თბილისი, 1 დეკემბერი, საქინფორმი. როგორც საქინფორმს „თავისუფალი დემოკრატების“ პრესსამსახურიდან აცნობეს, პარტიის ლიდერი ირაკლი ალასანია ვაშინგტონში სენატორ ჯინ შაჰინს, კონგრესმენებს – სტივ კინგსა და ალბიო საირის, შეხვდა. ვიზიტის პირველ დღეს „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერი სიტყვით გამოვიდა ჰერიტიჯის ფონდში. მან შეხვედრა სახელმწიფო დეპარტამენტშიც გამართა.
„ჩვენ ვისაუბრეთ საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე. ასევე, ვისაუბრეთ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია შემდეგი საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნები, რომ საქართველო რეალურად გახდეს ევროატლანტიკური სივრცის ნაწილი“, – განაცხადა ალასანიამ.
მისივე თქმით, შეხვედრებზე საუბარი შეეხო საქართველოს შიდა პოლიტიკასაც, განსაკუთრებით დეტალურად კი იმ რეალობას, რომელიც ქართულ პოლიტიკაში ბიძინა ივანიშვილის შემოსვლის შემდეგ შეიქმნა.„შეხვედრებზე აღინიშნა, რომ ბიძინა ივანიშვილისთვის, ჩვენი პარტიისა და ყველა ოპოზიციური ძალისთვის გარანტირებული უნდა იყოს თავისუფალი არჩევანის შესაძლებლობა და თავისუფალი მონაწილეობა საარჩევნო პროცესში“, – აღნიშნა არასაპარლამენტო ოპოზიციონერმა ლიდერმა.
ამასთან, ვიზიტის ფარგლებში ალასანია სენატორებს – ჯო ლიბერმანს, ჯონ მაკეინსა და რიჩარდ ლუგარსაც შეხვდება. დაგეგმილია შეხვედრები შეერთებული შტატების ადმინისტრაციის წარმომადგენლებსა და ქართულ დიასპორასთან ვაშინგტონსა და ნიუ იორკში.
ქართველი ოპოზიციონერი ლიდერი რამდენიმე ანალიტიკურ ცენტრში სიტყვითაც გამოვა.
ალასანიასთან ერთად აშშ-ში პარტიის პოლიტიკური მდივანი ალექსი პეტრიაშვილი და პრესსპიკერი ვაკო ავალიანი იმყოფებიან.