აქტუალური
რუსეთი ქართულ პროდუქციას შეისწავლის

eqsportiorთბილისი, 7 დეკემბერი, საქინფორმი. როგორც საქართველოს ექსპორტიორთა ასოციაცია საქინფორმს ატყობინებს,„როსპოტრებნადზორის“ ხელმძღვანელ გენადი ონიშჩენკოს გუშინდელი განცხადებით, რუსული მხარე მზად არის, საქართველოში გამოგზავნოს ექსპერტები, რათა დაიწყოს 7 ქართული კომპანიის  საექსპორტო პროდუქციის ადგილზე შესწავლა.

საქართველოს ექსპორტიორთა ასოციაცია 2011 წლის ოქტომბრიდან აწარმოებს  „როსპოტრებნადზორთან“ აქტიურ მოლაპარაკებებს ქართული პროდუქციის რუსულ ბაზარზე დაბრუნების თემაზე. შედეგად ასოციაციამ რუსულ მხარეს შესამოწმებლად მიაწოდა კონკრეტული კომპანიების საექსპორტო პროდუქციის სათანადო დოკუმენტაცია.

„გენადი ონიშჩენკოს აღნიშნული განცხადება საშუალებას გვაძლევს, ვივარაუდოთ, რომ დოკუმენტების შემოწმების შემდეგ დაიწყება პროდუქციის სერტიფიცირების ბოლო ეტაპი – პროდუქციის სინჯების ლაბორატორიული შემოწმება“, – აღნიშნავს საქართველოს ექსპორტიორთა ასოციაცია და კიდევ ერთხელ შეახსენებს ყველა დაინტერსებულ კომპანიას, რომ პროცესი ყველასთვის ღიაა და პროდუქციის ექსპორტის განაცხადების შეტანა ასოციაციაში ნებისმიერ დროსაა შესაძლებელი.