თბილისი, 3 დეკემბერი, საქინფორმი. ტელეკომპანია „მაესტრო“, რომელიც მისი მფლობელებისა და მმართველ კომპანიას შორის დაპირისპირებაში გაეხვა, შეზღუდულ მაუწყებლობას განაგრძობს, რადგანაც რადიო „მაესტროს“ სტუდიაში, საიდან ის ეთერში გადის, ამისათვის მწირი რესურსებია.
ტელეარხი, რომელიც ძირითადად საკაბელო ქსელებით მაუწყებლობს, უმეტესად თოქშოუს ტიპის გადაცემებს უშვებს, რომლის დროსაც წამყვანი რადიოსადგურის სტუდიაში მოწვეულ სტუმარს ხვდება – თითოეულ სტუმართან განხილვის მთავარი თემა ტელეკომპანიის გარშემო განვითარებული მოვლენებია. არხი თავის რეგულარულ საინფორმაციო გამოშვებებს ვერ ახორციელებს; საინფორმაციო გამოშვების წამყვანი მხოლოდ ტექსტებს კითხულობს სიუჟეტების გარეშე.
„მაესტროს“ მმართველი კომპანიის დამფუძნებელი ეროსი კიწმარიშვილი აცხადებს, რომ არავის მისი კომპანიის გარდა, რომელსაც არხის მართვის უფლება გააჩნია, არ აქვს უფლებამოსილება „მაესტროს“ სატელევიზიო მაუწყებლობა განახორციელოს.მან საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში შეიტანა განცხადება, სადაც მარეგულირებელს სთხოვს უზრუნველყოს საკაბელო ოპერატორების გაფრთხილება, რათა მათ გაწყვიტონ ტელეკომპანია „მაესტროს“ სიგნალის გადაცემა. თუმცა, კომისიის განმარტებით, ის არასოდეს არ ერეოდა და ერევა მაუწყებლობის ტრანზიტის განმახორციელებელ საკაბელო ოპერატორების საქმიანობაში. „საკაბელო ოპერატორები, მაუწყებლებთან გაფორმებული ხელშეკრულებების საფუძველზე, დამოუკიდებლად განსაზღვრავენ მათ საკაბელო ქსელში ჩასასმელ სამაუწყებლო არხებს“, – განაცხადა კომისიამ 2 დეკემბერს გავრცელებულ განცხადებაში.
კიწმარიშვილმა პრესკონფერენცია გამართა ტელეკომპანია „მაესტროს“ ოფისში, რომელიც არხის მფლობელებმა და ჟურნალისტებმა წინადღით დემონტრაციულად დატოვეს, და განაცხადა 2 დეკემბერს, რომ იგი სასამართლოში განაგრძობს მფლობელებთან დავას. „მაესტროს“ მფლობელებმაც ანალოგიური განაცხადეს, რომ სასამართლოს გზით შეეცდებიან დავის მოგვარებას, რადგანაც მათ კიწმარიშვილის კომპანიასთან სამწლიანი კონტრაქტის გაწყვეტა სურთ. მმართველ კომპანიასთან კონტრაქტს ხელი 2009 წლის ნოემბერში მოეწერა.
„მაესტროს“ თანამფლობელმა მამუკა ღლონტმა განაცხადა, რომ ამჟამად ცდილობენ იმ ახალი ოფისის დაბრუნებას, რომელიც ნაქირავები ჰქონდათ, თუმცა კიწმარიშვილმა უკან „ჩააბარა“.
“დავიბრუნებთ ამ ოფისს და ვეცდებით ახალი წლების მერე უფრო დიდი სტუდიიდან, უფრო მეტად ხარისხიანი გამოსახულებით, ხარისხიანი სტუდიებით გავიდეთ ეთერში“, – განაცხადა მან.
კიწმარიშვილი აცხადებს, რომ როგორც მმართველი კომპანიის წარმომადგენელი, იგი უფლებამოსილია მთელი ტელეკომპანიის აქტივები აკონტროლოს, მათ შორის მისი სამაუწყებლო ლიცენზია. მან მიანიშნა, რომ იგი მოახერხებს დაარწმუნოს საკაბელო ქსელები, რომ გაწყვიტონ ტელეკომპანია „მაესტროს“ სიგნალის გადაცემა.
„ერთადერთი ლეგალური ადგილი, საიდანაც უნდა გადიოდეს ლეგალური სიგნალი, არის ეს“, – განაცხადა მან „მაესტროს“ ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე.
სავარაუდოდ, თუ ტელეკომპანია „მაესტრო“ კიწმარიშვილთან დავას წააგებს, მათ შეუძლიათ იმ სამაუწყებლო ლიცენზიის იმედი ჰქონდეთ, რომელსაც „მაესტროს“ გენერალური დირექტორი ბაჩო კიკაბიძე ფლობს მისი კუთვნილი შპს „იგრიკას“ მეშვეობით.
ტელეკომპანია „მაესტროს“ ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს თან ახლავს ვარაუდები იმის თაობაზე, რომ შექმნილი ვითარება შესაძლოა არ იყოს მხოლოდ შიდა დავა მფლობელებსა და მმართველ კომპანიას შორის.
„მაესტროს“ თანამფლობელმა მამუკა ღლონტმა რამდენჯერმე დაადანაშაულა ეროსი კიწმარიშვილი იმაში, რომ ის ხელისუფლების მხარდაჭერით მოქმედებს, რაც არხზე კონტროლის დამყარებას ისახავს მიზნად.
კიწმარიშვილი ამგვარ ბრალდებებს უსაფუძვლოდ მიიჩნევს. მან, თავის მხრივ, რამდენჯერმე გამოთქვა ვარაუდების იმის თაობაზე, რომ „მაესტროს“ თანამფლობელები მისი და მისი მმართველი კომპანიის ტელეკომპანიიდან ჩამოშორების აქტიურ მცდელობებს ახორციელებენ მას შემდეგ, რაც მილიარდერმა ქველმოქმედმა ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკაში წასვლის შესახებ განაცხადა და საჯაროდ გამოთქვა ხელსაყრელი პირობებით „მაესტროს“ დროებით შეძენის სურვილი.
კიწმარიშვილმა განაცხადა 2 დეკემბერს, რომ ღლონტი 13 ნოემბერს ივანიშვილს შეხვდა.
ღლონტმა დაადასტურა ივანიშვილთან შეხვედრა და განაცხადა, რომ 15–წუთიანი შეხვედრის დროს ივანიშვილმა დახმარება შესთავაზა.
„მე ვუთხარი, რომ თუ მას სურვილი ექნებოდა მაესტროს დახმარების, მე მხოლოდ მადლობელი ვიქნებოდი მისი, ოღონდ ეს ყველაფერი უნდა მომხდარიყო ლეგალურად“, – განაცხადა ღლონტმა და დასძინა, რომ იგი ნებისმიერი პირისგან მიიღებს დახმარებას ტელეკომპანიისთვის იმ პირობით, რომ სპონსორი არ მოითხოვს სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევას.