც საბიუჯეტო ხარჯების, ისე ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვისას;

მედია უნდა გავათავისუფლოთ სახელმწიფო კონტროლისაგან, იგი უნდა იქცეს ხელისუფლების კონტროლის მექანიზმად, რაც საზოგადოებას საშუალებას მისცემს, მრავალმხრივი, მიუკერძოებელი ინფორმაციის საფუძველზე გააკეთოს არჩევანი;

სასამართლო უნდა დავიცვათ ნებისმიერი გარე გავლენისგან, ხოლო მართლმსაჯულების აღსრულება უნდა დავაფუძნოთ ერთადერთ პრინციპზე – კანონის უზენაესობაზე.

გვწამს, რომ ამ პრინციპებისადმი საზოგადოების თითოეული წევრის ერთგულება „ქართული ოცნების“ ასრულებამდე მიგვიყვანს.

დღეიდან ჩვენი მიზანია:

ისეთი სახელმწიფოს აშენება, სადაც თითოეული მოქალაქისა და მთელი ქვეყნის კეთილდღეობის წარმატების საწინდარი იქნება პატიოსნება, ღირსება და პროფესიონალიზმი;

ჩვენი აფხაზი და ოსი თანამოქალაქეების ნდობის მოპოვება და ქვეყნის გამთლიანება;

ჩვენი მოქალაქეების დასაქმება და ღირსეული შემოსავლის უზრუნველყოფა;

დასავლური დემოკრატიის ღირებულებათა დანერგვა და ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაცია;

სამართლიანობის დამკვიდრება და ჩვენს თანამემამულეებში იმედისა და რწმენის გაძლიერება;

ჩვენი მიზანია საქართველოს გამარჯვება და არა ვინმეს დამარცხება.

ჩვენ არ ვაპირებთ ახალი ისტორიის დაწერას 2012 წლიდან. ჩვენი ვალია, აღვადგინოთ კავშირი წარსულსა და მომავალს შორის და ამ ჯაჭვში შევინარჩუნოთ საქმენიც და ადამიანებიც, რომლებიც ამ წლებში ახერხებდნენ და ემსახურებოდნენ არა ხელისუფლებას, არამედ ქართულ სახელმწიფოს. ჩვენ ერთად უნდა ვაშენოთ მომავლის საქართველო.

ჩვენი მიზნების აღსრულება არ არის უბრალოდ ჩვენი არჩევანი, ეს ჩვენი უზენაესი მოვალეობაა.

ერთად ავაშენოთ თავისუფალი, ღირსეული მოქალაქეებით დასახლებული, ყველასათვის საოცნებო საქართველო!“

„ქართული ოცნების“ გამგეობის თავმჯდომარის სიტყვის დასრულების შემდეგ სცენა კვლავ მისმა ვაჟმა ბერა ივანიშვილმა და ანსამბლმა „ქართულმა ხმებმა“ დაიკავეს, რომელთაც საქართველოს ჰიმნი შეასრულეს. ღონისძიება კი ბერა ივანიშვილის ახალი კლიპით დასრულდა.

 

ლევან სულაშვილი,

საქინფორმი