თბილისი, 2 დეკემბერი, საქინფორმი. დღეს საქართველოს პროფკავშირების გაერთიანება საქართველოს პარლამენტში შეიტანს კანონპროექტს „სახელმწიფო კომპენსაციისა და სტიპენდიის შესახებ კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ“.
ეს საკანონმდებლო ინიციატივა საქართველოს პროფკავშირებმა ფრიდრიხ ებერტის ფონდის მხარდაჭერით მოამზადა და მისი მიზანია მძიმე, მავნე და საშიშ პირობებში მომუშვეებს საპენსიო ასაკის მიღწევამდე საშიშ, მძიმე და მავნე პირობებში მუშაობის შეწყვეტის შემდეგ, კომპენსაციის სახით, დაენიშნოს თანხა, რომელიც გამოითვლება მათი ხელფასისა და შრომითი სტაჟის შესაბამისად და მოქმედი პენსიის ოდენობაზე ბევრად მეტი იქნება.„ეს მნიშვნელოვანი ცვლილებებია იმ ადამიანებისთვის, ვისაც ჯანმრთელობისთვის მავნე და მძიმე პირობებში უხდება მუშაობა, – აცხადებს საქართველოს პროფკავშირების თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილი. – ეს კანონპროექტი ემსახურება იმას, რომ მეტალურგების, მეხანძრეების, რკინიგზელების, მაღაროელებისა და სხვა პროფესიის ჩვენი თანამოძმეების შრომა შესაფერისად ანაზღაურდეს. ჩვენ ვიწყებთ ხელმოწერების შეგროვებას ამ ინიციატივის მხარდასაჭერად და ყველას მოვუწოდებ, რომ შემოგვიერთდეს. სამართლიანობა უნდა აღდგეს, მძიმე პირობებში შრომა განსაკუთრებულად უნდა დაფასდეს“.
საქართველოს პროფკავშირებმა შეიმუშავა შესაბამისი მექანიზმი, რომლის საშუალებითაც ეს ცვლილები ბიუჯეტისთვის უმტკივნეულოდ განხორციელდება.