პოლიტიკა
ივანიშვილი ვითარებას შეცვლის

ivaninshvili_34თბილისი, 7 დეკემბერი, საქინფორმი. სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტის მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგების თანახმად, 52.8% მიიჩნევს, რომ „პოლიტიკაში ივანიშვილის სახით მოვა ახალი ძალა, რომელიც ქვეყანაში ვითარებას უკეთესობისკენ შეცვლის“. კითხვაზე – რა მოლოდინებს უკავშირებთ პოლიტიკაში ივანიშვილის გამოჩენას ქვეყნის მომავალი განვითარებისთვის? – 23%-ს პასუხის გაცემა უჭირს. რესპონდენტთა 16.1% მიიჩნევს, რომ ივანიშვილის პოლიტიკაში მოსვლით ქვეყანაში არსებული ვითარება არ შეიცვლება, 8% კი ვარაუდობს, რომ ივანიშვილის პოლიტიკაში მოსვლა ქვეყანაში არსებულ ვითარებას გააუარესებს.

კვლევა საარჩევნო ასაკის მოსახლეობის პოლიტიკური განწყობებისა და ქვეყანაში მიმდინარე პროცესების მიმართ ამომრჩეველთა დამოკიდებულების შესწავლას ეხებოდა. სულ გამოიკითხა დაახლოებით 3000 რესპონდენტი საქართველოს 11 რეგიონში, თბილისის ჩათვლით. საქართველოს განვითარების კვლევითი ინსტიტუტი კვლევის სრულ შედეგებს საზოგადოებას 8 დეკემბერს „თბილისი მარიოტში" წარუდგენს. ღონისძიებას დაესწრებიან პოლიტიკური პარტიების, დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო ორგანიზაციების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლები.