რელიგია
კათოლიკოს-პატრიარქი მშობლების პატივისცემის აუცილებლობაზე

patr444

თბილისი, 5 დეკემბერი, საქინფორმი. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა, უწმიდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ მშობლების პატივისცემის აუცილებლობაზე იქადაგა.

როგორც უწმიდესმა აღნიშნა, მშობლები დღეს ცდილობენ, მრავალსახოვანი განათლება მისცენ შვილებს და სულიერი განათლება ავიწყდებათ.

„ამიტომ ისინი იზრდებიან არა ისეთები, როგორსაც ველოდით, არამედ – ეგოისტები, რომლებიც ტოვებენ თავიანთ მშობლებს. მშობელი, რომელიც მთელი ცხოვრება შვილის აღზრდაზე ზრუნავს, ძნელად წარმოიდგენს, რომ შვილი მას მოხუცთა თავშესაფარში წაიყვანს. მაგრამ მათ უნდა იცოდნენ, რომ როგორც თავად მოექცევიან საკუთარ  მშობლებს, ისე მოექცევიან თავიანთი შვილები  მათ. ადამიანი რომ იყოს ბედნიერი, ამისი პასუხი გვაქვს ჩვენ – პატივი ეც მამასა შენსა და დედასა შენსა, რათა კეთილი გეყოს შენ. ეს უნდა დავიმახსოვროთ და ყოველდღე უნდა სთხოვოთ დალოცვა თქვენს მშობლებს“,– მიმართა მრევლს უწმიდესმა.

როგორც კათოლიკოს-პატრიარქმა აღნიშნა, მშობლის დალოცვას დიდი მადლი აქვს. „როცა მშობელი დაგლოცავთ და თქვენ წახვალთ სამსახურში ან სხვა საქმეზე, მისი გული მთელი დღის განმავლობაში თქვენთვის ილოცებს. როცა დაგლოცავთ მშობელი, მადლიერების ნიშნად მას ხელზე უნდა ემთხვიოთ და მიიღოთ ეს ლოცვა-კურთხევა“, – ბრძანა უწმიდესმა.

ქადაგების დასასრულ პატრიარქმა თანამედროვე საბრძოლო ხელოვნების ფედერაციისა და კონფედერაციის წარმომადგენლები დალოცა და უსურვა, ეს  ხელოვნება მხოლოდ სამშობლოს დასაცავად გამოიყენონ.