პოლიტიკა
ალექსანდრე ანქვაბი მსო-ზე შეთანხმების თაობაზე

ankvab2თბილისი, 8 დეკემბერი, საქინფორმი. „აფსნიპრესის“ ცნობით, აფხაზეთის პრეზიდენტმა ალექსანდრე ანქვაბმა დიდი მნიშვნელობა არ მიანიჭა რეგიონის ოპოზიციური ჯგუფების მიერ მსო-ზე რუსეთ-საქართველოს შეთანხმებასთან დაკავშირებით გამოთქმულ შეშფოთებას და განაცხადა, რომ ეს შეთანხმება სოხუმისთვის რაიმე რისკს არ შეიცავს.

„მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრება მნიშვნელოვანია რუსეთისთვის, რომელიც ჩვენი სტრატეგიული მოკავშირეა. და რა უნდა გავაკეთოთ ამ შემთხვევაში? თავზე ნაცარი დავიყაროთ? ამის საფუძველი არ არსებობს. შიშები აქ ზედმეტია და, მითუმეტეს, ფობიები. და დამიჯერეთ, ჩვენ არაფერს არ გავაკეთებთ ისეთს, რაც ზიანს მიაყენებს აფხაზეთს“, – განაცხადა ანქვაბმა.

მისი თქმით, არსებობს საკითხები, რომლებიც წყნარად უნდა მოგვარდეს, ზედმეტი საჯაროობის გარეშე. „ჩვენ ყოველთვის ვიცავთ აფხაზეთის ინტერესებს. შესაძლოა, ვინმეს უნდა, რომ ხმამაღლა და ხმაურიანად ავლაპარაკდეთ რაღაცის წინააღმდეგ, მაგრამ ეს არ იქნება სწორი. აფხაზეთისთვის რაიმე რისკები არ არსებობს“, – განაცხადა ანქვაბმა.

მისი თქმით, რუსეთსა და აფხაზეთს შორის ვაჭრობის მოცულობის შესახებ მონაცემები საჯაროა და „ეს ვინმესთვის რაიმე სტრატეგიულ ინტერესს არ წარმოადგენს“.

„თუ ის გვაღელვებს, რომ რუსულ მხარეზე ტვირთებზე ელექტრონული მონაცემები, ჩიპები მიმაგრდება, ვინ თქვა, რომ ეს ყველაფერი აფხაზურ მხარეზეც იმუშავებს? ჩვენთან ამაზე არავინ შეთანხმებულა. ვინ თქვა, რომ ჩვენი გავლით ტვირთები სადღაც წავა? ამაზე არავინ შეთანხმებულა ჩვენთან. ჩვენ იმაზე ვსაუბრობთ, რომ ვერანაირი დამკვირვებლები, რომლებიც იქ მონიტორინგს განახორციელებენ, ვერ გამოჰყვებიან ტვირთებს ჩვენს მხარეზე. ჩვენ არავის არ შემოვუშვებთ და ჩვენი თანხმობის გარეშე ვერანაირი ტვირთი ვერსად ვერ წავა“, – განაცხადა ანქვაბმა.

მისი თქმით, ის ფაქტი, რომ აფხაზეთი საერთოდ არ არის ნახსენები რუსეთ-საქართველოს ორმხრივ შეთანხმებაში, სადაც „სავაჭრო დერეფნები“ გეოგრაფიული კოორდინატებითაა განსაზღვრული, ვერ შეცვლის ადგილზე არსებულ რეალობას.

„იმის გამო, რომ ჩვენს ქვეყანას „დერეფანი“ უწოდეს, აფხაზეთი არ შეწყვეტს აფხაზეთად ყოფნას; ჩვენი კონსტიტუცია და ჩვენი დამოუკიდებლობა არსად არ წასულა. მოეწერება თუ არა ხელი შეთანხმებას, ჩვენი ამოცანაა, ყველაფერი გავაკეთოთ იმისათვის, რომ არანაირი საერთაშორისო დოკუმენტი არ ლახავდეს ჩვენს სუვერენიტეტს და არ არღვევდეს ჩვენს დამოუკიდებლობას. ამას ნამდვილად არ დავუშვებთ“, – განაცხადა მან.

7 დეკემბერს გავრცელებულ ცალკე ინფორმაციაში „აფსნიპრესი“ იტყობინება ანქვაბის სიტყვებზე დაყრდნობით, რომ აფხაზეთმა „საქართველოსთან ვაჭრობის ლეგალიზება უნდა მოახდინოს“. მისი თქმით, იგი მდინარე ენგურზე არსებული საზღვრის გასწვრივ ვაჭრობის საბაჟო ადმინისტრირების მომხრეა.

„საიდუმლოს არ წარმოადგენს, რომ უამრავი ხილი და ბოსტნეულია მაღაზიებსა და ბაზრებში [აფხაზეთში], რომელიც არალეგალურადაა შემოტანილი ქართულ-აფხაზური საზღვრის გავლით; თუმცა სახელმწიფოს არანაირი შემოსავალი არ აქვს ამ სავაჭრო ბრუნვიდან“, – განაცხადა ანქვაბმა.