საზოგადოება
თბილისი, 8 დეკემბერი, საქინფორმი. სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტი დღეს პოლიტიკურ განწყობებსა და ქვეყანაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით ჩატარებული გამოკითხვის შედეგების პრეზენტაციას გამართავს.
როგორც ორგანიზაციიდან იტყობინებიან, კვლევა საქართველოს განვითარების კვლევითი ინსტიტუტის დაკვეთით 11-22 ნოემბერს ჩატარდა. შემთხვევითი შერჩევის პრინციპით გამოიკითხა საარჩევნო ასაკის 3 ათასი მოქალაქე.გამოკითხვა საქართველოს 11 რეგიონში მიმდინარეობდა. სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტის ინფორმაციით, გამოკითხვა ჩატარდა პირისპირ ინტერვიუს მეთოდით და რესპონდენტთა ანონიმურობის მაქსიმალური დაცვით.
კვლევის შედეგების პრეზენტაციას, რომელიც სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ გაიმართება, პოლიტიკური პარტიების, დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო ორგანიზაციების, არასამთავრობო ორგანიზაციების და მედიის წარმომადგენლები დაესწრებიან.
საქართველოს განვითარების კვლევითი ინსტიტუტი (GDRI) არაკომერციული ორგანიზაციაა, რომელიც 2011 წელს დაფუძნდა.