საზოგადოება
ვალერი იობაშვილი: „მერანი“ არავის არაფერს დაუთმობს“

iobashviliვალერი იობაშვილი მარტვილის „მერანის“ რიგებში უკვე მესამე სეზონს ატარებს. 22 წლის ცენტრალური მცველი გუნდს ეხმარებოდა პირველ ლიგაშიც და მიუხედავად რამდენიმე უმაღლესლიგელის ინტერესისა, მაინც მარტვილში დარჩა. სწორედ მისი და ძველი თანაგუნდელების დამსახურებაა, რომ დღეს „მერანი“ უმაღლეს ლიგაშია და ბევრი ლიდერის გამწარებაც მოახერხა. შემთხვევითობა თუ დამსახურებული მეოთხე ადგილი? – საქინფორმი „მერანის“ვიცე-კაპიტან ვალერი იობაშვილს ესაუბრა:
მერანიუმაღლესი ლიგის აღმოჩენად შეიძლება ჩაითვალოს. ჯერ მარტვილში საკუთარ მოედანზე არ წაგიგიათ. სეზონის სტარტზე თავად გუნდში თუ გჯეროდათ, რომ ასეთი გაგრძელება ექნებოდა ამ ყველაფერს?
– სეზონის პირველი თამაში ცუდად დავიწყეთ და, საერთოდ, პირველი თამაში ყველა გუნდისთვის რთულია. გამონაკლისი არც ჩვენ ვყოფილვართ. მით უმეტეს, ბევრი დებიუტანტი ვთამაშობდით „მერანში“, მაგრამ ასეთ გაგრძელებას ნამდვილად არ ველოდი. საკუთარ სტადიონზე წაუგებელ სერიას რაც შეეხება, ჩვენს მოედანზე, ისევე, როგორც გასვლით მატჩებში, ლამაზ ფეხბურთს ვთამაშობთ და ეს შედეგზეც აისახება. ჩვენს არენაზე თამაშის  წაგება წარმოუდგენლად მიგვაჩნია, ხალხიც მოდის, გვაფასებს და უფრო მეტია ინტერესი ფეხბურთისადმი.
წაუგებელი სერია საკუთარ კედლებში გულშემატკივრის მხარდაჭერით ხომ არ არის განპირობებული? – რაღაც მცირე ნაწილი, რა თქმა უნდა, მათი დამსახურებაცაა, მაგრამ მეტი წილი თითოეულ ფეხბურთელზე მოდის, რომელიც თამაშიდან თამაშამდე სერიოზულად ემზადება, ისევე, როგორც მთელი სამწვრთნელო შტაბი. დიდი ხანია, ბევრი ფეხბურთელი მოვყვებით ამ გუნდს, წელსაც რამდენიმე მოთამაშე დავიმატეთ და ძალიან კარგად შევეწყვეთ ერთმანეთს. საერთო ჯამში, შეკრული, მშრომელი და ბრძოლისუნარიანუ გუნდი ვართ.
მერანისსტაბილურობის არსი ძირითადი ბირთვის უცვლელობა ხომ არ არის, ანუ რა შემადგენლობითაც პირველ ლიგაში თამაშობდა?
– რა თქმა უნდა! როცა ფეხბურთელები ერთად დიდხანს არიან, მით უფრო შეთამაშებული და შეკრული კოლექტივი ყალიბდება.  მაგრამ ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ძალიან კარგი ფეხბურთელები დავიმატეთ. რამდენიმე  გამოცდილი – იგივე გივი დიდავა და გიორგი მანწაკავა, რომელთაგანაც შეიძლება ბევრი რამის  შეძენა. ისინი ძალიან კარგად შეეწყვნენ გუნდს და, აქედან გამომდინარე, შედეგიც გვაქვს.
როგორც თავად აღნიშნეთ, საკუთარ მოედანზე წაგება წარმოუდგენლად მიგაჩნიათ. მომდევნო ტურშიზესტაფონსმასპინძლობთ. დარწმუნებული ხართ, რომ წაუგებელ სერიას გააგრძელებთ?
– 4 დეკემბერს სერიოზული თამაში გველოდება. გათამაშების  ლიდერს ვმასპინძლობთ. იმედია, კარგი ამინდი იქნება და თამაშიც არ გადაიდება. ურთულესი მატჩი იქნება, მაგრამ „მერანს“ შეუძლია სიურპრიზების გაკეთება – ეს ხშირად დაგვიმტკიცებია და კიდევ დავამტკიცებთ.
ანუზესტაფონსსიურპრიზს ჰპირდებით?
– დამეთანხმებით, ეს შედეგი უკვე სიურპრიზია, მაგრამ მეტის ამბიციაც გვაქვს და იმედია, ღმერთის წყალობით, გავაკეთებთ. ჩვენი გუნდი ამას თავის მწვრთნელებთან ერთად მოახერხებს.
გამოდის, რომ მეოთხე ადგილზე თქვენი ყოფნა ახლა შემთხვევითობაა...
– სეზონის დაწყების წინ არავინ იფიქრებდა, რომ „მერანი“ ოთხეულში იქნებოდა და ქულებით ლიდერ გუნდებს მიუახლოვდებოდა. შემთხვევითობა ნამდვილად არაა. ძალიან რთული და საჭირო თამაშები მოვიგეთ. ამას კი, თუ არ შეგიძლია და ამბიცია არ გაქვს, ვერ გააკეთებ.
ამ გამარჯვებებმა თავდაჯერება შეგმატათ?
–  რა თქმა უნდა. თამაშის მოგებით მოდის რწმენა. წაგებულ თამაშებზეც, იგივე „ზესტაფონთან“, „დინამოსა“ და „მეტალუგთან“, კარგი შეხვედრები ჩავატარეთ და რწმენა გაგვიძლიერდა.
სეზონის ბოლოსმერანისთვისიდეალური შედეგი რა იქნება?
– მეოთხე ადგილის შენარჩუნება მართლაც იდეალური იქნებოდა.
– რაც შეეხება თასის გათამაშებას – პირველი ლიგიდან მოყოლებული,გაგრათქვენთვის უხერხული და პრინციპული მეტოქეა, მაგრამ 4:0 მარცხს არავინ ელოდა. გაქვთ კიდევ რამე შანსი?
– სამწუხაროდ, თასის გათამაშება ცუდად წაგვივიდა. ასეთ შედეგს არავინ ელოდა, ალბათ, თვითონ „გაგრის“ ფეხბურთელებიც, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ „მერანმა“ დაუთმოს ვინმეს რამე. ჩვენ ბოლომდე ვიბრძვით ყველა მომენტში და ადგილზეც.
თქვენი სტადიონის საფარის გამო ხშირად ისმის პრეტენზიები. იყო დაპირება, რომ უმაღლეს ლიგაში გადანაცვლების შემთხვევაში, გამოიცვლებოდა მინდორი. ახლა რა ხდება?
– ამჟამად იგივე პირობებია. იგეგმება სტადიონის გაკეთება, მაგრამ ამაზე პირადად მე არანაირი ინფორმაცია არ მაქვს. ეს გუნდის ხელმძღვანელობის საქმეა და თავად მიხედავენ ამ საკითხს.

ესაუბრა

მაგდა კლდიაშვილი

საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო „საქინფორმი“