თბილისი, 6 დეკემბერი, საქინფორმი. მილიარდერმა ქველმოქმედმა ბიძინა ივანიშვილმა ვაშინგტონში განთავსებული ლობისტური ფირმა „BGR Government Affairs LLC“ დაიქირავა, რომელიც BGR Group–ის შვილობილი ფირმაა, რომელიც ევროპაშიც ახორციელებს საქმიანობას.
იგივე კომპანია დაიქირავა ზაფხულში ირაკლი ალასანიას პარტია „ჩვენი საქართველო – თავისუფალმა დემოკრატებმა“.
„თავისუფალი დემოკრატების“ მსგავსად, „BGR Government Affairs“-თან ივანიშვილს პირდაპირ არ დაუდია კონტრაქტი; შეთანხმება „BGR Gabara“-ს მეშვეობით გაფორმდა. ეს უკანასკნელიც „BGR Group“-ში შემავალი ფირმაა, რომელიც ჯგუფის ევროპულ ფილიალს წარმოადგენს; მისი ოფისი ლონდონშია განთავსებული და მის მომსახურებაში შედის მთავრობებთან ურთიერთობების დამყარება, ძირითადად, ლონდონსა და ბრიუსელში, ასევე, მედიასთან ურთიერთობა მთელი ევროპის მასშტაბით.„BGR Government Affairs“-ის მიერ აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტში წარდგენილი დოკუმენტების თანახმად, გაწეული მომსახურებისთვის ფირმა ყოველთვიურად 25 000 აშშ დოლარს მიიღებს.
კონტრაქტი (რომელიც ძალაში 2011 წლის 21 ნოემბრიდან შევიდა) მხარეებს შორის შეტყობინების საფუძველზე ყოველთვიურად განახლდება.
ალასანიას პარტიის მსგავსად, ივანიშვილის შემთხვევაშიც“ BGR Government Affairs“ კლიენტს შემდეგი სახის მომსახურებას უწევს: „კონტაქტების დამყარებას აშშ-ის მთავრობის წარმომადგენლებთან, მედიასაშუალებებსა და სხვა პირებთან შეერთებული შტატების ფარგლებში... 2012 წლის სამართლიანი, ღია და პატიოსანი არჩევნების მეშვეობით უფრო ძლიერი ქართული დემოკრატიის ხელშეწყობის მიზნით“.
ამავე დროს, საქართველოს მთავრობას ეროვნული უშიშროების საბჭოს მეშვეობით, ამჟამად სამი მოქმედი კონტრაქტი აქვს ვაშინგტონში ლობისტურ ფირმებთან, მათ შორის, „Podesta Group“-თან; „Orion Strategies“-სა და გრეგორი მანიატისთან – კონსულტანტთან „Ithaca Group“-დან. ამ კონტრაქტების საერთო მოცულობა 840 000 აშშ დოლარს შეადგენს.