სამართალი
ცვლილებები უმაღლესი განათლების შესახებ კანონში

cvlilebebiiiთბილისი, 7 დეკემბერი, საქინფორმი. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი თბილისის საჯარო სკოლების 200-მდე მეთორმეტეკლასელს შეხვდა და ის ცვლილებები გააცნო, რომლებიც უმაღლესი განათლების შესახებ კანონში  2012 წლის 1 იანვრიდან შევა. ლიბერალური ცვლილებები რამდენიმე მიმართულებით ხორციელდება: 1. აბიტურიენტთა მეორადი ჩარიცხვების გაუქმება; 2. სამედიცინო და იურიდიულ ფაკულტეტებზე მინიმალური ზღვარის გაზრდა; 3. უმაღლესი სასწავლებლებისთვის შეზღუდვების  დაწესება; 4. ცვლილება სტუდენტთა მობილობის წესში; 5. უცხოეთში მცხოვრები მოქალაქისთვის საქართველოში სწავლის დაწყების პროცედურის გამარტივება; 6. ცვლილებები უმაღლეს პროფესიულ განათლებაში.

ცვლილებების მიხედვით, 2012 წლიდან აბიუტურიენტთა მეორადი  ჩარიცხვები უქმდება. შვიდის ნაცვლად, აბიტურიენტი თავიდანვე ოც სასურველ ფაკულტეტს აირჩევს. უმაღლეს სასწავლებელში ჩაბარების მსურველს უფართოვდება მისთვის სასურველი ფაკულტეტის შერჩევის არეალი, თუმცა მისი ჩარიცხვა მხოლოდ ერთხელ გაკეთებული არჩევანის საფუძველზე მოხდება.  ამით  გამოცდების საბოლოო შედეგების გამოცხადება დაჩქარდება და იგი ნაცვლად ოქტომბრისა,  25 აგვისტომდე გახდება ცნობილი. ამდენად, 2012 წელი აბიტურიენტებისა და მათი მშობლებისთვის ნაკლებად სტრესული და უფრო კომფორტული იქნება.

მომავალი წლიდან ორ სპეციალობაზე – სამედიცინოსა და იურიდიულზე, კომპეტენციის მინიმალური ზღვარი 10-10%-ით გაიზრდება და სამ საგანში – 35%, ხოლო უცხო ენაში 30% გახდება.

უმაღლეს სასწავლებლებს შეზღუდვები უწესდებათ და ყველა მათგანი ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მეოთხე საგანს მხოლოდ მაპროფილებელი მიმართულებიდან აირჩევს. აქამდე მეოთხე საგანს თავად უმაღლესი ირჩევდა და  მიუხედავად მკაცრი პოლიტიკისა, არსებობდა უნივერსიტეტები, სადაც სამედიცინო ფაკულტეტზე მეოთხე გამოცდას აბიტურიენტები არა ქიმია-ბიოლოგიაში, არამედ ისტორიაში ან გეოგრაფიაში აბარებდნენ.

ცვლილება შედის კანონში მობილობასთან დაკავშირებით. სტუდენტთა მობილობა იზღუდება იმ თვალსაზრისით, რომ  მაგალითად, ისტორიის ფაკულტეტის სტუდენტი სამედიცინოს სტუდენტი ვერ გახდება, ვიდრე ის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მეოთხე განსხვავებულ გამოცდას შესაბამის საგანში არ ჩააბარებს. სტუდენტს, რომელიც მობილობით იცვლის ფაკულტეტს, კრედიტები უნარჩუნდება.

მარტივდება უცხო ქვეყნიდან ჩამოსული მოსწავლის ან სტუდენტის სასწავლო დაწესებულებაში მიღების წესი. 2012 წლიდან  ისინი სასურველ სასწავლებელში განაცხადის გაკეთებიდან 48 საათის განმავლობაში შეძლებენ სწავლის დაწყებას. საჭირო დოკუმენტაციის ნამდვილობის დადასტურება კი პარალელურ რეჟიმში მოხდება. ცვლილების განხორციელებამდე უცხოეთიდან საქართველოში სწავლის გაგრძელების მსურველს ლოდინი რამდენიმე თვის განმავლობაში უწევდა.

ჩარიცხვის მექანიზმი უმაღლესი პროფესიული განათლების მიმართულებითაც იცვლება. სიახლე უმაღლესი პროფესიული განათლების IV და V დონეებს ეხება. ახალი წესით, აბიტურიენტები უმაღლეს პროფესიულ სასწავლებლებში ისეთივე პრინციპით მოხვდებიან, როგორც მაგისტრატურაში – ისინი ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ზოგად უნარებს ჩააბარებენ და  აგვისტოში აირჩევენ სასურველ სპეციალობებს.  სტუდენტი წინასწარ არ აფიქსირებს, თუ სად აპირებს სწავლის გაგრძელებას.