პოლიტიკა
ევროკავშირი–საქართველოს თანამშრომლობის საბჭოს სხდომა

evro-saqqთბილისი, 3 დეკემბერი, საქინფორმი. 2011 წელი საქართველოსთან ევროკავშირის ურთიერთობების „შემდგომი გაძლიერების“ წელი იყო – მოლაპარაკებები ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე, სავარაუდოდ, წლის ბოლომდე დაიწყება, - განაცხადეს ევროკავშირის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა  ბრიუსელში ევროკავშირი–საქართველოს მე–12 შეხვედრის შემდეგ. 

„ჩვენი შეფასება ასეთია, რომ საქართველომ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია მოდერნიზაციაში და რეფორმების განხორციელებაში. ახალი და უფრო ეფექტური ინსტიტუტები ჩამოყალიბდა და საქართველოს მოქალაქეების მომსახურება უმჯობესდება. ევროკავშირი განაგრძობს ამ ძალისხმევის მხარდაჭერას“, – განაცხადა პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა რადოსლავ სიკორსკიმ, რომლის ქვეყანაც ამჟამად ევროკავშირის თავმჯდომარეა.

 

სიკორსკი და ევროკომისარი გაფართოების და ევროპის სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში სტეფან ფულე ევროკავშირს წარმოადგენდნენ თანამშრომლობის საბჭოს შეხვედრაზე. საქართველოს კი საგარეო საქმეთა მინისტრი, გრიგოლ ვაშაძე წარმოადგენდა.

„საქართველომ უნდა გააგრძელოს მოდერნიზაციის ეს გზა და დემოკრატია გააძლიეროს“, – განაცხადა პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, "მომავალი წლის საპარლამენტო არჩევნები და შემდეგი წლის საპრეზიდენტო არჩევნები მნიშვნელოვანი გამოცდა იქნება ქართული დემოკრატიისთვის. მე მხოლოდ შემიძლია მოვუწოდო საქართველოს ყველა პოლიტიკურ ფიგურას მხარი დაუჭიროს ტოლერანტულ პოლიტიკურ კულტურას და საგნობრივ დებატებს. სამართლიანი კონკურენცია და არჩევნებში რეალური მონაწილეობა ყველაზე მნიშვნელოვანია“.

ევროკომისარმა გაფართოების და ევროპის სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში სტეფან ფულემ განაცხადა, რომ ევროკავშირი–საქართველოს ურთიერთობები „ძლიერდება“.

„მალე დაიწყება მოლაპარაკებები ეკონომიკურ ინტეგრაციაზე და ღრმა ვაჭრობის ურთიერთობებზე; ასევე კარგად მიდის თანამშრომლობა სავიზო და რეადმისიის შეთანხმებებზე და ეტაპობრივი ნაბიჯები ხორციელდება უვიზო რეჟიმის შემოღების მიმართულებით“, – განაცხადა ფულემ.

კითხვაზე, თუ როდის გამოცხადდება ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე მოლაპარაკებების დაწყება, ფულემ განაცახდა, რომ 1 დეკემბრის შეხვედრაზე ევროკავშირმა „კიდევ ერთხელ დაადასტურა მზადყოფნა, რაც უკვე გავაკეთეთ ვარშავის სამიტზე, რომ მოლაპარაკებები წლის ბოლომდე დავიწყოთ“.

„ჩვენ მივესალმებით იმ პროგრესს, რომელსაც ქართველმა პარტნიორებმა მიაღწიეს შეთანხმებაზე მოლაპარაკებების დასაწყებად ყველა მოსამზადებელი სამუშაოს შესასრულებლად“, – განაცხადა მან.

ფულემ განაცხადა, რომ 2 დეკემბერს სავაჭრო პოლიტიკის კომიტეტის ფარგლებში წევრი სახელმწიფოები და ევროკომისია „საბოლოო შეფასებას გააკეთებენ ამ ძალიან მნიშვნელოვანი მოლაპარაკებების დაწყების თარიღთან დაკავშირებით“.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ განაცხადა, რომ მოლაპარაკებების დაწყების კონკრეტული თარიღები ჯერ არ არსებობს, თუმცა „განცხადებები (თარიღთან დაკავშირებით) ძალიან შემჭიდროვებულ ვადებში გაკეთდება“.

იმავე პრესკონფერენციაზე საუბრისას პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა რადოსლავ სიკორსკიმ კიდევ ერთხელ გაიმეორა ევროკავშირის მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ და ასევე განაცხადა, რომ „საქართველომ და რუსეთმა უნდა იპოვონ გზენი ურთიერთობების ნორმალიზებისთვის“.

„ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი კონფლიქტის ყველა მხარისთვის შეიძლება იყოს ძალის არგამოყენებაზე შეთანხმება,“ – განაცხადა სიკორსკიმ.

საქართველომ უკვე დადო ძალის არგამოყენების პირობა და რუსეთსაც ანალოგიური ქმედებისკენ მოუწოდებს. მოსკოვი უარს აცხადებს იმ მოტივით, რომ ის კონფლიქტის მხარე არ არის და სანაცვლოდ მოუწოდებს თბილისს ძალის არგამოყენების შეთანხმებები ცხინვალთან და სოხუმთან გააფორმოს.