საზოგადოება
თბილისი, 7 დეკემბერი, საქინფორმი. ხალხის მიერ არჩეული ალა ჯიოევა აცხადებს, რომ მოქმედი ხელისუფლების მხრიდან მის მომხრეთა მიმართ რეპრესიები დაიწყო.
„ჩვენი ორი მომხრე თითქოს იარაღის უკანონო შენახვის გამო დაიჭირეს, რამდენიმე თანამოაზრე დაკავებულია ჩრდილოეთ ოსეთში და ჩვენ არ გვაქვს არავითარი გარანტია, რომ ეს არ გაგრძელდება და რომელიმე ჩვენგანს ნარკოტიკებს ან იარაღს არ ჩაუდებენ“, – განაცხადა ჯიოევამ ცხინვალის ცენტრალურ მოედანზე მიტინგზე სიტყვით გამოსვლისას.ამას გარდა, ჯიოევამ ედუარდ კოკოითის მოუწოდა, სიმამაცე გამოიჩინოს და განაცხადოს, რომ მან გადადგომის შესახებ განცხადება დაწერა.
„ჩვენ მზად ვართ თქვენთან ყოველგვარი დიალოგისთვის. მოლაპარაკე მხარეები შეხების წერტილს იპოვიან. მე კი ვერავინ გამტეხს და ბოლომდე, გამარჯვებამდე ვიდგები. არ არის ისეთი ძალა, რომელსაც ძალუძს შემაშინოს და თუ საჭიროა სისხლი, დაე, ეს ჩემი სისხლი იყოს, მაგრამ შეწყვიტეთ ხალხის დაშინება და მუქარა!“ – აცხადებს ჯიოევა.