სამართალი
თბილისი, 7 დეკემბერი, საქინფორმი. როგორც საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია საქინფორმს ატყობინებს, ორგანიზაციის თავმჯდომარემ 2011 წლის 6 დეკემბერს ადვოკატ ალექსი შოშიკელაშვილის მხარდაჭერის მიზნით, სასჯელაღსრულების №7 დაწესებულებასთან განახორციელა მონიტორინგი.
საქინფორმი გთავაზობთ მიმართვის ტექსტს უცვლელად:
„2011 წლის 6 დეკემბერს, 12 საათზე, ადვოკატ ალექსი შოშიკელაშვილის მხარდაჭერის მიზნით, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე სასჯელაღსრულების №7 დაწესებულებასთან განახორციელებს მონიტორინგს და პირადად დააკვირდება, ადვოკატ ალექსი შოშიკელაშვილს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მხრიდან მიეცემა თუ არა საშუალება, განახორციელოს თავისი პროფესიული მოვალეობები, შეხვდეს თავისი დაცვის ქვეშ მყოფ პირს და შეძლოს მისგან მტკიცებულებების მოპოვება. ბატონი ზაზა ხატიაშვილი აცხადებს: „საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ არაერთხელ განვაცხადე ადვოკატთა კორპუსის ინსტიტუციონალური დევნის თაობაზე, რამაც ასახვა პოვა მრავალ საერთაშორისო დოკუმენტში. მიუხედავად საერთაშორისო ორგანიზაციების მხარდაჭერისა, სააკაშვილის რეჟიმი აგრძელებს ადვოკატთა უფლებების უპრეცედენტო დარღვევას. ადვოკატ ალექსი შოშიკელაშვილს ორი თვეა, არ ეძლევა უფლება, სასჯელაღსრულების №7 დაწესებულებაში შეხვდეს თავისი დაცვის ქვეშ მყოფ მსჯავრდებულ მევლუდ ჭიჭიაშვილს. 2011 წლის ოქტომბერს ადვოკატი ალექსი შოშიკელაშვილი შესული იყო თავისი დაცვის ქვეშ მყოფ მევლუდ ჭიჭიაშვილთან, რა დროსაც მევლუდ ჭიჭიაშვილმა ადვოკატს მისცა წერილობითი ჩვენება მის მიმართ განხორციელებულ დარღვევებზე. როდესაც ადვოკატი ტოვებდა სასჯელაღსრულების №7 დაწესებულებას, მას მოსთხოვეს მტკიცებულების მათთვის გადაცემა. ადვოკატი ალექსი შოშიკელაშვილი 1,5 საათი არწმუნებდა სასჯელაღსრულების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე გაგა კურნალიძეს, რომ მას უფლება არ ჰქონდა, ადვოკატისთვის მოეთხოვათ დაცვის ქვეშ მყოფი პირისაგან მიღებული მტკიცებულება. მიუხედავად ადვოკატის კანონიერი მოთხოვნისა, ადვოკატი ჩაკეტეს, აღუკვეთეს თავისუფლება და არ უშვებდნენ მანამ, სანამ მას თავის ხელით არ დააწვევინეს დაცვის ქვეშ მყოფი პირისაგან მიღებული მტკიცებულება. ვინაიდან საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე აღშფოთებული ვიყავი სასჯელაღსრულების დაწესებულების უკანონო მოქმედებით, მივმართე საქართველოს იუსტიციის მინისტრ ალექსი შოშიკელაშვილის უკანონო თავისუფლების აღკვეთის ფაქტთან დაკავშირებით რეაგირების მოხდენის თაობაზე. მინისტრმა ადეიშვილმა, ნაცვლად იმისა, რომ დაესაჯა სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ის პირები, ვინც შეზღუდა ადვოკატის უფლებები, ადვოკატ ალექსი შოშიკელაშვილს დღემდე არ ეძლევა შესაძლებლობა, განახორციელოს თავისი პროფესიული მოვალეობა და შეხვდეს თავისი დაცვის ქვეშ მყოფ პირს სასჯელაღსრულების №7 დაწესებულებაში“.