სამართალი
თბილისი, 7 დეკემბერი, საქინფორმი. სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტის მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგების მიხედვით, გამოკითხულთა 75.7 %-ს რეალურად მიაჩნია არსებული ხელისუფლების შეცვლა მხოლოდ არჩევნების გზით. 12.2 %-ს ამ ეტაპზე არსებული ხელისუფლების შეცვლა ნებისმიერი გზით არარეალურად მიაჩნია; რევოლუციის გზით, თუ ხელისუფლებამ არჩევნები გააყალბა, შესაძლებლად 3.6 %-ს მიაჩნია, 3.2 % კი მიიჩნევს, რომ არსებული ხელისუფლება უნდა შეიცვალოს რევოლუციის გზით არჩევნებამდე.
კვლევა საქართველოს განვითარების კვლევითი ინსტიტუტის დაკვეთით 2011 წლის 11-22 ნოემბერს ჩაატარა.კვლევა საარჩევნო ასაკის მოსახლეობის პოლიტიკური განწყობებისა და ქვეყანაში მიმდინარე პროცესების მიმართ ამომრჩეველთა დამოკიდებულების შესწავლას ეხებოდა. სულ გამოიკითხა დაახლოებით 3000 რესპონდენტი საქართველოს 11 რეგიონში, თბილისის ჩათვლით.
საქართველოს განვითარების კვლევითი ინსტიტუტი კვლევის სრულ შედეგებს საზოგადოებას 8 დეკემბერს „თბილისი მარიოტში“ წარუდგენს. ღონისძიებას დაესწრებიან პოლიტიკური პარტიების, დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო ორგანიზაციების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლები.