სამართალი
თბილისი, 7 დეკემბერი, საქინფორმი. როგორც „თავისუფალი საქართველოს“ პრესსამსახური საქინფორმს ატყობინებს, მსჯავრდებულის მიმართ არაადამიანური მოპყრობის ფაქტი დაფიქსირდა N17 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, კერძოდ, მსჯავრდებულ კახა ბარათაშვილის მიმართ. ამის შესახებ განცხადება გაავრცელა სახალხო დამცველის ოფისმა და პროკურატურას რეაგირებისკენ მოუწოდა.
„თავისუფალი საქართველო“ მიესალმება სახალხო დამცველის სწრაფ და ადეკვატურ რეაგირებას. თუმცა აუცილებელია, ომბუდსმენის განცხადებამ გამოიღოს სასურველი შედეგი და დამნაშავეების მიმართ დაიწყოს სისხლისსამართლებრივი დევნა.აღნიშნული შემთხვევა წარმოადგენს იშვიათ გამონაკლისს, როდესაც მსჯავრდებულმა გაბედა, საჯაროდ განეცხადებინა მასზე განხორციელებული ზეწოლის შესახებ.
„თავისუფალი საქართველო“ მოუწოდებს საერთაშორისო უფლებადამცველ ორგანიზაციებს, განსაკუთრებული ყურადღება მიაქციონ კახა ბარათაშვილის მიმართ განხორციელებულ არაადამიანური მოპყრობის ფაქტს და თვალი არ დახუჭონ საქართველოს სასჯელაღსრულების დაწესებულებებში ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებზე, რასაც, სამწუხაროდ, პერმანენტული ხასიათი აქვს“, – აცხადებს პარტიის პოლიტიკური მდივანი თენგიზ ომანიძე.