პოლიტიკა
მანანა მანჯგალაძე: „70 მილიონის დაზოგვა ადასტურებს, რომ ხელისუფლების ქმედებები სწორი იყო“

mananikoთბილისი, 6 დეკემბერი, საქინფორმი. როგორც საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერმა მანანა მანჯგალაძემ დღეს გამართულ ტრადიციულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, „გარიგებით, რომელიც ებრაულ მხარესთან დაიდო, ქართულმა მხარემ 70 მილიონი დოლარი დაზოგა. „ეს არის საქმე, რომელიც 90-იანი წლების დასაწყისში დანაშაულებრივი კორუფციული გარიგების შედეგად შედგა და დღემდე მძიმე ტვირთად აწვა ქვეყანას. 
ამის გამო, ჯამური სახით, სახელმწიფოს 110 მილიონი დოლარი ჰქონდა გადასახდელი საურავების ჩათვლით. 70 მილიონი დოლარის დაზოგვა ადასტურებს, რომ საქართველოს ხელისუფლების ქმედებები და გადადგმული ნაბიჯი იყო სწორი“, – განაცხადა მანჯგალაძემ.

როგორც ცნობილია, რონი ფუქსი და ზეევ ფრენკელი ქართველმა სამართალდამცველებმა ქრთამის მიცემის ბრალდებით დააკავეს. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ებრაელ ბიზნესმენებს 7 და 6,5 წლით პატიმრობა ჰქონდათ მისჯილი, თუმცა მიმდინარე წლის 2 დეკემბერს ისინი საქართველოს პრეზიდენტმა შეიწყალა.
ამასთან, იმავე დღეს საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ გააკეთა განცხადება, რომ მიაღწია ქვეყნისთვის ხელსაყრელ შეთანხმებას კომპანია „Tramex International Inc“-თან. ებრაელი ბიზნესმენების სახელი სწორედ ამ კომპანიას უკავშირდება. კერძოდ, დავა შეეხებოდა 1992 წლის 3 მარტს საქართველოს მაშინდელი მთავრობის უკანონო გადაწყვეტილებას, რომლითაც სახელმწიფო კომპანია „საქნავთობმა“ გააფორმა კაბალური ხელშეკრულება კომპანია „Tramex International Inc“-ის წარმომადგენლებთან.

„საერთაშორისო არბიტრაჟის გადაწყვეტილებით, „Tramex International Inc“-ის წილის მფლობელების სასარგებლოდ საქართველოს დაეკისრა 98 მილიონი დოლარის გადახდა, რომელმაც მზარდი პროცენტის გამო 110 მილიონ აშშ დოლარს მიაღწია. საქართველოს მთავრობამ ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ ქვეყანას თავიდან აეცილებინა მძიმე ფინანსური სანქციები, რომელიც გამოწვეული იყო წინამორბედი ხელისუფლების უკანონო ქმედებებითა და ქვეყანაში იმ დროს არსებული კორუფციით. ამ მიზნით, საქართველოს მთავრობამ მაღალი კვალიფიკაციისა და გამოცდილების მქონე საერთაშორისო იურიდიულ კომპანიებთან ერთად მოლაპარაკებები აწარმოა და მიღწეულია შეთანხმება, რომლის საფუძველზეც დასრულდა მრავალწლიანი დავა. საბოლოოდ, საქართველო გადაიხდის დაკისრებული თანხის მხოლოდ 1/3-ს, შესაბამისად, ბიუჯეტიდან დაიზოგა 70 მილიონი აშშ დოლარი, რაც ფინანსური თვალსაზრისით საქართველოსთვის სასარგებლოა“, – განმარტავენ იუსტიციის სამინისტროში.