თბილისი, 5 დეკემბერი, საქინფორმი. მკითხველს ვთავაზობთ მცირე ფრაგმენტს ჯეიმს აპატურაის სპეციალური ტელეგანცხადებიდან, რომელშიც ნატოს პრესმდივანმა წამყვანი ქართული ტელეარხები ტყუილში ამხილა.
ამ გამოსვლის ფრაგმენტის ვიდეოჩანაწერი (ორიგინალში, ინგლისურ ენაზე) შეგიძლიათ იხილოთ აქვე, საქინფორმის საიტის მთავარ გვერდზე www.saqinform.ge.
ჯეიმს აპატურაი: „საფრთხე, რომელიც შესაძლოა, პრესმდივანს ემუქრებოდეს – მისი ნათქვამის არასწორი ინტერპრეტაციაა. მსგავს შემთხვევას წავაწყდი გარკვეული ხნის წინ საქართველოში, როდესაც ერთ კერძო ტელეარხს ვრცელი ინტერვიუ მივეცი (კერძო – მხოლოდ საბუთებით, სინამდვილეში კი – სამთავრობო! – საქინფორმი). მოგვიანებით აღმოჩნდა, რომ კადრს მიღმა ქართული თარგმანი არა მარტო არ ემთხვეოდა ჩემს ნათქვამს, არამედ, უმეტესწილად, მისი პირდაპირ საპირისპირო იყო. მინდა, ვიფიქრო, რომ მიზეზი არასწორად თარგმნა იყო, მაგრამ ამ ტექსტის თითქმის 90%, უბრალოდ, – გამოგონილი! თანაც გამოგონილი ინფორმაცია გარკვეულ პოლიტიკურ ინტერესებს ემსახურებოდა და, ამასთან, სხვა ინტერესებს ლახავდა, რასაც დაძაბულობის გაზრდა შეეძლო.მე დაუყოვნებლივ ჩავერიე, ჩანაწერის შემოწმება მოვითხოვე და განვაცხადე, რომ ეს ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. თუმცა გაჟღერებულ არასწორ თარგმანსა და იმ მომენტს შორის, როდესაც მისი გასწორების შესაძლებლობა მომეცა, საკმაოდ დიდი დრო გავიდა, და ამან, როგორც იტყვიან, ცხარე პოლიტიკური კამათი გამოიწვია, საბედნიეროდ – ხანმოკლე.
ამიტომ, სადაც უნდა გავემგზავროთ, თან პატარა დიქტოფონები დაგვაქვს, განსაკუთრებით, როდესაც საქმე ეხება წერილობით ინტერვიუს, მას ყოველთვის ვიწერ. იმ რამდენიმე წლის განმავლობაში, რაც ამ თანამდებობაზე ვმუშაობ, ნატოს შტაბბინაში ორჯერ თუ სამჯერ მოგვმართეს ჩემი განცხადებების დაზუსტების თხოვნით.
იყო შემთხვევა, როდესაც გაზეთის რეპორტიორმა ჩაიწერა პროვოკაციული გამონათქვამები, რომლებიც თითქოს მე მეკუთვნოდა, რაც, საბედნიეროდ, არ მითქვამს. და რაც უფრო მნიშვნელოვანია, მაშინ ყველაფერი ჩავიწერე, რასაც ვამბობდი. და ამას მხოლოდ მე როდი ვაკეთებ. მიმაჩნია, რომ დღეს დიქტოფონის შინ დატოვება ჩემთვის იგივეა, საფულე რომ დამრჩეს, რადგან ისიც ნებისმიერ წამს შეიძლება დამჭირდეს“.