საზოგადოება
მაკა ასათიანი ეროსი კიწმარიშვილის წინააღმდეგ

asatiani-maestroთბილისი, 6 დეკემბერი, საქინფორმი. შპს „სტუდია მაესტროს“ ერთ-ერთი დამფუძნებელი მაკა ასათიანი ტელეკომპანია „მაესტროს“ ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება. ასათიანის პოზიცია სპეციალური განცხადების სახით დღეს ჟურნალისტებს მისმა ადვოკატმა დიმიტრი გაბუნიამ გააცნო. განცხადებას საქინფორმი უცვლელად გთავაზობთ:

„ყველაფერი დაიწყო 2010 წლის აგვისტოდან, როდესაც ტელეკომპანია „მაესტროს“ მართვის კომპანიაში მაკა ასათიანის ხელშეწყობით დაიწყო თანხების ინვესტირება (აქვე აღვნიშნავთ, რომ მაკა ასათიანი დამფუძნებელი გახდა მხოლოდ 2011 წლის აპრილში გიორგი გაჩეჩილაძისგან წილის შეძენის გზით). 2011 წლის აგვისტოში, როდესაც მაკა ასათიანმა მიიღო ინფორმაცია მამუკა ღლონტისგან და ილია კიკაბიძისგან ფინანსების თაობაზე, „რუსთავის მედიის მართვის კომპანიისგან“ მოთხოვნილი იქნა მისთვის გადარიცხული თანხების ანგარიში-შედარება. აღმოჩნდა, რომ ეროსი კიწმარიშვილს სისტემატურად, დროის გარკვეულ მონაკვეთში ინვესტირებული თანხების გაბერვის გზით, მოპარული ჰქონდა დაახლოებით 500 ათასი აშშ დოლარზე მეტი ოდენობის თანხა, რაც მან დაუყოვნებლივ აღიარა და შეპირდა დამფუძნებლებს და კონკრეტულად მაკა ასათიანს, რომ ამ თანხას დააბრუნებდა უახლოეს მომავალში. ამ საუბარს ესწრებოდა მაკა ასათიანის მეუღლე კოტე გოგელიაც, რომელმაც შეიტყო რა მოპარული თანხების თაობაზე, დაუყოვნებლივ მოითხოვა მისი დაბრუნება. ეროსი კიწმარიშვილი სისტემატურად პირდებოდა დამფუძნებლებს, რომ ის მოიტანდა ამ თანხებს, თუმცა უშედეგოდ. ის ყოველთვის გაურბოდა მასზე დაკისრებული ვალდებულებების შესრულებას. განმიმარტა, რომ სანამ ის არ მოიტანდა მოპარულ თანხებს, არც ერთ თეთრს არ მიიღებდა მართვის კომპანია დაფინანსების სახით, რამაც გამოიწვია ეროსის ჯიბის დაცარიელება და ტელეკომპანია „მაესტროსთვის“ ფულადი ვალდებულებების შეუსრულებლობა. ამას მოჰყვა მთელი რიგი სპეკულაციები იმის თაობაზე, რომ მოიტანდა თანხებს იმ შემთხვევაში, თუ კონტრაქტის პირობები იქნებოდა გადახედილი და აყენებდა ახალ, მისთვის სასურველ მოთხოვნებს. ტელეკომპანიის ფუნქციონირება რომ არ შეწყვეტილიყო, მაკა ასათიანმა, როგორც დამფუძნებელმა, გადაწყვიტა, პირდაპირი დაფინანსების გზით მოეხდინა „მაესტროს“ ნორმალური მაუწყებლობა, რაც გამოიხატა როგორც ტექნიკის შეძენაში, ისე ტელეკომპანიის ფუნქციონირებისთვის აუცილებელ სხვა დაფინანსებაში, რამაც დღეის მდგომარეობით საბოლოო ჯამში გადააჭარბა 3 მლნ აშშ დოლარს. ამდენად, ეროსი კიწმარიშვილის მიმართვა ჟურნალისტებისადმი, რომ ის უხდიდა ფულს, თავი რომ დავანებოთ ჟურნალისტების მიმართ გამოხატულ შეურაცხყოფას, ამორალურია. იმის ნაცვლად, რომ ეროსი კიწმარიშვილს დაებრუნებინა ეს თანხები, ან მოეხმარებინა ტელეკომპანია „მაესტროსთვის“, განაცხადა, რომ საჭიროა ტელეკომპანიაში შტატების შემცირება და ე.წ. ქამრების შემოჭერის პოლიტიკის გატარება, რაც, ბუნებრივია, მიუღებელი იყო „მაესტროს“ დამფუძნებლებისთვის.

მიხვდა რა ეროსი კიწმარიშვილი, თუ რა საშიშროების წინაშე იდგა, რომ მას უკვე მოპარული და გაფლანგული ჰქონდა ეს თანხები, გადაწყვიტა, მისთვის ჩვეული თაღლითური ხერხებისთვის მიემართა და სარწმუნო წყაროზე დაყრდნობით შეეკრა ხელისუფლებას, დაგეგმა დანაშაულებრივი ქმედება – კერძოდ, ტელეკომპანია „მაესტროში“ შეიჭრა და „იმედი 2“-ის სცენარი გაითამაშა. ბუნებრივია, ეროსი კიწმარიშვილი „მაესტროს“ ღობეზე გადაძრომას და ტელეკომპანიაში შეჭრას ვერ გაბედავდა, თუ არა მისი წინასწარი ალიანსი-გარიგება ხელისუფლებასთან, რისი ნათელი მაგალითიც არის ტელეეთერში გასული კადრები, თუ როგორ აძლევს ეროსი კიწმარიშვილი საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს და უშუალოდ მათ უფროსს გრიგალაშვილს მითითებებს, ვინ სად უნდა განლაგებულიყო, ასევე, თუ როგორ ასრულებდნენ მის ბრძანებებს სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლები ჟურნალისტების არშეშვებასთან დაკავშირებით.

მოცემული მტკიცებულებები გვაძლევს დასაბუთებული ეჭვის ვარაუდს – ეროსი კიწმარიშვილი ჩავარდა რა მძიმე ფინანსურ მდგომარეობაში, ხელისუფლებასთან გარიგებით მოინდომა უკვე მოპარული ფულის უკან დაბრუნების გამორიცხვა და უფრო მეტიც, დამფუძნებლების და კონკრეტულად მაკა ასათიანის მიერ ინვესტირებული ფულით შეძენილი ქონების დაპატრონება-მითვისება.

სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ეროსი კიწმარიშვილს 2010 წლის აგვისტოდან არ ერთი თეთრი არ დაუხარჯავს ტელეკომპანია „მაესტროში“ (უფრო მეტიც, მისი მივლინებებიც კი მაკა ასათიანის მიერ იყო დაფინანსებული), რაზეც მიეცა არაერთი ზეპირი გაფრთხილება, თუმცა მან არ შეისმინა და დამფუძნებლებმა გადაწყვიტეს, საკითხის განხილვა იურიდიულ ჭრილში გადაეტანათ, რაც განხორციელდა კიდეც 2011 წლის 11 ნოემბრიდან. დამფუძნებლებისა და ტელეკომპანიის ადვოკატების მიერ ეროსი კიწმარიშვილს გაეგზავნა არაერთი წერილი და მოეთხოვა მის მიერ ნაკისრი ყველა ვალდებულების სრულად შესრულება. წინააღმდეგ შემთხვევაში მოხდება ხელშეკრულების ვადაზე ადრე შეწყვეტა ამავე ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობებით, 25-დღიანი ვადის გასვლის შემდეგ. ასეთი ვადა გადიოდა 2011 წლის 5 დეკემბერს.
ნაცვლად იმისა, რომ დაეწყო დავალიანების გადახდა და „მაესტროს“ წინაშე ვალდებულებები შეესრულებინა, მან დანაშაულებრივი გზით სცადა „მაესტროს“ მფლობელობაში არსებული ქონების დაუფლება, ეთერის გათიშვა და სხვადასხვა ქსელების გაბმით არსებული ფინანსური ვალდებულებებისგან ქურდბაცაცურად თავის დაძვრენა. ხვდებოდა რა, თუ რა კრახის წინაშე იდგა, ეროსი კიწმარიშვილმა რამდენიმე თვით ადრე გააკეთა განცხადება კოტე გოგელიას „ქართული პარტიიდან“ გარიცხვის თაობაზე, რაც აბსურდია, რადგან კოტე გოგელია არ არის საქართველოს მოქალაქე და, ბუნებრივია, ვერ იქნებოდა რომელიმე პარტიის წევრი. შემდგომ გააკეთა განცხადებები ტელეკომპანია „მაესტროში“ მისი თითქოს დარღვეული უფლებების თაობაზე და უფრო მეტიც, შევიდა რა ალიანსში ხელისუფლებასთან, უკანონო ქმედებების განხორციელებით, ღობეზე გადაძრომით და ტელევიზიის შენობის დაკავებით შეეცადა ვალდებულებების შესრულებისგან თავის არიდებას.

ბუნებრივია, ამ თამაშში ორივე მხარე – ეროსი კიწმარიშვილი და ხელისუფლება მიიღებდა თავისას. ეროსი აიცდენდა ფინანსურ და მოპარული ფულის უკან დაბრუნების ვალდებულებას, ასევე, მიიღებდა ახალ თანხებს, რაზეც გაურიგდა ხელისუფლებას, ხოლო ხელისუფლება ირიბად, შენიღბვით მიაღწევდა ტელეკომპანია „მაესტროს“ მაუწყებლობის პარალიზებას, თუმცა ბატონმა ერასტიმ ვერ მოახერხა დავალების შესრულება, რის გამოც აღმოჩნდა უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში.

„მაესტრო“ გადის ეთერში, უფრო მეტიც, რამდენიმე დღეში მას გაცილებით უკეთესი ფართი ექნება, ვიდრე ჰქონდა. ასევე, გაიზრდება საშტატო ერთეული და ხელფასები. ტელეკომპანია აღიჭურვება უახლესი ტექნიკით. რაც შეეხება მოარულ ჭორებს ტელეკომპანიის გაყიდვის თაობაზე, მინდა, სრული პასუხისმგებლობით განვაცხადო, რომ ტელეკომპანია „მაესტრო“ არ აპირებს მისი აქტივების და სიხშირის გაყიდვას, რაც წარმოადგენს „მაესტროს“ საკუთრებას და ეროსი კიწმარიშვილს არც ფაქტობრივი, არც იურიდიული და არც მორალური უფლება არ გააჩნია ამ საკუთრებაზე და მისი ნებისმიერი ფორმით განკარგვაზე არცერთ სუბიექტზე და მსგავსი ტიპის განცხადებები, რბილად რომ ვთქვათ, არასერიოზულია. ასევე, გვინდა, კატეგორიულად გავუსვათ ხაზი იმ გარემოებას, რომ არც მამუკა ღლონტს და არც სხვა დამფუძნებლებს ფინანსებთან არანაირი კავშირი არ ჰქონიათ და არ აქვთ.

მოგიწოდებთ, ერთხელ და სამუდამოდ დამთავრდეს ამ თემაზე სპეკულირება. როგორც ვხედავთ , ქურდბაცაცა ეროსიმ გადაწყვიტა, გადაეგდო მისი დამფინანსებლები ხელისუფლებასთან ალიანსში დანაშაულებრივი ქმედებების წყალობით. გარკვეული გასამრჯელოს სანაცვლოდ, საიდანაც, ჩვენი ინფორმაციით, ავანსის სახით უკვე მიღებული აქვს გარკვეული თანხები, ყოჩაღად ასრულებდა დაკისრებულ დავალებას – გაეთიშა ტელეკომპანია „მაესტრო“, თუმცა მინდა, ვუთხრა, რომ მას და ყველა იმ ადამიანს, ვინც ეხმარება და მომავალში დაეხმარება უკანონო ქმედების განხორციელებაში, კანონის წინაშე მოეთხოვებათ პასუხი, ხოლო ბატონი ერასტის მოეთხოვება მოპარული ფულის უკან დაბრუნება მასზე დარიცხული პროცენტებითა და პირგასამტეხლოთი.

ამ ეტაპზე ეს არის. თუ ბატონი ერასტი არ მოიქცევა საკანონმდებლო ჩარჩოებში და უფრო მეტიც, გაამწვავებს არსებულ დავას, უფლებას ვიტოვებთ, უფრო მეტი ფაქტები მივაწოდოთ საზოგადოებას მის დანაშაულებრივ ქმედებებთან დაკავშირებით, რომელთა გამჟღავნებისგანაც ამ ეტაპზე თავს ვიკავებთ.

აი, რამ გამოიწვია სინამდვილეში ერასტი კიწმარიშვილის ღობეზე გადაძრომა და დემაგოგიური განცხადებების გაკეთება“.