საზოგადოება
11 დეკემბერი – „ქართული ოცნების“ პრეზენტაცია

georgian_dreamთბილისი, 5 დეკემბერი, საქინფორმი. როგორც ბიძინა ივანიშვილის პრესსამდივნო საქინფორმს ატყობინებს, საზოგადოებრივი მოძრაობა „ქართული ოცნების“ პრეზენტაცია 11 დეკემბერს, 15.00 საათზე, თბილისის სახელმწიფო ფილარმონიაში გაიმართება. პრესსამსახური ამასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელსაც საქინფორმი უცვლელად გთავაზობთ:

„საზოგადოების ინტერესი – დაესწროს პრეზენტაციას, საკმაოდ დიდია, თუმცა, როგორც ყოველთვის, ამ შემთხვევაშიც გადამწყვეტი ხელისუფლების პოლიტიკური ნება აღმოჩნდა. გვინდა, შეგახსენოთ, რომ ბიძინა ივანიშვილის წარმომადგენლებმა ჯერ კიდევ 4 ნოემბერს დაიწყეს მოლაპარაკებები სპორტის სასახლის ადმინისტრაციასთან დარბაზის გამოყოფის თაობაზე. 17 ნოემბერს სპორტის სასახლის ადმინისტრაციას გაეგზავნა ოფიციალური წერილი, სადაც ბიძინა ივანიშვილის წარმომადგენელი ითხოვდა წერილობით პასუხს გადაწყვეტილების შესახებ. 21 ნოემბერს საინფორმაციო სააგენტოებისთვის მიცემულ კომენტარებში სპორტის სასახლის დირექტორმა ზურაბ ნაყეურმა განაცხადა, რომ მზადდებოდა საპასუხო წერილი. მანვე გვირჩია, დავლოდებოდით ოფიციალურ პასუხს და შემდეგ გაგვეკეთებინა განცხადებები. ბატონ ზურაბ ნაყეურს შევახსენებთ – დღეს 5 დეკემბერია და, როგორც წესი, ეს დრო საკმარისი უნდა ყოფილიყო გადაწყვეტილების მისაღებად.

ფაქტია, რომ სპორტის სასახლის ადმინისტრაციამ ვერ გაბედა ძალიან მარტივი რამ – ეცნობებინა საზოგადოებისთვის, დაუთმობდა თუ არა შენობას საზოგადოებრივი მოძრაობა „ქართული ოცნების“ პრეზენტაციას და თუ არ დაუთმობდა, აქვე განემარტა უარის მიზეზები. ფაქტია, რომ სპორტის სასახლის ადმინისტრაცია უძლურია გადაწყვეტილების მიღებაში და რომ ქვეყანაში ნებისმიერი გადაწყვეტილება დამოკიდებულია მხოლოდ და მხოლოდ ხელისუფლების პოლიტიკურ ნებაზე“.