თბილისი, 9 დეკემბერი, საქინფორმი. როგორც ბიძინა ივანიშვილის კუთვნილი „ქართუ ჯგუფის“ პრესსამსახურის ხელმძღვანელმა ელზა ნაბახტეველმა განაცხადა, ბიძინა ივანიშვილს სპეცრაზმი არ დაუფინანსებია. მისი თქმით, ეს ლეიბორისტული პარტიის მხრიდან პირველი ბრალდება არ არის.
ლეიბორისტული პარტიის გენერალური მდივნის – სოსო შატბერაშვილის, განცხადებით, სპეცრაზმის 500 თანამშრომელს ანგარიშები ჰქონდათ გახსნილი ბიძინა ივანიშვილის კუთვნილ „ქართუ ბანკში“ და მრავალი წლის განმავლობაში იღებდნენ მსხვილ თანხებს.
„ეს ცრუ ინფორმაციაა. ლეიბორისტების ლიდერი შალვა ნათელაშვილი არაერთხელ გამოვიდა ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ. მას უნდა, მოსახლეობა ამაში დააჯეროს, მაგრამ ეს ინფორმაცია სინამდვილეს არ შეესაბამება“, – აღნიშნა ნაბახტეველმა.შატბერაშვილის განცხადებით, „თბილისში აქციის დარბევის შემდეგაც კი სპეცრაზმელები „ქართუ ბანკში“ იღებდნენ პრემიებს, ასევე, ბინებს, ავტომანქანებს... ჩვენ კატეგორიულად მოვითხოვთ, გამოქვეყნდეს მონაცემები იმის შესახებ, თუ რა თანხები ირიცხებოდა მათ ანგარიშებზე მრავალი წლის განმავლობაში“, – განაცხადა სოსო შატბერაშვილმა.
მას შემდეგ, რაც ბიზნესმენმა ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკაში ჩართვისა და პოლიტიკური პარტიის შექმნის განზრახვის შესახებ განაცხადა, მან ლეიბორისტული პარტია მათ შორის დაასახელა, ვისთანაც თანამშრომლობას არ აპირებს, რადგან მას „ფსევდოოპოზიციურად“ მიიჩნევს.
თავის მხრივ, ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა ბიზნესმენს „აშშ-ის კადრი“ უწოდა, რომელსაც მმართველი გუნდისთვის ძალაუფლების შენარჩუნება აქვს განზრახული.