თბილისი, 1 დეკემბერი, საქინფორმი. მედიაკლუბის ორგანიზებით დღეს გაიმართება ტელეკომპანია „მაესტროს“ მხარდამჭერი აქცია სახელწოდებით – „გამოდი!“. აქცია ტელეკომპანიასთან 15:00 საათზე დაიწყება.
ამის შესახებ ჟურნალისტებს „მაესტროს“ ერთ-ერთმა დაფუძნებელმა მამუკა ღლონტმა განუცხადა.
მისივე ინფორმაციით, აქციაზე მონაწილეები სასტვენებით მივლენ და სწორედ ამ ფორმით მოუწოდებენ ეროსი კიწმარიშვილს ტელევიზიის დატოვებისკენ.
რაც შეეხება წუხანდელ ღამეს, ღლონტის განმარტებით, მან მშვიდად ჩაიარა. „ეს იყო ჩვენი პირველი ღამე ეროსისთან, რომელმაც მშვიდად ჩაიარა. ის ამ დრომდე ტელევიზიის პირველ სართულზე რჩება, მე – მეორეზე. რაც შეეხებათ სამართალდამცველებს, ისინი „მაესტროსთან“ რჩებიან, 15-მდე სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული უცნობი პირი კი, რომლებიც ტელეკომპანიაში წუხელ შემოვიდნენ, დაახლოებით, 3-4 საათისთვის დაიშალა“, – აღნიშნა ღლონტმა.ტელეკომპანია „მაესტროს“ შენობაში 30 ნოემბერს ეროსი კიწმარიშვილი რამდენიმე პირთან ერთად შევიდა. თანამშრომლებს მუშაობის დაწყების საშუალება არ ჰქონდათ. გათიშული იყო ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერიც.
მოგვიანებით ტელეკომპანია ეთერში მამუკა ღლონტის განცხადებით გავიდა. „მაესტრო“ ამ დროისთვის პირდაპირ ეთერში მაუწყებლობს.
მაუწყებლობა ჟურნალისტთა და ტექნიკური პერსონალის ნაწილის საშუალებით ხორციელდება, რომლებმაც შენობაში შესვლა მოახერხეს.
„მაესტროს“ შენობაში იმყოფება „ქართული პარტიის“ ერთ-ერთი ლიდერი და „მაესტროს“ მმართველი კომპანიის მფლობელი ეროსი კიწმარიშვილი, რომელიც მამუკა ღლონტს შენობის დატოვებისკენ მოუწოდებს.
ამასთან, ეროსი კიწმარიშვილმა თანამდებობიდან გაათავისუფლა მთავარი პროდიუსერი მამუკა ღლონტი, გენერალური დირექტორი ილია კიკაბიძე, აგრეთვე, ლევან ჩიკვაიძე, რომლებიც, ამავე დროს, არხის დამფუძნებლები არიან. თავის მხრივ, არხის დამფუძნებლებმა კონტრაქტი შეუწყვიტეს არხის მმართველ კომპანიას, რომელსაც ეროსი კიწმარიშვილი წარმოადგენს.