აქტუალური
სააკაშვილი: „ჩვენ ავაშენებთ ქალაქს!“

lazikaთბილისი, 5 დეკემბერი, საქინფორმი. საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გუშინ, 2011 წლის 4 დეკემბერს,  ზუგდიდს ესტუმრა და დადიანების სასახლესთან შეკრებილ მოსახლეობას სიტყვით მიმართა. ადგილობრივებს პრეზიდენტმა ახალი ინიციატივა გააცნო, რომლის განხორციელებაზე მუშაობაც, მისი ადმინისტრაციის ინფორმაციით, უკვე დაწყებულია.

სააკაშვილის თქმით, ანაკლიასა და ყულევს შორის დაფუძნდება ახალი ქალაქი სახელწოდებით ლაზიკა. გეგმის თანახმად, ლაზიკა დასავლეთ საქართველოს მთავარი სავაჭრო, ეკონომიკური და ბიზნესცენტრი გახდება, საქართველოსთვის კი ის მთავარი ცენტრის ფუნქციას შეიძენს შავი ზღვისპირეთის მასშტაბით.

პრეზიდენტის თქმით, 10 წელიწადში ლაზიკა თბილისის შემდეგ სიდიდით მეორე ქალაქი იქნება, მინიმუმ, ნახევარმილიონიანი მოსახლეობით. ამ ქალაქის მშენებლობასთან დაკავშირებით უკვე დაწყებულია მოლაპარაკებები რამდენიმე მსხვილ საინვესტიციო ჯგუფთან აზიასა და ევროპაში.

მიხეილ სააკაშვილმა ყველა ქართველს, მათ შორის, უცხოეთში წასულ მოქალაქეებსა და აფხაზეთიდან დევნილ ხალხს მოუწოდა, რომ  ახალი ქალაქის მშენებლობაში მიიღოს მონაწილეობა. მან ისიც აღნიშნა, რომ სამშენებლო სამუშაოები მომავალ წელს დაიწყება, რომელზეც რამდენიმე ათასი ადამიანი დასაქმდება. არქიტექტორებისთვის კი ლაზიკას მშენებლობასთან დაკავშირებით უახლოეს მომავალში კონკურსი მთელი მსოფლიოს მასშტაბით გამოცხადდება.

გამოსვლისას საქართველოს პრეზიდენტმა ზუგდიდის მასშტაბური რეკონსტრუქციის დაწყების შესახებაც ისაუბრა და მოსახლეობას ქალაქის რეაბილიტაციის პროექტის დეტალები გააცნო. მიხეილ სააკაშვილის თქმით, სარეაბილიტაციო სამუშაოები უკვე დღეიდან დაიწყება და მიზნად ზუგდიდის სამეგრელოს მთავარ ცენტრად გადაქცევას ისახავს.