პოლიტიკა
„2011 წლის 4 დეკემბერს ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში რუსეთის ფედერაციამ უკანონოდ, საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპების დარღვევით, საქართველოს ცენტრალურ ხელისუფლებასთან შეუთანხმებლად ჩაატარა სახელმწიფო სათათბიროს არჩევნები. ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ გახსნა 12 ე.წ. „საარჩევნო უბანი“, ხოლო არჩევნებში მონაწილეობა მიიღო ოკუპირებული ტერიტორიების მოსახლეობის იმ ნაწილმა, რომელთაც უკანონოდ ჩატარებული პასპორტიზაციის შედეგად რუსული პასპორტები დაურიგდათ და რუსეთის ფედერაციის საოკუპაციო ძალების მოსამსახურეებმა.
ამ ქმედებით რუსეთის ფედერაციამ მორიგჯერ დაარღვია საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული პრინციპები. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს საერთაშორისო თანამეგობრობას, ადეკვატური შეფასება მისცეს აღნიშნულ დარღვევას“.