თბილისი, 3 დეკემბერი, საქინფორმი. როგორც საქინფორმს პარტია „თავისუფალი საქართველოდან“ აცნობეს, ქუთაისში იგეგმება პირუტყვის სასაკლაოს გახსნა, რის შემდეგაც სასაკლაოს გარეთ დაკლული პირუტყვის რეალიზაცია აიკრძალება. საქონლის მწარმოებელსა და რეალიზატორს შორის დამატებითი რგოლის შემოღება ავტომატურად გამოიწვევს თვითღირებულების გაძვირებას, რაც უარყოფითად იმოქმედებს ისედაც სიღარიბის ზღვარზე მყოფ მოსახლეობაზე.
როგორც პარტიის ქუთაისის საქალაქო ორგანიზაციის თავმჯდომარის მოადგილე ნინო დოლიძე აცხადებს, ადგილობრივ ხორცთან დაკავშირებით პრეტენზიები თითქმის არ არსებობს და ცუდი შეფასებები მხოლოდ იმპორტირებულ ხორცს აქვს.„სასაკლაოს გახსნით და ადგილობრივ ხორცზე ფასების მატების შემთხვევაში მოსახლეობა იძულებული გახდება მოიხმაროს შედარებით იაფი, ინდოეთში წარმოებული ხორცი, რომელიც რეალურად არის არა საქონლის, არამედ ინდური კამეჩის ხორცი, რომლის ხანგრძლივი მომხმარება ადამიანის ჯანმრთელობისათვის სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს. ამასთან, აღსანიშნავია ის გარემოება, რომ მაღალმთიანი სოფლები, რომელთა ძირითად შემოსავალს წარმოადგენდა მესაქონლეობა, ფაქტობრივად შემოსავლის გარეშე დარჩება“, - აცხადებს დოლიძე.
პარტია „თავისუფალი საქართველოს“ ქუთაისის საქალაქო ორგანიზაცია გმობს ხელისუფლების მხრიდან ხორცის ბიზნესის მონოპოლიის ქვეშ მოქცევას (რაც რეალურად სასაკლაოს გახსნის შემდეგ რამდენიმე თვეში განხორციელდება) და მოითხოვს მინიმუმამდე იქნეს დაყვანილი სასაკლაოს მომსახურების საფასური, რათა რეგიონში შენარჩუნებული იქნას ხორცზე დღეს არსებული ფასები.