რედაქტორისგან
არნო ხიდირბეგიშვილი: „One Way Ticket“

arnoooo11სენსაციური განცხადებები გააკეთა საქინფორმის მთავარმა რედაქტორმა არნო ხიდირბეგიშვილმა გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში!

ბატონო არნო, სუსხიანი ზამთრის მიუხედავად, მსოფლიოში მოვლენები ყოველდღიურად ხურდება. ეს ყველაფერი სპონტანურად ხდება თუ რაიმე ურთიერთკავშირი? აი, რა აინტერესებს მკითხველს, რომელიც სულ დაიბნა პოლიტიკოსთა და ექსპერტთა ჩახლართულ, ხშირად კი ურთიერთსაპირისპირო შეფასებებში.

– მე სიმართლეს გეტყვით და ის, როგორც ყოველთვის, ძალზე მარტივი, ბევრისათვის კი – საშიში იქნება. სამაგიეროდ, უბრალო ადამიანები – საქართველოს ყველაზე პოპულარული გაზეთის მრავალრიცხოვანი მკითხველები – ჩემგან უნივერსალურ კოდს მიიღებენ, რომლის დახმარებითაც ამიერიდან თვითონ შეძლებენ ნებისმიერი მოვლენის ახსნას, ფარისეველი პოლიტიკოსებისა და სინდისგაყიდული ექსპერტების გარეშე.

თეა, გარშემო მიმოიხედეთ – თქვენ დაინახავთ, რომ თავისუფლებაზე, სიკეთესა და სიყვარულზე ყველაზე მეტ სიტყვებს სწორედ ისინი წარმოთქვამენ, ვისაც სრულიად სხვა მიზნები აქვს. დიახ, ისინი ლამაზად გვიმღერიან სხვის სიმღერებს, ლექსებს გვიკითხავენ და მეგობრობას გვეფიცებიან, მაგრამ გაივლის ხანი და ვიგებთ, რომ მათ არასოდეს ვყვარებივართ და... გვღალატობდნენ! იმიტომ, რომ ამ გარეგნულად კეთილი ურჩხულებისთვის, რომლებიც დადებით იმიჯს იქმნიან, უცხოა გულწრფელობა და ელემენტარული წესიერება, რომ აღარაფერი ვთქვათ სიყვარულზე, რომლის გულისთვისაც იესო ჯვარს ეცვა: მათი მთავარი მიზანი ჩვენი მოტყუებაა, რათა მერე დაგვამცირონ და მონებივით დაგვიმორჩილონ.

მაშ ასე: პოლიტიკა ეს არის ჩვეულებრივი ადამიანური ცხოვრება, რომელშიც ადამიანების მაგივრად სახელმწიფოები ფიგურირებენ სწორედ ესაა ჩემ მიერ დაპირებული უნივერსალური კოდი. 

შეგიძლიათ ამ კოდის დახმარებით მსოფლიოში დღეს არსებული სიტუაცია გააანალიზოთ? 

– ეს ნებისმიერს შეუძლია. რომელი სახელმწიფო ლაპარაკობს ყველაზე მეტს თავისუფლებაზე, თანასწორუფლებიანობასა და დემოკრატიაზე? – აშშ, სადაც არცთუ დიდი ხნის წინათ შეწყვიტეს კანის ფერის გამო ადამიანების ხოცვა და მათ აფროამერიკელები დაარქვეს...

რომელი სახელმწიფოს ხელმძღვანელები წარმოთქვამენ ყველაზე ხშირად სიტყვებს – „მეგობრობა“, „მშვიდობა“, „მოგვარება“, და, ამავე დროს, გამუდმებით აწარმოებენ ომებს მთელ მსოფლიოში, თავიანთი საზღვრებიდან ათასობით კილომეტრზე? – აშშ და, მისი მეთაურობით, ბლოკ-ბანდა ნატო: ვიეტნამი, იუგოსლავია, ერაყი, ავღანეთი, ლიბია – გრძელი სია გამუდმებით ივსება...

ვინ დეკლარირებს მუდმივად მოლაპარაკებისათვის მზადყოფნას, ხელს აწერს ხელშეკრულებებს, მერე კი არღვევს მათ? – აშშ, რომელიც ჯერ კიდევ გუშინ რეკლამას უწევდა რუსეთთან „გადატვირთვის“ პოლიტიკას, ხელი მოაწერა სტრატეგიული თავდასხმითი შეიარაღების შემცირების შესახებ ახალ ხელშეკრულებას და ევროპაში რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემის განლაგებაზე უარი თქვა, დღეს კი თავისი პარტნიორი მოატყუა...

აშშ-ის მთავარი მიზანია დემოკრატიაზე ლამაზი ზღაპრებით მთელი მსოფლიო მოატყუოს და დაიმორჩილოს! ადრე ამას სტალინი, სსრკ და ვარშავის ხელშეკრულება უშლიდნენ ხელს, დღეს კი პუტინი, რუსეთი და ევრაზიული კავშირი უშლიან.  

იცის რა, რომ რუსებთან ომს ვერ მოიგებს, მაქსიმუმია, რის უნარიც აშშ-ს შესწევს – „ბოლოინაიას“ მოედანზე საპროტესტო აქციების მოწყობა, რომლებიც ზუსტად ისევე მონათლეს, როგორც საქართველოში – „ХВАТИТ“ (ქართულად – „კმარა“). მაგრამ აქციები – „ბოლოინაიაზე“ „დაჭაობდება“ და თუმცა საეჭვოა, „ფერად რევოლუციაში“ გადაიზარდოს, სამაგიეროდ, რუსეთის ხელისუფლებას სერიოზულად გააბრაზებს! ამიტომ ქართულ ტელევიზიას, პრეზიდენტსა და ხელისუფლებას ვურჩევდი – დღეს მაინც უფრო წინდახედულად მოიქცნენ და გაბრაზებული კრემლის ფაქტორზე იფიქრონ...

რუსეთის გარდა მსოფლიო ბატონობის გზაზე აშშ-ს ევროპა ეღობება თავისი კულტურულ-ისტორიული ამბიციებით, და კიდევ ჩინეთი.

ევროპა აშშ-მ გააკოტრა, როდესაც ჯერ ვარშავის ხელშეკრულება მოსპო და ევროკავშირი აიძულა, მისი მუქთახორა ექს-წევრები თავის შემადგენლობაში მიეღო, და შემდეგ, როცა ევროკავშირი აიძულა, ბლოკ-ბანდა ნატოს შემადგენლობაში მიეღო მონაწილეობა ყველა მის სამხედრო ავანტიურაში.

აშშ-მ მოაწყო „რევოლუციების“ სერია ახლო აღმოსავლეთსა და ჩრდილოეთ აფრიკაში, რათა იქაური ლიდერები ახალი „ამერიკის კაცებით“ ჩაენაცვლებინა და ისლამური სამყაროს სახელმწიფოები ახალ არაბულ ხალიფატში გაეერთიანებინა – იმედით, რომ მუსლიმანური სახელმწიფოების „ბარიკადამ“ ამერიკული ეკონომიკა და აღმოსავლეთსა და აფრიკაში მისი ენერგეტიკული ინტერესები ჩინეთის თვალდათვალ მზარდი ეკონომიკური და სამხედრო ძლიერებისგან დაიცვან.

თქვენი ანალიზიდან გამომდინარე, რა ელოდება საქართველოსა და მსოფლიოს უახლოეს მომავალში?

სავარაუდოდ, მსოფლიოსა და საქართველოს უახლოეს სამ თვეში დიდი ომი ელოდება, რომელიც შესაძლოა, მესამე მსოფლიო ომში არ გადაიზარდოს, მაგრამ მრავალი შედარებით მცირე ომის გამოწვევას კი შეძლებს: აშშ ისრაელს ირანზე  ავიადარტყმას მწვანე შუქს აუნთებს, რასაც ირანი სარაკეტო დარტყმით უპასუხებს. „ფერადი რევოლუციის“ მოწყობა ირანში აშშ-ს ხომ არ გამოუვიდა (არსებობს მოსაზრება, რომ ირანსა და საქართველოს შორის უვიზო რეჟიმს აშშ განიხილავდა როგორც სამარქაფო არხს იქ ხელისუფლების „ხავერდოვანი“ დამხობის სპეციალისტების შესაღწევად), არც ის მოხერხდა, რომ ირანში ბირთვული იარაღის არსებობა დაემტკიცებინათ და მისთვის გაეროს „კურთხევით“ დაერტყათ.

კიდევ ერთხელ დავაზუსტებ ომი შესაძლოა, 2012 წლის მარტამდე ნებისმიერ დღეს დაიწყოს, და ის 2012 წლის ნოემბრამდე დამთავრდება.

საიდან ასეთი სიზუსტ როდის დაიწყება და დამთავრდება ომი?!

– ეს „საშინელი საიდუმლო“ მე პრეზიდენტ სააკაშვილის მრჩეველმა ვან ბაიბურთმა მითხრა. „One Way Ticket“ – ასე ერქვა „Bony M“-ის ცნობილ ჰიტს, რაც ნიშნავს – ბილეთი ერთი მიმართულებით, უკან დაუბრუნებლად.

რა თქმა უნდა, არც ბაიბურთი, არც მისი თანატოლი „Bony M“ აქ არაფერ შუაშია, თუმცა მთელ ძველ (შევარდნაძის) ელიტას დღეს გული მოეცა და თავხედობა ჰყოფნის, რევანშისთვის ემზადოს – მათ დაავიწყდათ, რომ „ბილეთი“ მხოლოდ ერთი მიმართულებით – უკან დაუბრუნებლად აქვთ (იცინის).

მომავალი ომიც ბევრისთვის „ბილეთი ერთი მიმართულებით“ იქნება, და ჩემი უნივერსალური კოდის დახმარებით მისი ვადების გამოთვლა იოლია:

პირველი: 2012 წლის 4 მარტს რუსეთის ფედერაციაში საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდება, და აშშ ეცდება, ომი მანამდე დაიწყოს, რათა ყველანაირად შეუშალოს ხელი პუტინს პრეზიდენტად არჩევასა და ევრაზიული კავშირის საზღვრების გაფართოებაში, აგრეთვე – 2014 წლის სოჭის ოლიმპიური თამაშებისთვის მზადებაში. პუტინი კი ეცდება, რომ მისი პრეზიდენტობა და სოჭის ოლიმპიადა არაფერმა ჩაუშხამოს, როგორც 2008 წლის აგვისტოს ომმა  სისხლიანი ანარეკლი დატოვა პეკინის ოლიმპიადაზე – ანუ, პუტინი შეეცდება, თავიდან აიცილოს კონფლიქტი, და თუ არ გამოუვა, მის სასწრაფოდ დამთავრებას შეუწყოს ხელი;

მეორე: დაზვერვის მონაცემებით, ბირთვული იარაღის მისაღებად ირანს, მაქსიმუმ, სამიოდე თვე სჭირდება და თუ ომი სამი თვის შემდეგ დაიწყება, ის უკვე ბირთვული იქნება. ამიტომ „მავანმა“ უნდა მოასწროს და სწორედ ამ სამ უახლოეს თვეში ჩაეტიოს;

მესამე: 2012 წლის 6 ნოემბერს აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნები  ტარდება და ახალი პრეზიდენტი – ალბათ, კვლავ ბარაკ ობამა – თავის პრეზიდენტობას ისევ ამერიკული კონტინგენტის გაყვანით, რუსეთთან „გადატვირთვა 2“-ითა და შეიარაღების შემცირების შესახებ ახალი ხელშეკრულებებით დაიწყებს და ამ პოპულარული ინიციატივებისათვის მეორე ნობელის პრემიას მიიღებს. ამიტომ ბარაკ ობამას მოწინააღმდეგეები რესპუბლიკური პარტიიდან თავიანთი კანდიდატის გასაყვანად ყველანაირად ეცდებიან, არჩევნებამდე დარჩენილი დრო გამოიყენონ – დაიწყონ და მაქსიმალურად გააჭიანურონ ომი ირანთან, საომარ ქმედებებზე რუსეთის პროვოცირება მოახდინონ (როგორც 2008 წლის აგვისტოში გააკეთეს საქართველოში, რათა „ქორი“ მაკეინის შესაძლო პრეზიდენტობის მიზანშეწონილობა დაესაბუთებინათ. „One Way Ticket“ – „ქორებს“ ხომ „ბილეთი ერთი მიმართულებით“ აქვთ...);

მეოთხე: მსოფლიო ეკონომიკურმა კრიზისმა, რომელიც აშშ-ის ფინანსური პოლიტიკით, ემისიებით, კონსიუმერიზმით (შეუკავებელი მოხმარებით) და ამერიკული ცხოვრების განუყოფელ ნაწილად ქცეული კრედიტებით იყო პროვოცირებული, ყველაზე მტკივნეულად სწორედ ამერიკის რეცესიულ ეკონომიკას დაარტყა, რომლის მდგომარეობას საგარეო ვალი – დაახლოებით 15 ტრილიონი დოლარი (მშპ-ის 100%-ზე მეტი) ამძიმებს. ამიტომ აშშ-თვის ომის დაწყებას აზრი აქვს – თანაც სხვისი ხელით, მისი ეკონომიკის ერთ-ერთი ბურჯი ხომ სამხედრო დაკვეთებია;

მეხუთე: კორუფცია – რამეთუ „ფერადი რევოლუციების“ ტიპის ყველა პროექტიდან ამერიკელ ჩინოვნიკებს „მსუყე ლუკმა“ რჩებათ და თუ ისინი შეწყდება, „ატკატებთან“ ერთად შესაძლოა, თავისუფლებასაც გამოეთხოვონ... ომი კი ყველაფერს ჩამოწერს!

საოცრად დამაჯერებელია, ვერაფერს იტყვი... ბატონო არნო, შესაძლებელია, რომ საქართველო მომავალ ომში პლაცდარმად იქცეს?

– იმის გათვალისწინებით, რომ პაკისტანმა ცოტა ხნის წინათ დაუკეტა აშშ-ს ავღანეთში სამხედრო მომარაგების სატრანზიტო მარშრუტები,მომავალ ომში ნატოს პლაცდარმი შესაძლოა, ორი ქვეყანა გახდეს:

1 – რეგიონული ლიდერობის ამბიციების მქონე თურქეთი – ნატოს წევრი, თავისი სრულყოფილი სამხედრო ლოგისტიკითა და ინფრასტრუქტურით;

2 – ნატოს წევრობაზე განაცხადგაკეთებული საქართველო – ძალაუფლების კვლავაც შენარჩუნების ამბიციების მქონე სააკაშვილით.

იმაზე, რომ აშშ შესაძლოა, საქართველოს მისი აეროდრომებით სარეზერვო პლაცდარმად განიხილავდეს მომავალ ირანულ კამპანიაში, შემდეგი ნიშნები მიუთითებს:

1) საქართველო, რომელიც მონაწილეობდა უსაფრთხოების ხელშეწყობის საერთაშორისო ძალთა სამშვიდობო ოპერაციაში ერაყში და მონაწილეობს ISAF-ში ავღანეთში, სადაც მომავალ წელს მეორე ბატალიონს გაგზავნის და თავისი კონტინგენტის რიცხოვნობას 1.800 სამხედრო მოსამსახურემდე აიყვანს (რითაც ნატოს არაწევრ მონაწილე ქვეყნებს შორის პირველ ადგილს დაიკავებს), არათანმიმდევრული იქნება, თუკი თავის „სტრატეგიულ პარტნიორ“ აშშ-ს პლაცდარმის დათმობაზე უარს ეტყვის;

2) ის ფაქტი, რომ საქართველოში ცოტა ხნის წინათ სავალდებულოსთან ერთად ნებაყოფლობითი რეზერვი შემოიღეს, სულ ცოტა, სამხედრო აეროდრომებისა და სხვა სამხედრო ობიექტების მომსახურე პერსონალის გაძლიერების აუცილებლობას მოწმობს;

3) ტყუილია, რომ 2008 წლის აგვისტოს შემდეგ საქართველომ აშშ-ის დახმარებით აღადგინა და გააძლიერა კიდეც თავისი სამხედრო პოტენციალი. თუმცა 2011 წლის აპრილში საქართველოში სამხედრო ობიექტების მშენებლობისა და მოდერნიზაციის სპეციალისტები ჩამოვიდნენ კონცერნ „ჰალიბერტონიდან“(„Halliburton“), რომლის ხელმძღვანელი – ცნობილი „ქორი“ – აშშ-ის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი დიკ ჩეინი გახლავთ. „ჰალიბერტონის“ სპეციალისტებმა ნატოს ოფიცრებთან ერთად ყურადღებით შეისწავლეს საქართველოს სამხედრო ინფრასტრუქტურის შესაძლებლობები, აეროდრომების, პორტებისა და გზათა ქსელის მდგომარეობა.

მხოლოდ 2011 წლის ნოემბერში კი საქართველოს ეწვივნენ:

– ნატოს დელეგაცია ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივნის – ანდერს ფოგ რასმუსენის, ხელმძღვანელობით;

– აშშ-ის კონგრესმენთა დელეგაცია;

– აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების სარდალი რეი მაბუსი;

– აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების კრეისერი „ბარი“;

– ნატოს საბჭომ საქართველოში მეორე გასვლითი სხდომა და საქართველო-ნატოს კომისიის სხდომა ჩაატარა.

4) ბათუმის პორტის აკვატორიაში ფსკერის გაღრმავების სამუშაო და ახალი ქალაქის – ლაზიკას, მშენებლობა („ბოლოინაიას“, უკაცრავად, დაჭაობებულ მოედამზე 9 კვ კმ ფარფობით, სოფლებს – ხულევსა და ანაკლიას – შორის) შეიძლება განხილულ იქნეს როგორც საქართველოში აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ბაზების განლაგებისთვის მზადება. ასეთ შემთხვევაში ლაზიკა აშშ-ის პირველი სამხედრო-საზღვაო ბაზაა შავ ზღვაზე, რომლის აშენებაზე აშშ გამოყოფს 1 მლრდ დოლარს.

სენსაციური განცხადებაა, ბატონო არნო! ომის შემთხვევაში რა მოხდება საქართველოსა და კავკასიაში?

– თუკი „ჟამი დაჰკრავს“ – ცნობილი გახდება, რომ აშშ ირან-ისრაელს შორის გაჩაღებულ კონფლიქტში ჩარევისათვის ემზადება და უახლოესი საფრენი სივრციდან არჩევანი საქართველოზე შეაჩერა – რუსეთი სასწრაფოდ შემოიყვანს აქ ჯარებს ორი მიმართულებიდან – აფხაზეთიდან და სამხრეთ ოსეთიდან. ეს ახსნილი იქნება ირანის საპასუხო დარტყმის შემთხვევაში რუსეთის მიერ სულ ცოტა ხნის წინათ აღიარებული რესპუბლიკების მოქალაქეთა უსაფრთხოების დაცვის აუცილებლობით და, აგრეთვე, რუსეთის ფედერაციის სამხრეთ საზღვრებთან ნატოს სამხედრო ბლოკის საბრძოლო ძალების დაუშვებელ სიახლოეში განლაგებით.

თავისი სარაკეტო „ქოლგით“ კავკასიის დაცვით, ვფიქრობ, რუსეთი სტრატეგიული პარტნიორის – სომხეთის, მოწონებას დაიმსახურებს, რომელსაც ირანთან მჭიდრო საქმიანი კონტაქტები აქვს, ასევე, აზერბაიჯანისა და ირანის მხრიდანაც, რომლის ტერიტორიაზე 20 მილიონზე მეტი აზერბაიჯანელი ცხოვრობს, რომლებმაც ომის შემთხვევაში შესაძლოა ჩუმ-ჩუმად ისტორიულ სამშობლოში დაბრუნება განიზრახონ და თან ირანის ტერიტორიაც გაიყოლონ...

ა.წ. 21 ნოემბერს დიმიტრი მედვედევის მოულოდნელი ვიზიტი ვლადიკავკაზში, 58-ე არმიის შტაბში, სწორედ იმ ძალების დათვალიერება იყო, რომლებიც მთლიანად კავკასიის დაცვისკენ არიან მოწოდებული: 58-ე არმიის (რომელიც 2008 წლის შემდეგ ელიტურ საბრძოლო შენაერთად გარდაიქმნა) ნაწილები, ირანზე დარტყმის შემთხვევაში, ალბათ, კავკასიის სამი სახელმწიფოს გარე საზღვრებზე – საქართველო-თურქეთის, სომხეთ-თურქეთის, სომხეთ-ირანის, აზერბაიჯან-ირანის საზღვრებზე გავლენ.

დიახ, „One Way Ticket“ ეს არის ბილეთი ერთი მიმართულებით, უკან დაუბრუნებლად, მაგრამ ამ ბილეთს ადამიანებიც, სახელმწიფოებიც, თავად ყიდულობენ...

 

ესაუბრა თეა ასათიანი

www.asavali.ge