თბილისი, 1 დეკემბერი, საქინფორმი. კარნეგის ფონდის რუსეთისა და ევრაზიის პროგრამების უფროსი სპეციალისტი თომას დე ვაალი ჟურნალ „Foreign policy“-ში ბიზნესმენ ბიძინა ივანიშვილის შესახებ ვრცელ სტატიას აქვეყნებს, რომელშიც ივანიშვილთან შეხვედრის შესახებ წერს და აღნიშნავს, რომ ბიზნესმენის პოლიტიკაში ჩართვის გამო ქართველებში შემაშფოთებელი ენთუზიაზმია.
„ჩვეულებრივ ქართველებში, რომელთაც მე ვესაუბრე, შემაშფოთებელი ენთუზიაზმია. ტაქსის მძღოლებისა და არაპოლიტიკურ ადამიანებში, ჩემი არასამეცნიერო კვლევის შედეგად, აღმოჩნდა, რომ ათიდან ათი ადამიანი ბიზნესმენ ბიძინა ივანიშვილს უჭერს მხარს. ამ ჯგუფის წარმომადგენლები, ძირითადად, ერთ ფრაზას იმეორებენ – „ის ძალიან ბევრს აკეთებს საქართველოსთვის“, – წერს დე ვაალი.სტატიის ავტორი ივანიშვილისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევისა და „ბანკი ქართუს“ ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზეც საუბრობს და მიიჩნევს, რომ მოქალაქეობის აღდგენის საკითხში კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ ბიზნესმენს მხარდაჭერა გამოუცხადა.
სტატიაში აღნიშნულია, რომ ივანიშვილი საქართველოს მოქმედ ხელისუფლებას 2008 წლამდე მხარს უჭერდა და ეხმარებოდა, თუმცა ომის შემდეგ მან ხელისუფლების დახმარება შეწყვიტა.
დე ვაალი მიიჩნევს, რომ საქართველოს არ სჭირდება ახალი მესია, რის საფრთხესაც იგი ივანიშვილში ხედავს.
სტატიის ავტორის თქმით, ბიზნესმენი ამ კითხვას ელოდა, რაზეც უპასუხა: „მე ვუთხარი ხალხს, რომ ჩემი იდეალიზება არ მოახდინონ“.