პუბლიკაციები
საქართველოში საწვავი უფრო ძვირია, ვიდრე ევროპაში: ლიტრ ბენზინში გვძარცვავენ 40 თეთრით, რაც თვეში 24 მილიონს შეადგენს

mafiaaaსაქართველოში ნავთობპროდუქტების ბაზარზე – უსამართლოდ მაღალი ფასებია, რაც განპირობებულია უამრავი ფაქტორით, რომლის ანალიზს საქინფორმის მკითხველს სთავაზობს არასამთავრობო ორგანიზაციის „სოლიდარობა ეროვნული ინტერესებისათვის“ ხელმძღვანელი ბექა კემულარია.

მიხეილ სააკაშვილი გაპრეზიდენტების შემდეგ, 2004 წლის მარტში, პრეზიდენტის რანგში პირველად ეწვია აზერბაიჯანს. პრეზიდენტ ალიევთან დახურულ კარს მიღმა გაიმართა შეხვედრა. სერიოზულ ეჭვს ბადებს, რომ ორ პრეზიდენტს შორის საუბრის ნაწილი ეხებოდა საწვავის მაფიას და „შავი ოქროთი“ საკუთარი ჯიბეების გასქელებას. 2 წელიწადში დაიკეტა აზერბაიჯანიდან საწვავის იმპორტი, რომელსაც ახორციელებდა სხვადასხვა მცირე და შედარებით დიდი ნავთობიმპორტიორი კომპანია, ხოლო აზერბაიჯანიდან საწვავის იმპორტის ექსკლუზიური უფლება გადაეცა 2006 წლის 17 აგვისტოს რეგისტირებულ შპს „სოკარ ენერჯი ჯორჯიას“, რომლის 24,5%-იანი წილის მფლობელია საქართელოს ეკონომიკის ყოფილი მინისტრი ვანო ჩხარტიშვილი, 24,5% ეკუთვნის კომპანია „პეტრო ტრანსს“, ხოლო 51%-იანი წილის მფლობელია „აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო ნავთობის კომპანია“. მიმდინარე წლის ივლისში ვანო ჩხარტიშვილმა თავისი წილი 5 მილიონ დოლარად მიჰყიდა „პეტრო ტრანსს“, ხოლო ნოემბერში „პეტრო ტრანსმა“ თავისი 49%-იანი წილიდან 24,5% გაყიდა 5 მილიონ დოლარად, ხოლო მეორე – 24,5% – 245 ათას დოლარად. დაარსებიდან ერთ წელიწადში კომპანია სოკარი ჩაერთო საცალო რეალიზაციის ბაზარში, რაც დიდად გასაკვირია, რადგან „სოკარი“ არის ნავთობისა და გაზის მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანია, ხოლო აზერბაიჯანში საწვავის რეალიზაციას ახორციელებს მისი შვილობილი კომპანია „აზპეტროლი“, მაგრამ, რატომღაც, საქართველოს საწვავის ბაზრით თავად აზერბაიჯანის სახელმწიფო კომპანია „სოკარი“ დაინტერესდა და მას უჭირავს საქართველოს საწვავის ბაზრის 80%. საწვავის ბაზრის მონოპოლისტად მოგვევლინა აზერბაიჯანის სახელმწიფო კომპანია „სოკარი“, რასაც ხელი შეუწყო უშუალოდ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა.

 

რაც შეეხება საწვავის საცალო რეალიზაციის ბაზარს, წლების განმავლობაში ბაზარზე წარმოდგენილი იყო 5 კომპანია: „ვისოლი“, „ლუკოილი“, „სოკარი“, „ეკო“, „რომპეტროლი“ და „სენტა“. მიმდინარე წელს ბაზარზე გამოჩნდა ახალი კომპანია „გალფი“, რომელმაც, რაოდენ გასაკვირის უნდა იყოს, შეიძინა „სენტა“ და „ეკო“. „გალფის“ გამოჩენამდე წლების განმავლობაში ლიდერობას ინარჩუნებდა კომპანია „ვისოლი“ და მას ბაზრის 35% ეკავა, ხოლო 65%-ს ინაწილებდა დანარჩენი 4 კომპანია. ბაზარზე „გალფის“ გამოჩენის შემდეგ ისედაც საშინელი სიტუაცია კიდევ უფრო გაუარესდა. მაგალითად, „გალფის“ გამოჩენამდე მსოფლიო ბაზარზე საწვავის შემცირება რამდენიმე თვეში თუ აისახებოდა ჩვენს ბაზარზე, ამჟამად შემცირების ნაცვლად ზრდიან ფასს და შემდეგ რამდენიმე თვეში ამ მომატებულით შეამცირებენ. რეალურად, როცა მსოფლიოში საწვავის ფასები მცირდება, ჩვენთან უცვლელი რჩება, ხოლო როდესაც იმატებს, ჩვენთან იმ დღესვე არ დააყოვნებენ და აძვირებენ.

ასევე, მოგახსენებთ, რომ ბაზარზე არსებული ოლიგოპოლია იყო ზემოთ ნახსენებ 5 კომპანიას შორის კარტელური შეთანხმების შედეგად, რაც გამოიხატებოდა საერთო საფასო პოლიტიკით და ერთდროული ფასების მანიპულირებით, რომელსაც უმეტეს შემთხვევაში წუთებშიც ამთხვევდნენ. „გალფის“ გამოჩენის შემდეგ ამ მხრივაც შეიცვალა სიტუაცია და 5-10 თეთრით განასხვავეს ფასები. ყველაზე ნაკლები ფასი აქვს კომპანია „გალფს“, ხოლო ყველაზე მეტი – კომპანია „ვისოლს“, რაც კიდევ ერთი ანომალიაა. ყველაზე ნაკლები ფასი უნდა ჰქონდეს კომპანია „სოკარს“, რადგან სხვა დანარჩენი კომპანიები საწვავის ძირითად ნაწილს მისგან ყიდულობენ. როგორ შეიძლება, „სოკარისგან“ ნაყიდ საწვავს „გალფი“ ყიდდეს უფრო იაფად? – ამას შეიძლება მოეძებნოს ერთადერთი ახსნა: „გალფის“ მხრიდან მიმდინარეობს საწვავის საცალო რეალიზაციის ბაზრის მონოპოლიზება, რასაც ხელისუფლება უწყობს ხელს.

 

ბენზინის ფასის კალკულაცია

საწვავის უსამართლოდ მაღალი ფასები შეგვიძლია დავადასტუროთ ჩვენ მიერ ჩატარებული სხვადასხვა კვლევით. მაგალითად, წარმოგიდგენთ რეგულარის ტიპის ბენზინის ფასის კალკულაციას, რადგან გასაიდუმლოებულია, თუ რა ფასად ყიდის საწვავს აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანია „სოკარი“ მის მიერ საქართველოში დაფუძნებულ კომპანია „სოკარზე“. მაგრამ ფაქტია – ბევრად იაფად, ვიდრე საწვავის საერთაშორისო ფასებია, რადგან მაგალითისთვის „ევრო 5“ სტანდარტის საწვავთან შედარებით, რომელსაც იყენებს ევროპის ქვეყნები, „ევრო 1“-ის სტანდარტსაც არ აკმაყოფილებს აზერბაიჯანული ბენზინი, ანუ 50-ჯერ უფრო მაღალია გოგირდის შემცველობა აზერბაიჯანულ საწვავში („ევრო 5“ სტანდარტის მიხედვით, გოგირდის შემცველობა არ აღემატება 10ppm-ს, „ევრო 1“-ის სტანდარტის მიხედვით – 500ppm-ს), შესაბამისად, 50-ჯერ უფრო მეტად აბინძურებს ჰაერს და აზიანებს გარემოს. ამიტომ, რა თქმა უნდა, ალოგიკურია, ევროპული საწვავის შესასყიდი ფასი და აზერბაიჯანული დაბალი ხარისხის საწვავის ფასი ერთნაირი იყოს, რომლის რეალიზაცია აზერბაიჯანისა და საქართველოს გარდა სხვა ქვეყანაში არ ხორციელდება, რადგან ევროკავშირის ქვეყნები 2009 წლიდან მხოლოდ „ევრო 5“-ის სტანდარტის საწვავს მოიხმარს.

რაკი ფასის კალკულაცია გვინდა, იყოს მყარად არგუმენტირებული, ამიტომ  შესასყიდ ფასად (Platt’s) აღებულია საერთაშორისო ფასი, რომელიც დღეის მდგომაროებით შეადგენს 880 დოლარს (1460 ლარი), ამას დავუმატოთ ტრანსპორტირების ღირებულება – 40 ლარი, აქციზის გადასახადი – 250 ლარი, ხარჯი (მსოფლიოში დამკვიდრებული პრაქტიკის მიხედვით, არ აღემატება თვითღირებულების 10%-ს, რაც არის 150 ლარი, ხოლო მოგება – თვითღირებულების 5% – 75 ლარი). ასევე, ფასის კალკულაციაში გასათვალისწინებელია დღგ, ანუ ზემოთ ჩამოთვლილი თანხების ჯამი, რომელიც ტოლია 1975 ლარის – 18%-ის, რაც არის 355 ლარი. არსებული თანხების ჯამი არის 2330 ლარი, ანუ ერთი ტონა ბენზინის სარეალიზაციო ფასი.

საწვავის მოცულობა ცვალებადია ტემპერატურის მიხედვით. ამისათვის საბითუმო რეალიზაცია ხორციელდება წონის მიხედვით, ხოლო უკვე ავტოგასამართ სადგურებში რეალიზაციას ახორციელებენ მოცულობის მიხედვით. ამიტომ გადავიყვანოთ ლიტრებში: 1 ტონა, ანუ 1000 კგ ბენზინი, შეადგენს 1370 ლიტრ ბენზინს. 1 ლიტრის სარეალიზაციო ფასი რომ გავიგოთ, ამისათვის მიღებული 1 ტონა საწვავის ფასი – 2330 ლარი გავყოთ 1370 ლარზე, რაც უდრის 1.70 ლარს. ბენზინს, რომელსაც 2,10 ლარად ყიდიან, საერთაშორისო ფასის მიხედვით, უნდა ღირდეს 40 თეთრით უფრო იაფი. მოსახლეობას თითოეულ ლიტრზე ჯიბიდან აცლიან 40 თეთრს, რაც თვეში შეადგენს ათეულობით მილონ ლარს. უფრო რომ დავაზუსტოთ, საქართველოს მოსახლეობა თვეში მოიხმარს დაახლოებით 60 მილიონ ლიტრ საწვავს, ანუ ყოველთვიურად 24 მილიონი ლარით გვძარცვავენ!

 

ევროკავშირის ქვეყნების ფასებთან შედარება

თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ მსოფლიოში საწვავი ყველაზე ძვირი ღირს საქართველოში (ნავთობის მომპოვებელი ქვეყნების გამოკლებით). მკითხველს შეიძლება დაებადოს კითხვა – ევროკავშირის ქვეყნებში საკმაოდ ძვირი ღირს საწვავი და ჩვენთან როგორ უნდა ღირდეს უფრო ძვირი?

ევროპის ქვეყნებში არსებული მაღალი ფასი გამოწვეულია მაღალი გადასახადებით, ასევე, მაღალი ხელფასებით და, შესაბამისად, საქართველოსთან შედარებით, ბევრად მეტი ხარჯი აქვთ იქ არსებულ კომპანიებს, რაც იწვევს ასეთ მაღალ ფასებს, მაგრამ ეს იქ მცხოვრებ მოსახლეობაზე მძიმე ტვირთად არ აისახება, რადგანაც, ასევე, მაღალი შემოსავლები აქვთ და, შესამაბისად, მათთვის არ არის ძვირი. ასევე, მათ კარგად იციან, რომ ასეთი მაღალი ფასები ელიტური კორუფციის შედეგი კი არა, მაღალი გადასახადების გამოა, რითაც აფინანსებენ სახელმწიფოს და მათ მიერ დაქირავებულ ჩინოვნიკებს.

სხვა ხარჯები რომ არ გავითვალისწინოთ და მხოლოდ აქციზი და დღგ-ის გადასახადი გამოვაკლოთ სარეალიზაციო ფასს, მაინც საკმაო სხვაობას მივიღებთ, რაც, ასევე, ადასტურებს საქართველოში არსებულ უსამართლოდ მაღალ ფასს, კარტელურ შეთანხმებას და ბაზარზე არსებულ ოლიგოპოლიას. ეს ადასტურებს ხელისუფლების დანაშაულსაც, რომელიც გამოიხატება დანაშაულის დაფარვაში, რადგან კარტელური შეთანხმება არის სისხლის სამართლის დანაშაული და გათვალისწინებულია სისხლის სამართლის კოდექსის 195-ე მუხლში.

ავიღოთ პრემიუმის ფასი. საქართველოში და სხვა ქვეყნებში გამოვაკლოთ აქციზისა და დღგ-ის გადასახადი, რის შედეგადაც ნათელი გახდება, რომ ჩვენთან მართლაც ყველაზე ძვირი ღირს საწვავი. მაგალითისთვის: პრემიუმის სარეალიზაციო ფასს, რომელიც შეადგენს 2.25 ლარს, რომელსაც დღგ-ის 18% და აქციზის გადასახადი 250 ლარი რომ გამოვაკლოთ, მივიღებთ 1,66 ლარს. გერმანიაში პრემიუმის სარეალიზაციო ფასია 3,46 ლარის ეკვივალენტი, ხოლო აქციზისა და დღგ-ის გადასახადის გამოკლებით, რომელიც ფასის 61%-ს შეადგენს – 1,35 ლარს, ანუ ჩვენთან, გერმანიასთან შედარებით, 31 თეთრით უფრო ძვირი ღირს საწვავი. ფინეთში სარეალიზაციო ფასი 3.48 ლარია, ხოლო აქციზისა და დღგ-ის გარეშე – 1,36 ლარი; შვედეთში სარეალიზაციო – 3,44 ლარი, ხოლო, ასევე, აქციზისა და დღგ-ის გარეშე – 1,31 ლარი; დიდ ბრიტანეთში – 3,58 ლარი და 1,43 ლარი, საფრანგეთში – 3,56 ლარი და 1,42 ლარი, იტალიაში – 3,57 ლარი და 1,43 ლარი, ბელგიაში – 3,54 ლარი და 1,45 ლარი; პოლონეთში – 2,75 ლარი და 1,24 ლარი.

ანუ საქართველოში, გერმანიასთან შედარებით, მხოლოდ აქციზისა და დღგ-ის გადასახადის გათვალისწინებით 31 თეთრით ძვირი ღირს, ფინეთთან შედარებით – 30 თეთრით ძვირი, შვედეთთან – 35 თეთრით, დიდ ბრიტანეთთან – 23 თეთრით, საფრანგეთთან – 24 თეთრით, იტალიასთან – 23 თეთრით, ბელგიასთან – 21 თეთრით, პოლონეთთან – 42 თეთრით ძვირი. (როგორც ზემოთ უკვე აღვნიშნეთ, ევროპაში აზერბაიჯანული დაბალი ხარისხის საწვავის რეალიზება არ ხდება, რომელსაც, აგრეთვე, დაბალი ფასი აქვს.)

(გაგრძელება იქნება)