თბილისი, 9 დეკემბერი, საქინფორმი. ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულომ ახალი გამგებელი აირჩია. საკრებულოს წევრთა უმრავლესობამ მხარი გოგა ღურწკაიას კანდიდატურას დაუჭირა.
გოგა ღურწკაია ზუგდიდის საკრებულოს მოქმედი წევრია. ის წარმოშობით ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიბულადანაა. ღურწკაია აქტიური „ნაციონალია“.აღსანიშნავია, რომ ხობის ახალი გამგებელი სახალხო დამცველის 2008 წლის პირველი ნახევრის მოხსენებაშიც არის შესული. სოზარ სუბარი მაშინ შინაგან საქმეთა სამინისტროსა და გენერალურ პროკურატურას რეკომენდაციას აძლევდა, დაუყოვნებლივ დაეწყოთ სისხლისსამართლებრივი დევნა 2007 წლის 28 ოქტომბერს ზუგდიდის აქციის დარბევაში მონაწილე პირების გოგა ღურწკაიას და მისი მეგობრების მიმართ. მაშინ „ნაციონალური მოძრაობის“ ზუგდიდის ახალგაზრდულმა ფრთამ „კონსერვატორ“ ბიძინა გუჯაბიძესა და ბეჟან გუნავას ზუგდიდის ცენტრში სცემა. სახალხო დამცველის რეკომენდაციის მიუხედავად, ღურწკაიას მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა არ განხორციელებულა.
ხობისთვის ახალი გამგებლის არჩევის საკითხი დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც ხობის ყოფილი გამგებელი იგორ ტყებუჩავა კუდ-მა ქრთამის აღებისთვის მიმდინარე წლის 28 ოქტომბერს დააკავა.