სამართალი
საქართველოს ექსპორტიორთა ასოციაცია დადებითად აფასებს ონიშჩენკოს განცხადებას

oniSCenkoთბილისი, 9 დეკემბერი, საქინფორმი. საქართველოს ექსპორტიორთა ასოციაცია რუსეთის ბაზარზე ქართული პროდუქციის შესაძლო დაბრუნებას მიესალმება. როგორც ცნობილია, „როსპოტრებნადზორის“ ხელმძღვანელმა გენადი ონიშჩენკომ  განაცხადა, რომ რუსული მხარე მზად არის, საქართველოში ექსპერტები გამოგზავნოს 7 ქართული კომპანიის  საექსპორტო პროდუქციის ადგილზე შესასწავლად.

"საქართველოს ექსპორტიორთა ასოციაცია 2011 წლის ოქტომბრიდან აწარმოებს  აქტიურ მოლაპარაკებას „როსპოტრებნადზორთან“ ქართული პროდუქციის რუსულ ბაზარზე დაბრუნების თაობაზე. შედეგად ასოციაციამ რუსულ მხარეს მიაწოდა კონკრეტული კომპანიების საექსპორტო პროდუქციის სათანადო დოკუმენტაცია. ონიშჩენკოს აღნიშნული განცხადება საფუძველს გვაძლევს, ვივარაუდოთ, რომ დოკუმენტების შემოწმების შემდეგ დაიწყება პროდუქციის სერტიფიცირების ბოლო ეტაპი – პროდუქციის სინჯების ლაბორატორიული შემოწმება“, - განაცხადა საქართველოს ექსპორტიორთა ასოციაციის ხელმძღვანელმა ვიქტორ წილოსანმა.

ასოციაცია კიდევ ერთხელ შეახსენებს ყველა დაინტერესებულ კომპანიას, რომ პროცესი ყველასათვის ღიაა და პროდუქციის ექსპორტზე განაცხადის შეტანა ნებისმიერ დროს არის შესაძლებელი.