სამართალი
თემურ შაშიაშვილი: „ისევ და ისევ – ვინ ტყუის?“

vin_tyuisთბილისი, 1 დეკემბერი, საქინფორმი. როგორც „თეთრი მოძრაობის“ პრესსამსახური საქინფორმს აცნობებს, მოძრაობის ლიდერი თემურ შაშიაშვილი ეხმიანება საქართველოს პრეზიდენტის შეფასებას ქვეყანაში ბავშვთა ჯანმრთელობის დაცვის  მხრივ შექმნილ მდგომარეობაზე და აცხადებს: „ამ დღეებში საქართველოს პრეზიდენტმა რამდენჯერმე გააჟღერა ყურისათვის ამოდ მოსასმენი  ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ საქართველოში ყველაზე მაღლა დგას ბავშვთა სამედიცინო მომსახურების და, ზოგადად, ჯანდაცვის საქმე. სულითა და გულით გავიხარებდით, რომ სულ სხვა ინფორმაცია არ გვქონდეს, რომლის თაობაზე მიმდინარე წლის 21 სექტემბერს, ღვთისმშობლობის დღეს, ვაუწყეთ ინტერნეტმომხმარებელს სტატიით „თემურ შაშიაშვილი – ვინ ტყუის? – შიშიდან თავისუფლებისაკენ“.

შაშიაშვილი კიდევ ერთხელ ადასტურებს აღნიშნულ სტატიაში გამოქვეყნებულ ყველა მოსაზრებას და განმეორებით ხაზგასმით აღნიშნავს ორი საგანგაშო ფაქტის თაობაზე:

პირველი: ხუთ წლამდე ბავშვთა გარდაცვალების რაოდენობის მიხედვით ევროპის 47 ქვეყანას შორის საქართველოს პირველი ადგილი უჭირავს. ევროპაში 1000 ბავშვზე 3-4 იღუპება, ჩვენში კი – 20-მდე.

„არ გვგონია, ქართული ოჯახისათვის უფრო დიდი ტრაგედია არსებობდეს“, – ნათქვამია შეფასებაში.

მეორე: გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ექსპერტთა (და არა ოპოზიციონერ პოლიტიკოსთა) შეფასებით, საქართველო შედის იმ 20 (!) ქვეყნის რიცხვში, რომლებშიც უახლოესი 10 წლის განმავლობაში მოსახლეობა ზრდის ნაცვლად შემცირდება. „აქაც ჩვენს უახლოეს მეზობლებთან ერთად აღმოვჩნდით ისეთ საინტერესო კომპანიაში, როგორიცაა გვიანა, ბოტსვანა, სვაზილენდი, ლესოტო და ა.შ.“, დასძენს შაშიაშვილი და ისევ და ისევ სვამს  „რიტორიკულ კითხვას: ვინ ტყუის?“