პოლიტიკა
რეზოლუცია საქართველოს ნატოში დაჩქარებულად გაწევრების შესახებ არ გავიდა

senat-usaთბილისი, 9 დეკემბერი, საქინფორმი. „ამერიკელი სენატორი ცდილობდა, ლობირება გაეწია საქართველოს ნატოში გაწევრებისათვის, მაგრამ ეს ძალისხმევა ჩაიშალა“, – წერს Eurasianet.org.

სტატიის ავტორი ჯოშუა კუცერა აღნიშნავს, რომ გასულ კვირას, როდესაც სენატორთა უმრავლესობა ქვეყნისთვის მნიშვნელოვან პრობლემებზე, ომის დაფინანსებასა და ამერიკელების საკონსტიტუციო თავისუფლებებზე იყო კონცენტრირებული, სენატორი მარკო რუბიო უფრო უცხო ქვეყნის ბედზე წუხდა.

როგორც სტატიაშია ნათქვამი, ის ცდილობდა, კულუარებში ისეთი კენჭისყრის ჩატარებაზე დაეთანხმებინა სენატის წევრები, რომელიც საქართველოს ნატოში გაწევრებას დააჩქარებდა.

„გამარტივებულ პროცედურას, რომლის მეშვეობითაც უნდა მიეღოთ ეს გადაწყვეტილება, ერთსულოვანი თანხმობა ეწოდება. მაგრამ გადაწყვეტილება არ მიიღეს, რადგან სენატორმა რენდ პოლმა მარტომ აღკვეთა ეს მცდელობა. ეს ტრივიალური საკითხი არ გეგონოთ. არ შეცდეთ – საქართველოს ნატოში გაწევრებამ შეიძლება შეერთებული შტატები ახალ სამხედრო კონფლიქტში ჩაითრიოს, ამიტომაც საქართველოს ნატოში გაწევრების ხელშეწყობა საჯარო დებატების საგანი უნდა გახდეს. რუბიოს მცდელობა, ყოველგვარი დებატებისა და კენჭისყრის გარეშე, საკითხი ერთსულოვანი თანხმობით გადაეწყვიტა, უკიდურესად საეჭვოა და სენატორის გონიერებას ეჭვქვეშ აყენებს“, – წერს ავტორი.

როგორც სტატიაშია ნათქვამი, რეზოლუცია პრეზიდენტს მოუწოდებდა, ისეთ დიპლომატიურ ძალისხმევას ჩასდგომოდა სათავეში, რომელიც ნატოს ჩიკაგოს სამიტზე საქართველოსთვის გაწევრების სამოქმედო გეგმის მინიჭებას უზრუნველყოფდა.

„რუბიო და პოლი ახალბედა სენატორები არიან, ისინი 2010 წელს აირჩიეს და საგარეოპოლიტიკური კურსის ორ პოლუსს წარმოადგენენ – რუბიო ამერიკის ძალისმიერი განსაკუთრებულობის იდეის მომხრეა, ხოლო პოლი იზოლაციონიზმისა და მცირე მთავრობის. რუბიოს ნაბიჯი რუსეთის სიმბოლურ გაღიზიანებას ისახავდა მიზნად, რადგან რეზოლუციის მიღების შემთხვევაშიც კი ის შედეგს ვერ გამოიღებდა. საქართველოს ნატოში გაწევრების ძალისხმევა არა მხოლოდ ამერიკულ-რუსულ ურთიერთობებს გაამწვავებს, რაც შეიძლება რუბიოს სურს კიდეც, არამედ აუცილებლად გაამძაფრებს დაძაბულობას საქართველოსა და რუსეთს შორის და კონფლიქტის ახალ რაუნდს დააჩქარებს. ნატოში საქართველოს გაწევრება არ ემსახურება ამერიკის ინტერესებს და ის მხარდაჭერა, რომელიც ბუშის ადმინისტრაციის მმართველობისას ჰქონდა საქართველოს აშშ- მხრიდან, მისთვისაც დამღუპველი აღმოჩნდა, ნათქვამია სტატიაში.

თუმცა ავტორი აღნიშნავს, რომ რუბიოს დოკუმენტს მიღების შემთხვევაშიც დიდი შედეგი არ ექნებოდა. ერთ-ერთი მიზეზი, რომლის გამოც საქართველო ნატოში არ მიიღეს, ის არის, რომ წამყვან ევროპულ მთავრობებს არ აინტერესებთ ალიანსის უსაფრთხოების გარანტიების გავრცელება ასეთ ღარიბ და დანაწევრებულ ქვეყანაზე.

„საინტერესოა ისიც, რომ რუბიოს რეზოლუცია საქართველოსთვის გაწევრების სამოქმედო გეგმის მინიჭებას ისახავდა მიზნად, ანუ იმას, რაც 2008 წელს დღის წესრიგიდან მოიხსნა ნატო-საქართველოს საბჭოს სასარგებლოდ. მას შემდეგ სამოქმედო გეგმაზე ბევრს აღარც ლაპარაკობენ და თავის საჯარო გამოსვლებში ამას თითქოს თვით საქართველოს მთავრობაც კი ეთანხმება. საინტერესოა, საქართველოს ლობისტები კულუარებში ისევ განაგრძობენ სამოქმედო გეგმის ლობირებას, თუ რუბიო ამ საკითხთან დაკავშირებით საკუთარი ინიციატივით ურჩობს? იმის გამო, რომ, როგორც ჩანს, აშშ-სა და რუსეთს შორის ურთიერთობები იძაბება, ერთი კითხვა მებადება – ხომ არ არის ეს ის თემა, რომელსაც მომავალი წლის არჩევნებში რესპუბლიკელების პრეზიდენტობის კანდიდატი წინ წამოსწევს?“ – წერს ავტორი.

სტატიის ქართულ ვერსიას „Foreignpress“ ავრცელებს.