პოლიტიკა
მიხეილ სააკაშვილი: „ივანიშვილი ჩვენთვის კარგიცაა, ფორმას არ დაგვაკარგვინებს“

saakashvili88თბილისი, 2 დეკემბერი, საქინფორმი. როგორც ცნობილია, ბიზნესმენი ბიძინა ივანიშვილი ქართულ პოლიტიკაში 2011 წლის 7 ოქტომბერს ჩაერთო. საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის გამო, პოლიტიკური პარტია ჯერ არ ჩამოუყალიბებია, თუმცა რამდენიმე დღეში საზოგადოებრივი მოძრაობა „ქართული ოცნების“ დაფუძნებას აპირებს.

ივანიშვილის პოლიტიკაში ჩართვის თაობაზე ხელისუფლების მხრიდან კომენტარები მრავლად გაკეთდა, თუმცა გამონაკლისი ამ დრომდე მხოლოდ ქვეყნის პირველი პირი გახლდათ. ორთვიანი დუმილის შემდეგ კი საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ბიზნესმენ ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში ჩართვის შესახებ პირველი კომენტარი გააკეთა. დუმილი პრეზიდენტმა „The Economist“-თან საუბრისას დაარღვია და ივანიშვილის პოლიტიკაში ჩართვა „დადებითად“ შეაფასა.

„სააკაშვილი თავის მოწინააღმდეგეს მშვიდად უყურებს და ამბობს: „ივანიშვილი ჩვენთვის კარგიცაა, ფორმას არ დაგვაკარგვინებს“. დამკვირვებლებიც ადასტურებენ, რომ „საქართველოს პოლიტიკას მეტი კონკურენცია სჭირდება, მაგრამ ახალი აჯანყება ხელს არ აძლევს“, – წერს გამოცემა.

სტატიის ქართულ თარგმანს foregnpress.ge ავრცელებს.