პოლიტიკა
მოლაპარაკებები თავისუფალი ვაჭრობის შესახებ

evrokavshiriiiiiiiiთბილისი, 6 დეკემბერი, საქინფორმი. ევროკავშირმა მიიღო გადაწყვეტილება ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებაზე საქართველოსთან მოლაპარაკებების დაწყების თაობაზე.

აღნიშნული მიმართულება წარმოადგენს საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შესახებ შეთანხმების მნიშვნელოვან კომპონენტს.

„მოლაპარაკებები წარიმართება ვაჭრობისა და ეკონომიკური საკითხების ფართო სპექტრზე, რაც ხელს შეუწყობს ევროკავშირთან საქართველოს უფრო ღრმა ეკონომიკურ ინტეგრაციას. ევროკავშირის გადაწყვეტილება მოლაპარაკებების დაწყების თაობაზე განპირობებულია აღნიშნული პროცესის დასაწყებად საჭირო შესაბამისი რეფორმებისა და პირობების განხორციელებაში საქართველოს მიერ მიღწეული სათანადო პროგრესით“, – ნათქვამია საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ვაჭრობის საკითხებში ევროკომისარ კარელ დე გუხტის განცხადებით, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო ზონა ხელს შეუწყობს საქართველოს, გახდეს უფრო კონკურენტუნარიანი და შეეძლოს ევროკავშირის შიდა ბაზრით სარგებლობა.