სამართალი
თბილისი, 5 დეკემბერი, საქინფორმი. რუსული მედიის ინფორმაციით, რუსეთში სამარის ოლქის რაიონულმა სასამართლომ საქართველოს 38 წლის მოქალაქე მინდია ლიპარტელიანს თავისუფლების 20 წლით აღკვეთა მიუსაჯა. ლიპარტელიანი სასჯელს მკაცრი რეჟიმის გამოსასწორებელ კოლონიაში მოიხდის.
ლიპარტელიანი თანამზრახველებთან ერთად 2004 წელს მეწარმე ავანესიანის სახლზე შეიარაღებულ თავდასხმაშია ბრალდებული. ნიღბიანმა თავდამსხმელებმა ორი პისტოლეტით დაცხრილეს ოჯახის უფროსი, მისი მოხუცი დედა და 16 წლის ვაჟი, რომელიც მიყენებული ჭრილობებისგან ადგილზე გარდაიცვალა.მინდია ლიპარტელიანი ბრალდებულია რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსის რამდენიმე მუხლით. დანაშაულის თანამონაწილეებს – გურეშიძესა და გაბიძაშვილს კი, შესაბამისად, 13 და 10 წლით პატიმრობა შეეფარდათ.
2005 წელს სასამართლომ დაკავებული ქართველები გაამართლა და პატიმრობიდან გაათავისუფლა. ამის შემდეგ ისინი მიიმალნენ. თუმცა რუსეთის უზენაესმა სასამართლომ წინა ინსტანციის გადაწყვეტილება გააუქმა და საქმე განხილვაში დააბრუნა. ლიპარტელიანი და გაბიძაშვილი ამჟამად ფედერალურ ძებნაში იმყოფებიან.