პოლიტიკა
კოკოითი ჯიოევას ულტიმატუმზე უარს აცხადებს

14kokoitiთბილისი, 2 დეკემბერი, საქინფორმი. სამხრეთ ოსეთის ამჟამინდელმა ლიდერმა ედუარდ კოკოითიმ უარი თქვა ოპოზიციური კანდიდატის – ალა ჯიოევას, მიერ ხუთშაბათს წაყენებულ ულტიმატუმზე, ხოლო უშიშროების სამსახურმა გააფრთხილა, რომ „სიტუაცია შეიძლება კონტროლიდან გამოვიდეს“.

„მე არანაირ ულტიმატუმებს არ მივიღებ“, – განუცხადა კოკოითიმ „ინტერფაქსს“.

ჯიოევამ მოუწოდა კოკოითის, რომ 1 დეკემბრის 18:00 საათამდე იგი რეგიონის ახლად არჩეულ ლიდერად აღიაროს და გააუქმოს რეგიონის პარლამენტის „უკანონო“ გადაწყვეტილება განმეორებითი არჩევნების მარტში დანიშვნის თაობაზე.

ულტიმატუმის ვადა ამოიწურა, თუმცა უცნობია, როგორი იქნება ჯიოევას პასუხი. მისი მხარდამჭერები ცხინვალის ცენტრში მთავრობის სახლის მიდამოებში აქციას განაგრძობენ.

ამავე დროს, რეგიონის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ბორის ატოევმა განაცხადა, რომ მომიტინგეებს შორის „ცხელი თავებიც“ იმყოფებიან, რომლებიც შენობის აღებისკენ მოუწოდებენ. შენობა ამჟამად სამართალდამცველებითაა გარშემორტყმული.

„სამწუხაროდ, ის ინფორმაცია, რომელიც ჩვენ გაგვაჩნია, ნერვიულობის საბაბს გვაძლევს, რადგანაც გუშინ და დღეს განვითარებული მოვლენები შესაძლოა, ნებისმიერ მომენტში გამოვიდეს დაშვებული ჩარჩოებიდან. სიტუაცია შეიძლება კონტროლიდან გამოვიდეს“, – იტყობინება საინფორმაციო სააგენტო „რესი“ ატოევის სიტყვებზე დაყრდნობით.

„იქ არიან ცხელი თავები, რომლებიც შენობის აღებისკენ მოუწოდებენ. არსებულ სიტუაციაში ეს ხელისუფლების უკანონოდ ხელში ჩაგდების ტოლფასი იქნება“, – განაცხადა მან და დასძინა, რომ დავის მოსაგვარებლად სამართლებრივი პროცედურები არსებობს, მათ შორის, სასამართლო გზა.

მან, ასევე, განაცხადა, რომ სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის ძალებს ბრძანება აქვთ – არ გამოიყენონ იარაღი. თუმცა მან იქვე დასძინა: „მე ვერაფრის გარანტიას ვერ მოგცემთ, თუ სროლა დაიწყება; მაგრამ ჩვენ, ძალისმიერი სტრუქტურები, პირველები არ დავიწყებთ სროლას“.

იგივე საინფორმაციო სააგენტო იტყობინება რეგიონის შინაგან საქმეთა მინისტრ ვალერი ვალიევზე დაყრდნობით, რომ სამინისტროს ძალები „არასდროს გამოიყენებენ იარაღს საკუთარი ხალხის წინააღმდეგ“.

რეგიონის თავდაცვის მინისტრმა ვალერი იახნოვეცმა განაცხადა, რომ სამინისტროს ძალებმა სამხედრო ობიექტებისა და იარაღის საცავების უსაფრთხოება გააძლიერეს. სხვა მხრივ, შეიარაღებული ძალები „ჩვეულ რეჟიმში“ იმყოფებიან.

30 ნოემბერს ალა ჯიოევამ განაცხადა რუსეთის პრეზიდენტისთვის გაგზავნილ მიმართვაში, რომ რეგიონი სამოქალაქო ომის ზღვარზე იმყოფება მას შემდეგ, რაც მისი გამარჯვება 27 ნოემბრის არჩევნებში უკანონოდ იქნა გაუქმებული.

„როგორც სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის კანონიერად არჩეული პრეზიდენტი, მინდა, გაცნობოთ, რომ სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკა სამოქალაქო ომის ზღვარზე იმყოფება. პრეზიდენტმა კოკოითიმ და მისმა გარემოცვამ რუსეთის ფედერაციის პასუხისმგებელი წარმომადგენლების მხარდაჭერით დაარღვიეს კონსტიტუციური წესრიგი და ქვეყანა ქაოსში და ღრმა პოლიტიკურ კრიზისში შეიყვანეს“, – ნათქვამია ჯიოევას მიმართვაში.

„რესპუბლიკაში განვითარებულ მოვლენებს უარყოფითი ტენდენცია აქვს, რომელიც შეიძლება გასცდეს ქვეყნის ფარგლებს და მთელ კავკასიის რეგიონში მოახდინოს დაძაბულობის პროვოცირება“, – განაცხადა ჯიოევამ.

„მოგმართავთ თხოვნით, უმოკლეს ვადებში რეაგირება მოახდინოთ სამხრეთ ოსეთში მიმდინარე მოვლენებზე კონსტიტუციური წესრიგისა და სტაბილურობის დამყარების მიზნით“, – განაცხადა მან.

იგი, ასევე, წერს მიმართვაში, რომ მიუხედავად იმ ფაქტისა, რომ მისი ოპონენტი, ანატოლი ბიბილოვი პრეზიდენტ მედვედევს შეხვდა მეორე ტურამდე რამდენიმე დღით ადრე, მას არ მიაჩნია, რომ ეს ბიბილოვის მიმართ მედვედევის მხარდაჭერის გამოხატულებაა.

„მინდა, იმედი ვიქონიო... რომ რუსეთის პოლიტიკური ბომონდი, რომელიც ამ კანდიდატის სააგიტაციო საქმიანობაში იღებდა მონაწილეობას, ვერ იქნება მთელი რუსეთის და პირადად თქვენი წარმომადგენელი“, – წერს იგი.

იმავე მიმართვაში ჯიოევა „სააკაშვილის ფაშისტურ რეჟიმს“ აკრიტიკებს და რუსეთს მადლობას უხდის იმისათვის, რომ ის სამხრეთ ოსეთის უსაფრთხოებისა და მშვიდობის გარანტორია. ის, ასევე, იხსენებს 2008 წლის აგვისტოს ომს, როდესაც „რუსეთის მშვიდობის იძულების ოპერაციამ საქართველოს წინააღმდეგ  ჩვენი ეთნოსი გენოციდისგან გადაარჩინა“.

ოთხშაბათს, საღამოს, ჯიოევამ კრემლის აპარატის უფროსის მოადგილეს სერგეი ვინოკუროვთან მოლაპარაკებები გამართა. ვინოკუროვი მოსკოვმა ცხინვალში არჩევნებისშემდგომი დავის მოგვარების მიზნით გაგზავნა.