თბილისი, 8 დეკემბერი, საქინფორმი. ალა ჯიოევამ განაცხადა ცხინვალში კრემლის წარმომადგენელთან გამართული შეხვედრის შემდეგ, რომ „პირველად“ 30 ნოემბერს კონსულტაციების დაწყების დღიდან მან მოლაპარაკებების მაგიდა „პოზიტივით“ დატოვა.
„ჩვენ ვუსმინეთ და ჩვენი გაიგონეს, – განაცხადა მან 7 დეკემბერს გამართული მოლაპარაკებების შემდეგ, რის პარალელურადაც მისი მომხრეები უკვე მერვე დღეა, ცხინვალში საპროტესტო აქციებს განაგრძობენ –დიდი იმედი გვაქვს, რომ შემდეგი რაუნდი უფრო ნაყოფიერი იქნება“.
იგი მიესალმა ამჟამინდელი ლიდერის – ედუარდ კოკოითის, გადაწყვეტილებას რამდენიმე მაღალჩინოსნის თანამდებობიდან გათავისუფლების თაობაზე. 7 დეკემბერს კოკოითიმ განათლების მინისტრი, ჯანდაცვის მინისტრი, საინფორმაციო და კომუნიკაციების კომიტეტის თავმჯდომარე, ცხინვალის მერი, ზნაურის რაიონის ხელმძღვანელი და კვაისას მერი დაკავებული თანამდებობებიდან გაათავისუფლა. ოპოზიცია კოკოითისა და მთავარი პროკურორის – თეიმურაზ ხუგაევის, გადადგომას ითხოვს.7 დეკემბერს რეგიონის პარლამენტის ერთ-ერთმა ვიცე-სპიკერმა იური ძიცოითიმ განაცხადა წერილობით განცხადებაში, რომ ედუარდ კოკოითის საპრეზიდენტო ვადა ამოიწურა და ამ რეგიონის პრემიერ-მინისტრი ვადიმ ბროვცევი უნდა გახდეს პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი.
ძიცოითი, რომელიც მმართველი პარტიის წევრია და არჩევნებში ჯიოევას ოპონენტ ანატოლი ბიბილოვს დაუჭირა მხარი, განაცხადა, რომ იმის მიუხედავად, რომ პარლამენტმა 2012 წლის 25 მარტი დანიშნა განმეორებითი არჩევნების თარიღად, კოკოითი ვერ დარჩება თავის თანამდებობაზე ამ დღემდე, რადგანაც მისი საკონსტიტუციო ვადა 7 დეკემბერს ამოიწურა.
„ის უნდა გადადგეს და საპრეზიდენტო მოვალეობები დროებით პრემიერ-მინისტრმა ბროვცევმა უნდა იკისროს, – განაცხადა ძიცოითიმ და იქვე დასძინა, – პიროვნება, რომელიც არ არის ჩართული პოსტსაარჩევნო კრიზისში, შეძლებს საჭირო პირობების მომზადებას განმეორებითი არჩევნების ჩასატარებლად“.
ბროვცევი, რომელიც სამხრეთ ოსეთის მკვიდრი არ არის, ჩელიაბინსკში სამშენებლო კომპანიას ხელმძღვანელობდა, სანამ 2009 წლის აგვისტოში რეგიონის პრემიერ-მინისტრი გახდებოდა.
„ეს ვარიანტი [ბროვცევი პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლად] ნორმალურია; ის ჩვენთვის მისაღებია“, – იტყობინება „რია ნოვოსტი“ ჯიოევას სიტყვებზე დაყრდნობით.