სამართალი
თბილისი, 1 დეკემბერი, საქინფორმი. ტელეკომპანია „მაესტროს“ ერთ-ერთი დამფუძნებელი მამუკა ღლონტი ტელეკომპანიის მმართველი კომპანიის ხელმძღვანელთან, „ქართული პარტიის“ ერთ-ერთ ლიდერ ეროსი კიწმარიშვილთან მოლაპარაკებების დაწყების მზადყოფნას გამოთქვამს და მიმართავს წინადადებით, ტელეკომპანია „მაესტროს“ შენობა ორივემ დატოვონ და მოლაპარაკებათა მაგიდას ამის შემდეგ მიუსხდნენ.
„მიუხედავად იმისა, რომ კატეგორიული წინააღმდეგი ვიყავი ეროსი კიწმარიშვილთან მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომის, კოლეგებთან კონსულტაციების შემდეგ მივიღე შემდეგი გადაწყვეტილება: მზად ვარ, დავჯდე მასთან მოლაპარაკების მაგიდასთან, თუ „მაესტროში“ აღდგება სტატუს-კვო, ანუ დაბრუნდება ის სიტუაცია, რაც იყო კიწმარიშვილის შემოჭრამდე – ტელეკომპანიას დაუბრუნდება გენერალური დირექტორი ილია კიკაბიძე, რომელიც საჯარო რეესტრში ისევ „მაესტროს“ გენერალურ დირექტორადაა რეგისტირებული, თავის თანმხლებ პირებთან ერთად ტელეკომპანიის შენობას დატოვებს ეროსი კიწმარიშვილი და ამ შემთხვევაში მეც დავტოვებ „მაესტროს“ შენობას“, – განაცხადა მამუკა ღლონტმა „მაესტროს“ ეთერში საუბრისას. ტელევიზიის შენობის დატოვებისა და მოლაპარაკების დაწყების წინადადებით ღლონტს დღეს დილით ეროსი კიწმარიშვილმაც მიმართა, რომელიც, როგორც თავად განმარტავს, მზადაა, „მაესტროს“ დამფუძნებლებთან მოლაპარაკება არასამთავრობო ორგანიზაციების მედიატორობით აწარმოოს, თუმცა, მისივე თქმით, მოლაპარაკებების დაწყება მხოლოდ მას შემდეგ შეიძლება, რაც მამუკა ღლონტი ტელევიზიის უკანონოდ ბლოკირებულ ტერიტორიას დატოვებს.