საფეხბურთო კლუბი „გაგრა“ ეროვნულ ჩემპიონატში მერვე ადგილზე იმყოფება და დიდი გარჯა მოუწევს იმისთვის, რომ მეორე წრის ბოლომდე საუკეთესო რვა გუნდს შორის დარჩეს. ჩემპიონატისგან განსხვავებით, გაგრელები კარგად გამოიყურებიან თასის გათამაშებაში. მარტვილის „მერანი“ 4:0 გაანადგურეს საკუთარ არენაზე.
რა არის ჩემპიონატში ჩავარდნის მიზეზი და შეინარჩუნებს თუ არა ტიტულს „გაგრა“? – ამ და სხვა საკითხებზე საქინფორმი „გაგრის“ ვიცე-კაპიტან ზვიად ჩხეტიანს ესაუბრა.– „გაგრამ“ საკმაოდ კარგად დაიწყო ჩემპიონატი, მაგრამ ახლა მერვე ადგილზეა. რა არის ჩავარდნის მიზეზი?
– მიზეზი ზედმეტად თავდაჯერებულობა იყო. არც ახლაა გუნდში ყველაფერი კარგად.
– წარუმატებლობა იმანაც ხომ არ გამოიწვია, რომ ანატოლი პისკოვეცმა ამოწურა რესურსი გუნდში?
– ვერ ვიტყვი, რომ რესურსი ამოწურა, უბრალოდ, ჩავარდნის მიზეზი სწორედაც რომ ზედმეტი თავდაჯერებულობა იყო.
– რა შეიცვალა უკრაინელი სპეციალისტის მიერ „გაგრის“ დატოვების შემდეგ?
– ბევრი რამ: ჩვენ ახლა უფრო მეტ ყურადღებას შეტევას ვუთმობთ და ვფიქრობ, საკმაოდ კარგადაც გამოგვდის.
– ეროვნული ჩემპიონატის ბოლო ტურში „მეტალურგთან“ რუსთავში ფრედ – 1:1 დაასრულეთ შეხვედრა. უფრო მეტიც, მასპინძლებმა ბოლო წუთზე გადაარჩინეს შეხვედრა. „გაგრა“ აუტსაიდერის ამპლუაში ჩავიდა რუსთავში და ფსიქოლოგიურად თუ იმოქმედა ამ შედეგმა?
– რუსთავში მომენტებიც გვქონდა, მაგრამ ვერ გამოვიყენეთ. როგორც ბევრი სხვა გუნდი, ჩვენც ბოლოს დავისაჯეთ. ამ თამაშის შემდეგ ბიჭებმა ვირწმუნეთ, რომ ჩვენ მოგება და კარგად თამაში შეგვიძლია და „მერანთან“ 4:0, დამეთანხმებით, ცუდი შედეგი არაა.
– მარტვილთან მოგების შემდეგ „გაგრამ“ სერიოზული განაცხადი გააკეთა, თან დაამარცხეთ მეტოქე, რომელიც პირველი ლიგიდან მოყოლებული, უხერხული მეტოქეა თქვენთვის. თასის შენარჩუნებას აპირებთ?
– რა თქმა უნდა! ფეხბურთელებიც და ხელმძღვანელობაც ყველაფერს ვაკეთებთ თასზეც და ჩემპიონატშიც, რომ ღირსეულად გამოვიდეთ.
– თუმცა ჩემპიონატში საქმე არცთუ კარგად მიგდით...
– ამ ეტაპზე ჩვენი მიზანი საუკეთესო რვა გუნდში მოხვედრაა. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ცხრილში ზემო ადგილზე მოვხვდეთ.
ესაუბრა მაგდა კლდიაშვილი