თბილისი, 30 ნოემბერი, საქინფორმი. როგორც ცნობილია, ტელეკომპანია „მაესტროს“ შენობაში დღეს დილიდან „ქართული პარტიის“ ერთ-ერთი ლიდერი და ტელეკომპანიის მმართველი კომპანიის ხელმძღვანელი ეროსი კიწმარიშვილი რამდენიმე პირთან ერთად იმყოფებოდა. თანამშრომლებს მუშაობის დაწყების საშუალება არ ჰქონდათ, გათიშული იყო „მაესტროს“ ეთერიც. ტელეკომპანიამ მუშაობა ცოტა ხნის წინ მისი დამფუძნებლის – მამუკა ღლონტის, განცხადებით განაახლა.
„მაესტრო“ საგანგებო რეჟიმში უწყვეტი ეთერით მაუწყებლობს. ამ მოვლენებს კი წინ ტელეკომპანიის ხელმძღვანელობის გუშინდელი განცხადება უძღოდა, რომელშიც ეროსი კიწმარიშვილი ტელევიზიის სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევის მცდელობაში დაადანაშაულეს.„მაესტროში“ განვითარებულ მოვლენებს დღეს შინაგან საქმეთა სამინისტრო და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია გამოეხმაურნენ. ორივე განცხადებას საქინფორმი უცვლელად გთავაზობთ:
„საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში შემოსულ იქნა შეტყობინება ტელეკომპანია „მაესტროდან“, რის შემდეგაც ადგილზე გამოცხადდა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის შესაბამისი დანაყოფი. საპატრულო პოლიციის ადგილზე ყოფნის ერთადერთ მიზანს წარმოადგენს, რომ მხარეებს შორის არ მოხდეს კონფლიქტი, ფიზიკური შეხლა-შემოხლა და სიტუაციის დაძაბვა“, – ნათქვამია შსს-ის განცხადებაში.
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ გავრცელებულ სპეციალურ განცხადებაში კი აღნიშნულია: „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია თვალყურს ადევნებს ტელეკომპანია „მაესტროში“ დილიდან მიმდინარე მოვლენებს და როგორც დამფუძნებლებს, ისე მმართველ კომპანიას მოუწოდებს, მხოლოდ სამართლებრივი გზით გადაწყვიტონ მათ შორის არსებული დავა და დაპირისპირება. ასევე, უმოკლეს ვადაში უზრუნველყონ ჟურნალისტებისთვის თავისუფალ გარემოში საკუთარი პროფესიული საქმიანობის შესრულება. ჩვენი აზრით, ნებისმიერ დაპირისპირებაზე თუ ფინანსური სახის საკითხებზე მაღლა უნდა იდგეს მედიის დამოუკიდებლობა“.