სამართალი
ზუგდიდი, 9 დეკემბერი, საქინფორმი. ხობის რაიონულმა სასამართლომ ხეთის საჯარო სკოლის მასწავლებლების საქმე დღეს განიხილა, თუმცა მათი სარჩელი არ დააკმაყოფილა.
საქმე ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ხეთის საჯარო სკოლის დირექტორისა და ორი მასწავლებლის დაპირისპირებას ეხება. კერძოდ, სკოლის დირექტორმა მანანა ბაძაღუამ მიმდინარე წლის 14 სექტემბერს ორი მასწავლებელი – ლელიკო კიკალია და ნატო თოლორაია – ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე სამსახურიდან გაათავისუფლა. მოგვიანებით დირექტორმა მასწავლებლებს გათავისუფლების მიზეზად მიმდინარე რეორგანიზაცია დაუსახელა, თუმცა პედაგოგები დირექტორს ნეპოტიზმსა და მათ ადგილებზე საკუთარი ახლობლების დანიშვნაში ადანაშაულებენ. მასწავლებლები დირექტორისგან ბოდიშის მოხდას და სამსახურში დაბრუნებას ითხოვდნენ. ისინი ხობის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებას ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებენ.