აქტუალური
ნევროზი – საუკუნის დაავადება

nevrozთბილისი, 6 დეკემბერი, საქინფორმი. ნევროზი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დაავადებაა. მისი მკვეთრი ზრდა XX-XXI საუკუნეებში დაფიქსირდა, რაც განაპირობა კომუნიკაციის განვითარებამ. ჩვენ ვცხოვრობთ სტრესულ გარემოში და ეს ყველაფერი აისახება ადამიანების ფსიქიკაზე.

ლონდონში დაავადებულთა ერთი მესამედი სწორედ ნევროზებით არის შეპყრობილი. რა თქმა უნდა, ეს პრობლემა საქართველოშიც აქტუალურია  და ძალიან მნიშვნელოვანია მასთან ბრძოლა ბავშვობიდანვე.

ნევროზი, როგორც ცნება, ეს არის ნერვულ-ფსიქიკური აშლილობა, რომელიც, როგორც წესი, განპირობებულია ამა თუ იმ სიტუაციით.

საქართველოში არსებული ნევროზის პრობლემის აქტუალურობა ხშირად არის საუბრის თემა. მასთან  საბრძოლველად ზოგი ექიმს მიმართავს, ზოგი კი თავად იყენებს ამა თუ იმ მედიკამენტს.

ამ თემაზე საქინფორმი ესაუბრა ნევროლოგს, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორს, პროფესორს,  ნიუ იორკის მეცნიერებათა აკადემიის საპატიო წევრს, ბატონ  მამუკა მაკარიძეს, რომელიც თითქმის 40 წელია, დაკავებულია ამ პრობლემის მკურნალობით.  ბატონი მამუკას თქმით, ნევროზების საგრძნობლად მზარდი რაოდენობა დაკავშირებულია სოციალურ პრობლემებთან, არსებულ დუხჭირ ცხოვრებასთან,  ომთან, ემოციურ დატვირთვებთან და სტრესთან. ასევე, მნიშვნელოვანია ისეთი ცნება, როგორიც არის ინფორმაციის სიჭარბე. თავის ტვინი ელემენტარულად ვერ ასწრებს ამდენი ინფორმაციის გადამუშავებას და შედეგად ვიღებთ ნევროზს.

ბატონი მამუკას თქმით, საკმაოდ მაღალია მედიასაშუალებების როლიც, რომლებიც ძალიან დიდი რაოდენობით აშუქებენ  ნეგატიურ ინფორმაციას. უბედურებები მუდამ ხდებოდა, მაგრამ ასეთი რაოდენობით ამას ადრე არ გადმოსცემდნენ.

პროფესორი მამუკა მაკარიძე საუბრობს  ნევროზის გამომწვევ მიზეზებზე. კერძოდ, ნევოზს ნამდვილად იწვევეს სამი რამ: პრემორბიტი, ესე იგი წინაგანწყობა, როდესაც ადამიანზე ამბობენ – ემოციური დაიბადაო; შემდეგ  სტრესი – ნებისმიერი დატვირთვა, ფიზიკური და ფსიქოემოციური გადაძაბვა; ასევე, ჰორმონალური დარღვევა. ჰორმონული დარღვევებიდან  ნევროზის თითქმის 70-75 პროცენტს სექსუალური მიზეზი იწვევს. ბევრ რამეზე დადებული ტაბუ, დაქორწინებამდე აკრძალვები,

თავის შეკავება ჯანმრთელობისთვის ნამდვილად მავნეა. გვიან დაქორწინება, არასრული და არასწორი სექსუალური ცხოვრება, ესე იგი ორგაზმის  არგანცდა, რაც ძალიან ხშირია ქართველ ქალებში, შედეგად იწვევს ნევროზს.

პროფესორ მაკარიძის  განმარტებით, ადამიანი თავს კომფორტულად რომ გრძნობდეს, ორგანიზმი ადაპტირებული უნდა იყოს ირგვლივ არსებულ გარემოსთან. ადაპტაცია ხორციელდება ნერვული, ენდოკრინული და იმუნური სისტემებით. მაგალითად, დაძაბულობისას პულსი ჩქარდება , გულისცემა ძლიერდება, წნევა მატულობს; დასვენების დროს კი – პირიქით. ნევროზების დროს ეს ადაპტაცია ირღვევა და ხშირად სიმშვიდის დროსაც კი ადამიანი გრძნობს დაძაბულობას, შფოთს, პულსის აჩქარებას და წნევის აწევას.

ადაპტაციის მექანიზმები შეკრებილია  ტვინში არსებულ ეგრეთ წოდებულ ნევროზის უბანში. იგი უშუალოდ დაკავშირებულია შინაგან ორგანოებთან – კუჭთან, გულსა და სხვა ორგანოებთან. ამით გამოიხატება ის კავშირი, რომ ნევროზის დროს კუჭიც სტკივათ, გულიც...  ამ უბანში არის ძილ-ღვიძილის ცენტრიც და ძილიც აქედან ირღვევა.

რაკი ეს არის ეგრეთ წოდებული ნევროზების ცენტრი, ვიცით, რატომ არის რისხვა, აგრესია. სხვათა შორის, რისხვის ცენტრი ძალიან ახლოს არის შიმშილის ცენტრთან, ამიტომაც შიმშილის დროს ვითარდება რისხვა. ამბობენ, რომ მამაკაცებს ეს ბირთვი უფრო ძლიერი აქვთ, ვიდრე ქალებს. ასე რომ, ყველაფერი ერთმანეთზეა გადაბმული.

ნევროზი, ძირითადად, ქალებს ემართებათ, რადგან მათ სხვადასხვა ასაკში აქვთ ჰორმონალური დატვირთვები: პუბერტატიული პერიოდი – 13-14-15 წლის ასაკი (ჩამოყალიბების პერიოდი) და კლიმაქტერიული პერიოდი.

„კლიმაქსი იგივე ნევროზია. კლიმაქსი ფორმირდება ტვინში, სწორედ იმ ნევროზის უბანში და ამიტომ მას მთელ ცივილიზებულ ქვეყნებში მკურნალობენ ისე, როგორც ნევროზს“, – ამბობოს ბატონი მამუკა.

მამაკაცებისთვის განსაზღრვული პერიოდი არ არის. მამაკაცებში კლიმაქსი ვლინდება მაშინ, როდესაც მათ აქვთ მეტი დატვირთვა; ვთქვათ, ჯართან, სამსახურში მოწყობასთან თუ დაქორწინებასთან, ოჯახის უზრუნველყოფასთან დაკავშირებული. ესე იგი, ისევ უკავშირდება  სოციალურ პრობლემებს.  მამაკაცებში კლიმაქსი უცხო არაა როგორც ადრეულ ახალგაზრდულ ასაკში, ისე ხანდაზმულობაში.

რაც შეეხება ნევროზის მკურნალობას, ბატონი მამუკას თქმით, უმჯობესია, თავიდანვე ექიმს მივმართოთ. დამამშვიდებლებით, ტრანკვილიზატორებით თვითმკურალობა ნამდვილად ზიანის მომტანია. ნევროზის მკურნალობა შეიძლება ფსიქოტერაპიითაც, ანუ შთაგონებით, განმარტებით.

ფსიქოთერაპიის მეთოდი სხვადასხვანაირია. შემდეგი ეტაპია მცენარეული – ბალახებით მკურნალობა, მითუმეტეს, ბევრია ასეთი კომბინირებული პრეპარატი, ასევე,   დამამშვიდებლები.

„გართულებულ მდგომარეობაში კი უკვე აუცილებელია მედიკამენტოზური  მკურნალობის დანიშვნა. ამაშიც განსაკუთრებული არაფერია. ხშირად, ძირითადად, ხელოვნების სფეროს წარმომადგენლები უყურებენ ქიმიურ ჩარევას უარყოფითად. ეს არასწორი დამოკიდებულებაა. პრინციპში, ბალახში შემავალი ნივთიერებაც ხომ ქიმიაა – ისიც შედგება ნატრიუმისგან, კალიუმისგან თუ ქლორისგან“, – განგვიმარტავს ბატონი მამუკა.

ნევროზთან საბრძოლველად ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს სათანადო პირობების შექმნას. საჭიროა ცხოვრების სტილის შეცვლა, სამუშაოსა და გართობის შეთავსება.  ცეკვა  და სპორტი სასარგებლოა როგორც  ფიზიკურად, ისე ემოციურადაც.

ქართველი მანდილოსნების გამოკითხვით  გაირკვა, რომ ქალებს 30 წლის შემდეგ  ხშირად უჭირთ გახსენება, თუ  როდის განიცადეს ბოლოს სრული განტვირთვა და რელაქსაცია.

უმეტეს შემთხვევაში ნევროზს იწვევს არა ერთი რომელიმე ფაქტორი, არამედ  მათი კომპლექსი. და მაინც უნდა გამოიყოს სექსის საკითხი, რადგანაც, თუ მასში არ არის პრობლემა და პარტნიორების ერთმანეთთან სრულყოფილია, ეს მათ სხვა პრობლემების დაძლევაშიც ეხმარება .

 

მარიამ ჭელიშვილი