აქტუალური
თბილისი, 6 დეკემბერი, საქინფორმი. როგორც ბიძინა ივანიშვილის პრესსამდივნო საქინფორმს ატყობინებს, პრესსამდივნო „მაესტროს“ მოვლენებთან ბიძინა ივანიშვილის სახელის კავშირის თაობაზე განმარტებას ავრცელებს. გთავაზობთ ტექსტს უცვლელად:
„გამომდინარე იქედან, რომ მავანნი ცდილობენ „მაესტროს“ ირგვლივ მიმდინარე მოვლენები ბიძინა ივანიშვილის სახელს დაუკავშირონ, იძულებულნი ვართ, კიდევ ერთხელ განვმარტოთ: ბიძინა ივანიშვილი მზად არის, დაეხმაროს დამოუკიდებელ, თავისუფალ ჟურნალისტიკას და ამით დაეხმაროს სამოქალაქო საზოგადოების განმტკიცების პროცესს. ბიძინა ივანიშვილის მიზანია არა ერთი რომელიმე კონკრეტული მედიასაშუალების ინტერესების დაცვა, არამედ, ზოგადად, თავისუფალი ქართული ჟურნალისტიკის მხარდაჭერა. ამ მიზნით აწარმოებდა და მომავალშიც გააგრძელებს ბიძინა ივანიშვილი შეხვედრებს როგორც ბეჭდური, ისე ელექტრონული მედიის წარმომადგენლებთან. ასე რომ, ხმები ბიძინა ივანიშვილის მიერ ტელეკომპანია „მაესტროს“ შესყიდვის სურვილის შესახებ სიმართლეს არ შეესაბამება; იგი გარკვეულ პირთა ინტერესებს ემსახურება და პროცესების სხვა ჭრილში გადატანის მცდელობას წარმოადგენს. ბიძინა ივანიშვილი არ აპირებს საზოგადოებისგან მალულად არანაირი მოლაპარაკების წარმოებას, მათ შორის, მედიასაშუალების შესყიდვის თაობაზე და თუ მომავალში ბიძინა ივანიშვილი გადაწყვეტს, შეიძინოს ესა თუ ის მედიაკომპანია, ამის შესახებ საჯაროდ და ღიად განაცხადებს“.